რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა შეკითხვას, სად და როგორ არის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.
დღეს, 24 მარტს, ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“.
რაც შეეხება რუსული გამოცემის, „აგენტსტვო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სერგეი შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, პესკოვმა ჟურნალისტებს ურჩია, არ უსმინონ „აგენტსტვო“-ს და თავდაცვის სამინისტროს მიმართონ.
ასევე ნახეთ რუსული მედია: 12 დღეა შოიგუ საჯაროდ აღარ გამოჩენილა23 მარტს გამოცემა "აგენტსტვო" წერდა, რომ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ 11 მარტის შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა და ერთ-ერთი წყაროს თანახმად, გულის პრობლემები აქვს.
დღეს, 24 მარტს, ერთი თვე გავიდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს სამოქალაქო ობიექტებსაც - საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, სასწავლო დაწესებულებებს და სავაჭრო ცენტრებს.
პუტინის პრესმდივანმა დღეს არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აფასებს მოსკოვი უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობას მისი დაწყებიდან ერთი თვის თავზე. პესკოვმა ჟურნალისტებს ისევ ურჩია, თავდაცვის სამინისტროს მიმართონ.
უკრაინის და დასავლეთის სპეცსამსახურების თანახმად, პრაქტიკულად წარუმატებელი საომარი მოქმედებებისას რუსეთს საკმაოდ დიდი დანაკარგი აქვს, რასაც ოფიციალურად არ აღიარებს. ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთში დაიწყებენ განტევების ვაცის ძებნას.