ევროპის ლიდერები პუტინის გეგმას, „რუბლი გაზის სანაცვლოდ“, კონტრაქტის დარღვევად მიიჩნევენ და არ აპირებენ აჰყვნენ მოსკოვის შანტაჟს

ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ლიდერს სასაცილოდ არ ჰყოფნის და არსებული კონტრაქტის დარღვევისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს რუსეთის მოთხოვნას, რომლის თანახმად, „არამეგობრული“ ქვეყნები იძულებული უნდა გახდნენ, რათა რუბლით გადაიხადონ რუსეთისგან მიღებული ბუნებრივი აირისა და ნავთობის საფასური.

უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული დამანგრეველი ეკონომიკური და ფინანსური სანქციების შედეგად შესუსტებული რუბლის განსამტკიცებლად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი ამიერიდან აღარ მიიღებს თანხას დოლარსა და ევროში. ამ უცხოურ ვალუტას კრემლის ლიდერმა იმ ქვეყნების „კომპრომეტირებული ვალუტა“ უწოდა, რომლებმაც რუსეთს სანქციები დაუწესეს.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინს არ დაუსახელებია არცერთი ქვეყანა, გასაგებია, რომ კრემლის პოლიტიკა დიდი ბრიტანეთის, კანადის, იაპონიის, შვეიცარიის, უკრაინის, აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებისკენ არის მიმართული.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.

პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც.

უკრაინაზე თავდასხმის გამო, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს და უკრაინას უწევენ სამხედრო და ფინანსურ დახმარებასაც.

ამის პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განკარგულება გასცა, „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შემავალ სახელმწიფოებს გაზის საფასურის გადახდა რუბლებით დაუწესდეს.

კრემლის ლიდერის ამ ნაბიჯს ევროკავშირის ლიდერების ნეგატიური რეაქცია მოჰყვა.

ასევე ნახეთ

ლატვია არ აპირებს რუსეთისგან გაზი რუბლით შეიძინოს

„არსებითად ეს არის კონტრაქტის დარღვევა, რაც მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს“, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ.

„არა მგონია, რომ ევროპაში ვინმემ იცოდეს, თუ როგორ გამოიყურება რუბლი და რუბლებში [გაზის საფასურს] არავინ არ გადაიხდის“, - დასძინა სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანშეიმ 24 მარტს ბრიუსელში ევროკავშირს ლიდერების სამიტის დაწყების წინ.

ვლადიმირ პუტინმა 23 მარტს მთავრობას და ცენტრალურ ბანკს მისცა ერთი კვირის ვადა, რათა გაარკვიონ ბუნებრივი აირისა და ნავთობის საფასურის გადახდის რუსულ რუბლში გადაყვანის ოპერაციის დეტალები, ხოლო ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომს“ კონტრაქტში შესაბამის ცვლილების შეტანა დაევალა.

რუსეთის მიერ ექსპორტირებულ ბუნებრივ აირზე მოდის ევროპაში მოხმარებული გაზის მთელი მოცულობის დაახლოებით 40 %, ხოლო რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტირებული ბუნებრივის აირის საფასური ყოველდღიურად 200-დან 800 მილიონამდე ევროს შეადგენდა.

„ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და კონტრაქტის აშკარა დარღვევა და ეს იქნება სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ჩვენ არ მივცემთ [რუსეთს] საშუალებას, რომ გვერდი აუაროს ჩვენ სანქციებს... წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც შანტაჟის მიზნით ენერგიის გამოყენება შეიძლებოდა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეული“ მზად არის საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო გაამკაცროს რუსეთის მიმართ სანქციები.