გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები“, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.
ნიუ-იორკში 24 მარტს მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ, 38-მა თავი შეიკავა. რუსეთთან ერთად ხმა წინააღმდეგ მისცეს ბელარუსმა, სირიამ, ჩრდილოეთ კორეამ და ერიტრეამ.
რეზოლუცია ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისა და მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის და ჟურნალისტების დაცვის უზრუნველყოფას.
ასევე ნახეთ ზელენსკი: მარიუპოლში არაადამიანურ პირობებში, სრულ ბლოკადაშია 100 000 ადამიანიგაეროს გენერალური ასამბლეა გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მოუწოდებს მხარეებს, უზრუნველყონ მოსახლეობის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება. რეზოლუცია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისა და ლტოლვილთა დაცვისკენ მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს, წევრ ქვეყნებს, გაეროს სტრუქტურებს და საერთაშორისო თანამეგობრობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მიერ წარდგენილი რეზოლუციის თანასპონსორი იყო ქვეყნების ჯგუფი, მათ შორის საქართველო.