წინასწარი ინფორმაციით, 4 ადამიანი დაიღუპა და 7 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ პოლიკლინიკაზე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრად“-ის და არტილერიის გამოყენებით განხორციელებული შეტევისას.
ამის შესახებ იუწყებიან საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარკოვის ოლქის პოლიცია.
პოლიციის ინფორმაციით, ხარკოვის ოსნოვიანსკის რაიონში მდებარე პოლიკლინიკის შენობაში განთავსებული იყო ჰუმანიტარული დახმარების გაცემის ცენტრი და მის მახლობლად არანაირი სამხედრო ობიექტი არ არის. რუსეთი გამუდმებით აცხადებს, რომ მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ბომბავენ.
რუსული არმია უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვს ინტენსიურად უტევს უკრაინაზე თავდასხმის პირველივე დღიდან, 24 თებერვლიდან. ხარკოვში დაიბომბა საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა. რუსეთის არმიამ ხარკოვში ე.წ. კასეტური ბომბიც გამოიყენა. ომის დაწყებიდან დაღუპულია ასეულობით მშვიდობიანი ხარკოველი.
ასევე ნახეთ
HRW: ჰააგის სასამართლო პასუხს მოსთხოვს ხარკოვზე თავდამსხმელებს