უკრაინის ომბუდსმენის თქმით, მარიუპოლში დაიბომბა "წითელი ჯვრის" შენობა

ლუდმილა დენისოვა

უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას თქმით, ალყაშემორტყმულ მარიუპოლში რუსეთის საავიაციო და საარტილერიო იერიშების შედეგად დაზიანდა "წითელი ჯვრის" შენობა. დენისოვამ 30 მარტს ფეისბუკში დაწერა, რომ შენობას ცეცხლი გაუხსნეს მიუხედავად იმისა, რომ მის სახურავზე „წითელი ჯვრის“ სიმბოლოა გამოსახული. საერთაშორისო მასშტაბით ითვლება, რომ ამ სიმბოლოთი აღინიშნება შენობები, სადაც დაჭრილები ან ავადმყოფები ჰყავთ. ამავე სიმბოლოთი აღნიშნავენ სამოქალაქო და ჰუმანიტარულ ტვირთს ისე, რომ ის ჰაერიდან იყოს შესამჩნევი.

„წითელი ჯვრის“ შენობასთან დაკავშირებული ინციდენტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ დამოუკიდებელ წყაროებს.

„ეს რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მიხედვით“, - დაწერა მან და აღნიშნა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

„მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, დაგმოს ოკუპანტი ქვეყნის ბარბაროსული ქმედებები, „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შენობის დაბომბვა და ზომები მიიღოს უკრაინის ტერიტორიაზე სისხლიანი ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად“, - დასძინა ომბუდსმენმა.

მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ, მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმებს.

მაგრამ დიდძალი მტკიცებულებები მოწმობს, რომ რუსეთის საჰაერო დარტყმებსა და დაბომბვებს ემსხვერპლა მრავალი საცხოვრებელი სახლი, საავადმყოფო, კულტურის ძეგლი და სავაჭრო ცენტრი.