კულება საქართველოს ახალდანიშნული საგარეო მინისტრისგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მხარდაჭერას მოელის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ტვიტერში პოსტით ეხმაურება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის დანიშვნას და წერს, რომ მასთან მუშაობის დაწყებას მოუთმენლად მოელის.

„მოუთმენლად ველით საქართველოს ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან მუშაობას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მეტად გასაძლიერებლად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს სრული მხარდაჭერის იმედი გვაქვს”, – წერს დმიტრო კულება.

სამთავრობო ცვლილებები საქართველოში 4 აპრილს განხორციელდა. ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.

აქამდე უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმართ ილია დარჩიაშვილის, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოზიცია იყო ცნობილი. ის შეეხებოდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას მას შემდეგ, რაც მოხალისეებს ხელი შეეშალათ გაფრენილიყვნენ უკრაინაში.

ასევე ნახეთ ვინ არის ილია დარჩიაშვილი, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი

პირველი მარტის ვიდეომიმართვაში დარჩიაშვილი „გაუგებარს“ უწოდებს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას. მისივე მტკიცებით, „დესტრუქციული ოპოზიცია თბილისსა და კიევში“ ცდილობს „საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას“.