რუსეთი 45 პოლონელ დიპლომატს, ასევე ორ ბულგარელს აძევებს ქვეყნიდან

მოსკოვში, პოლონეთის საელჩოს წინ გამვლელი მანქანა. 2014 წელი.

რუსეთი ქვეყნიდან 45 პოლონელ დიპლომატს აძევებს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 აპრილს.

ეს საპასუხო ნაბიჯია ვარშავის მიერ გასულ თვეში ჯაშუშობისთვის ამდენივე რუსი დიპლომატის გაძევებაზე. სამინისტრომ განაცხადა, რომ მან დაიბარა პოლონეთის ელჩი მოსკოვში, რათა "მტკიცედ გააპროტესტოს [რუსი დიპლომატების] გაუმართლებელი" გაძევება პოლონეთიდან 23 მარტს.

"ელჩს უთხრეს, რომ ჩვენ ამ ნაბიჯს მივიჩნევთ, როგორც დადასტურებას ვარშავის შეგნებული სურვილისა, მთლიანად გაანადგუროს ორმხრივი ურთიერთობები, - დასძინა სამინისტრომ, - ამაში ბრალი მთლიანად პოლონურ მხარეს ეკისრება".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთში პოლონეთის საელჩოსა და პოლონეთის საკონსულოების 45 თანამშრომელი ქალაქებში - ირკუტსკი, კალინინგრადი და სანქტ-პეტერბურგი - "როგორც პასუხი პოლონეთის არამეგობრულ ქმედებებზე". გაძევებულმა დიპლომატებმა რუსეთი 13 აპრილამდე უნდა დატოვონ.

რუსეთმა ასევე გამოაცხადა, რომ ბულგარეთის მიერ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების საპასუხოდ რუსეთს ატოვებინებს ორ ბულგარელ დიპლომატს.

ამ კვირაში, 4 აპრილის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე რუსი დიპლომატი იქნა გაძევებული უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმასთან დაკავშირებით.