პუტინთან დაახლოებული წრის ტყვეები

ავტორები: ანდრეი სოშნიკოვი, სვეტლანა რეიტერი

6 აპრილს აშშ-მა სანქციები დაუწესა კატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქალიშვილებს. სანქციები შეეხო ტიხონოვას ყოფილ ქმარს, კირილ შამალოვს, მაგრამ არ შეეხო ვორონცოვას ყოფილ და ამჟამინდელ ქმრებს - პუტინის უფროს ქალიშვილს ქორწინებები ოფიციალურად არა აქვს რეგისტრირებული. ამასთან, მარია ვორონცოვას რჩეული, ჰოლანდიელი ბიზნესმენი იორიტ იოსტ ფაასენი, როგორც რადიო თავისუფლებისა დაამერიკის ხმისტელეპროექტის, Current Time-ის წყაროები იტყობინებიან, იძულებული იყო, პრეზიდენტის ქალიშვილთან ურთიერთობის გამო ფაქტობრივად უარი ეთქვა სამშობლოზე. ხოლო მეორემ, მოსკოველმა მენეჯერმა ევგენი ნაგორნიმ (მის არსებობაზე ამ პუბლიკაციამდე არაფერი იყო ცნობილი), უარი თქვა თავის ოპოზიციურ შეხედულებებზე. მათ ისტორიას Current Time- დამედუზაჰყვებიან.

2022 წლის მარტის დამდეგს უცნობმა პირებმა ამსტერდამის გარეუბანში, დიუვენდრეხტში მდებარე მიწის ნაკვეთის ღობის წინ უკრაინის დროშა დაამაგრეს. კიდევ ერთი დროშა გაჩნდა თავად ნაკვეთზე. საფოსტო ყუთზე კი მიაკრეს ჰეშტეგი "#AveMariaPutin" („მოგესალმებით, მარია პუტინო“).

იქვე დაამაგრეს მიმართვა მარიასადმი, რომელშიც ნათქვამია, რომ მამამისი ანადგურებს მშვიდობიან უკრაინას. მისი ავტორები ქალიშვილს სთხოვენ, მიმართოს მამას და შეაჩერებინოს ეს უაზრო ტანჯვა.

დიუვენდრეხტში იმავე დღეებში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც მაცხოვრებლები განიხილავდნენ ერთადერთ საკითხს: შეიძლება თუ არა ცხოვრება ადამიანის გვერდით, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ოჯახთანაა დაკავშირებული?

თავად ამ ადამიანს, სამშენებლო სფეროს 42 წლის სპეციალისტ იორიტ იოსტ ფაასენს, რომელსაც დასავლეთის პრესაში „პუტინის სიძედ“ იცნობენ, შეიძლება არც სცოდნოდა ამ კრების შესახებ.

ის უკვე 16 წელია „ბედნიერად“ ცხოვრობს მოსკოვში, როგორც ამას მარტში უყვებოდა ნიდერლანდის გამოცემა Follow the Money-ს. „ოდესღაც მინდოდა ნიდერლანდში დაბრუნება, მაგრამ მოსკოვში ჩემი ცხოვრება სრულიად მაძლევს ხელს,“ უთხრა მან ჟურნალისტებს.

იორიტ იოსტ ფაასენი

ფაასენს, რომელიც ლეიდენიდანაა და სამხედრო მეზღვაურის ოჯახში დაიბადა, ფუფუნებაში ცხოვრება უყვარს. მანამდე მას ოთხოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები „შუვალოვსკის“ საცხოვრებელ კომპლექსში, მიჩურინის პროსპექტზე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტის შენობიდან ორ ნაბიჯზე. იქ სწავლობდა მისი ყოფილი მეუღლე მარია ვორონცოვა - ბავშვთა ენდოკრინოლოგი და ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილი.

სად არის ახლა ფაასენი, დაზუსტებით ამის თქმა შეუძლებელია. მაგრამ ის იმყოფება ხოლმე საკლუბო სახლ Barkli Gallery-ში, ორდინსკის ჩიხში. სახლის საიტი ხოტბას ასხამს „43 ბინის კოლექციას ტრეტიაკოვის გალერეიდან ერთი წუთის სავალზე“. სახლის ფანჯრები პირდაპირ კრემლს უყურებს. იქ მუშაობს ფაასენის ყოფილი სიმამრი ვლადიმირ პუტინი. „იანდექსის“ სერვისის მეშვეობით აქედან ხშირად შეუკვეთია საჭმელი სახლში მიტანით. იორიტი რუსულ ყაიდაზე, „იურიდ“ წარადგენდა ხოლმე თავს.

ლუდის მოყვარული

„მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტებმა ვერ მოახერხეს იმის დადგენა, როდის გაცინეს ერთმანეთი ფაასენმა და პუტინის ქალიშვილმა.

მაგრამ ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუა პერიოდში მარია ვორონცოვამ, რომელიც მაშინ ოც წელს გადაცილებული იყო, სოცქსელებში გამოაქვეყნა თავისი ფოტო კარნავალიდან, რომელიც ნიდერლანდის დედოფლის დღეს ეძღვნებოდა. მასში მონაწილეობდნენ ლეიდენის სტუდენტების, ლუდი G8 Beerlog-ის მოყვარულთა კლუბის წევრები. კლუბის დამაარსებელია იორიტ ფაასენი.

მაშინ, 2005 წელს, ნიდერლანდის გაზეთებში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც იორიტის გვერდით მდგომი ქალიშვილი ძალიან ჰგავს ვორონცოვას. ფოტოზე ის ფაასენს ეხმარება სერიალ „მეზობლების“ ვარსკვლავის, ავსტრალიელი მსახიობი ქალი დელტა გუდრემის ფოტოების გაკვრაში.

იორიტ ფაასენი და ქალიშვილი, რომელიც მარია ვორონცოვას ჰგავს (მარჯვნივ)

ფაასენი მაშინ 25 წლის იყო, ასეთ განცხადებებს აკრავდა ქალაქების, ვან ჰელდერისა და იულიანადორპის ქუჩებში. ამ ისტორიას მედიამაც მიაქცია ყურადღება. ფაასენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან თითქოს გუდრემი გაიცნო ამსტერდამის ერთ-ერთ ბარში, მაგრამ ქალს თავისი ტელეფონის ნომერი არ დაუტოვებია.

იპოვა თუ არა ფაასენმა მსახიობი ქალი, არ არის ცნობილი, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ის უკვე მარია ვორონცოვასთან ერთად ცხოვრობდა რესპექტაბელურ უბანში, ლეიდენის გარეუბან ვოორსხოტენში. კადასტრის ჩანაწერების მიხედვით, ფაასენმა ორი პენტჰაუზი იყიდა საცხოვრებელ კომპლექს Krimwijk-ის (შეიძლება გადათარგმნილ იქნეს „ყირიმის რაიონად“) ბოლო სართულზე. მათი საერთო ღირებულება 700 ათასი ევრო იყო.

ის, რომ ერთ-ერთ პენტჰაუზში ფაასენი და ვორონცოვა დასახლდნენ, ამის შეახებ ლეიდენის გაზეთი Leidsch Dagblad-ი წერდა. მის ჟურნალისტს ადგილობრივმა მოსახლეებმა უთხრეს, რომ წყვილს პერიოდულად ხედავდნენ ხოლმე სუპერმარკეტ Albert Heijn-ში. მათ შესახებ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ვოორსხოტენში ჩავიდნენ GQ-ს რუსული ვერსიის ჟურნალისტები, მაგრამ ვერავინ აღმოაჩინეს, ვისაც საკუთარი თვალით ჰყავდა ნანახი პუტინის ქალიშვილი.

მოგვიანებით ფაასენმა ერთ-ერთი პენტჰაუზი გასაყიდად გაიტანა ბაზარზე. ფაასენის ბინების შესახებ სტატიის ავტორმა კი GQ-სთან საუბარში ახსენა, რომ სერიოზულად შიშობს საკუთარი უსაფრთხოების გამო. „აქ ჩვენთან ყველას გაგონილი აქვს, რა მოუვიდა ბანკირ მატვეი ურინს.“

არცთუ უბრალო ადამიანი

2010 წლის 14 ნოემბერს ბანკირ მატვეი ურინის „მერსედესი“, რომელსაც თან ახლდა მეორე მანქანა პირადი დაცვის ექვსი წევრით, გზა გადაუღობა BMW-მ, რომელსაც იორიტ ფაასენი მართავდა. ბანკირი დარწმუნებული იყო, რომ BMW მისთვის გზის გადაღობვას ცდილობდა. ურინის დაცვამ ფაასენი მანქანიდან გადმოათრია და ბეისბოლის კეტებით სცემა. რამდენიმე საათის შემდეგ ბანკირი დააკავეს დაცვის ფედერალური სამსახურის მებრძოლებმა, რომელთაც ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი ხელმძღვანელობდა. მაშინ ის მოსკოვის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო.

ურინის საქმეზე სასამართლო თითქმის ხუთ წელს გაგრძელდა. საბოლოოდ მას 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ტამბოვის კოლონიიდან ის მხოლოდ 2018 წელს გამოვიდა. დაკარგა ბიზნესი და გაკოტრდა.

მისმა ადვოკატმა ალექსეი სემიონოვმა „მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტებს უარი უთხრა კომენტარზე. სემიონოვმა არ იცის, სად იმყოფება ამჟამად მისი კლიენტი.

ურინის მძღოლსა და დაცვის წევრებს - სულ შვიდ ადამიანს - ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. „მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტებთან ურთიერთობა მათ არ ისურვეს. მოიმიზეზეს, რომ „აღარაფერი ახსოვთ და არც სურთ გახსენება“. კოლონიიდან გამოსვლის შემდეგ ზოგიერთმა დაცვის კერძო კომპანიებში დაიწყო მუშაობა.

დაცვაში წავიდა ურინის ყოფილი მძღოლი ალექსეი ჩერკასოვიც. „მედუზამ“ და Current Time-მა მოახერხეს გასაუბრება მის ერთ-ერთ ადვოკატთან, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა.

მისი თქმით, ჩერკასოვი მანქანაში იჯდა, სანამ ურინის დაცვის წევრები კეტებით ურტყამდნენ ფაასენს და ამტვრევდნენ მის მანქანას. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერში არ არის დამნაშავე, მას მხოლოდ იმიტომ მიუსაჯეს, რომ ბრალდება ჯგუფური იყო,“ თქვა მან.

იურისტის თქმით, ფაასენმა არ ინდომა მათთან შეხვედრა. მისმა ადვოკატებმა კი თქვეს, რომ მან რუსეთი დატოვა და არც აპირებს დაბრუნებას.

„რაღაცნაირად მაშინვე ცხადი გახდა, რომ ის [ფაასენი] არ იყო უბრალო ადამიანი. დადიოდა ხმები, რომ მას ფსბ-ში ჰყავდა მფარველები. მართალია, თუ არა ეს, არ ვიცი. მაგალითად, როგორც ამბობდნენ, მატვეი ურინის მამა დაზვერვასთან იყო დაკავშირებული. თითქოს რუბლიოვსკაიას გზატკეცილზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ შვილმა მამის ნაცნობებს მიმართა დახმარებისთვის, მას თითქოს უთხრეს, გვაპატიე, აქ ვერაფერს გავაწყობთ, ეს სხვა შემთხვევააო,“ უთხრა „მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტებს ჩერკასოვის ადვოკატმა.

სასამართლოზე ფაასენი არ გამოცხადებულა, მაგრამ წაიკითხეს მისი ჩვენებები, რომლებიც მოჰყავს გამოცემა Slon.ru-ს. მისი ორი ჩვენება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველში თქვა, რომ შეეშინდა, რომ მოკლავდნენ. მეორეში კი, ოთხი დღის შემდეგ, თქვა, რომ მის მიმართ არ ყოფილა მუქარა და არც არაფრის შეშინებია.

სასამართლოს საქმეებში ფაასენის განათლების შესახებ ნათქვამია „სამშენებლო ბიზნესი“, მუშაობის ადგილებად ნახსენებია „გაზპრომის“ სტრუქტურები და ოჯახური მდგომარეობა - „სამოქალაქო ქორწინება“.

როგორც გამოცემა Follow the Money-მ დაადგინა, 2008 წლის ზაფხულში იორიტ ფაასენმა და მარია ვორონცოვამ საქორწილო წვეულება გამართეს ჰააგის ფეშენებელური გარეუბნის, ვასენაარის ერთ-ერთ სასახლეში. ჰოლანდიელი ჟურნალისტების თანახმად, მიღებაზე „არ ყოფილან პატარძლის მშობლები, მაგრამ იყო უმცროსი და“. წვეულებას ესწრებოდა იორიტის ნათესავი, მხატვარი კასპერ ფაასენი, რომელმაც არ ისურვა „მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტებთან ურთიერთობა.

თავად ფაასენი ნიდერლანდში რეგისტრირებული იყო როგორც „უცოლო“. მართალია, ვორონცოვა ენდოკრინოლოგიაში თავის ნამუშევრებს აწერდა „მარია ფაასენს“, მაგრამ იორიტი რუსეთის პრეზიდენტთან კავშირს უარყოფდა. როცა Follow the Money-ის ჟურნალისტებმა ჰკითხეს, აქვს თუ არა კავშირი „მარია პუტინასთან“, მან უპასუხა: „ეს აბ-სო-ლუ-ტუ-რად არ არის სწორი“. ამავე დროს მან თქვა, რომ მართლაც ჰყავს რუსი ცოლი, ჰყავს საერთო შვილები და სურს მშვიდი ცხოვრებით იცხოვროს.

დირექტორი განვითარების საკითხებში

მოსკოვში იორიტ ფაასენი 2000-იანი წლების შუაში გამოჩნდა და მაშინვე მოიპოვა შესამჩნევი თანამდებობები რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებსა და კომპანიებში, რომლებიც ვლადიმირ პუტინის „ახლო წრეს“ ეკუთვნოდა.

თავისი ელვისებური კარიერა მან დაიწყო ქალაქგარეთ უძრავი ქონების სფეროს სპეციალისტის პოსტზე, კომპანია „გაზპრომბანკ-ინვესტში“, შემდეგ ვიცე-პრეზიდენტი გახდა „სტროიტრანსგაზში“ - გაზის მონოპოლისტის კიდევ ერთ შვილობილ კომპანიაში. იქ მას მაშინვე გამოუყვეს 60-მეტრიანი კაბინეტი და პერსონალური მანქანა Lexus-ი, იუწყებოდა „ვედომოსტი“ 2011 წელს.

როგორც „მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, უახლოეს პერიოდამდე ფაასენი მუშაობდა კომპანია „რგ-დეველოპმენტში“. 2013 წელს ის დააარსეს პუტინის ახლო მეგობარმა, არკადი როტენბერგმა, და კომპანია „სტროიგაზმონტაჟის“ ხელმძღვანელმა რუსლან გორიუხინმა.

არკადი როტენბერგი - რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, მისი სპარინგ-პარტნიორი ძიუდოში.

როგორც კომპანია „რგ-დეველოპმენტის“ ერთ-ერთმა ანონიმმა თანამშრომელმა თქვა, ფაასენი სამსახურში დაახლოებით 2014 წელს აიყვანეს გენერალური დირექტორის მოადგილედ განვითარების საკითხების განხრით.

როგორ უნდა განევითარებინა ფაასენს კომპანია, ამაზე ლაპარაკი „მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტების თანამოსაუბრეს გაუჭირდა და თქვა, რომ მხოლოდ რამდენჯერმე ნახა ის კომპანიაში. ფაასენი კარგად ფლობს რუსულს. როცა კოლეგებს ჰკითხა, როგორ და რატომ მიიღეს ფაასენი სამსახურში, წყაროს უთხრეს, რომ ის თავად დამფუძნებლებთან იყო დაკავშირებული და მათი გადაწყვეტილებით მიიღეს.

ამასთან, წყაროს თანახმად, ფაასენი უნდა გამხდარიყო სახელმწიფო კორპორაცია „როსნეფტის“ შტაბ-ბინის მშენებლობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ამ ამბიციური პროექტით „რგ-დეველოპმენტის“ მთელი მაშინდელი ხელმძღვანელობა იყო დაკავებული.

კომპანიის თანამშრომლის თქმით, პროექტს საფრთხე შეექმნა 2014 წლის კრიზისის დროს და „როსნეფტმა“ მშენებლობა გაყინა. საქმე იმით დამთავრდა, რომ გამოაცხადეს საარქიტექტორო კონკურსი, ლოგისტიკამდე, მშენებლობამდე და შიდა მოწყობამდე საქმე უბრალოდ არ მისულა. „არავითარი განვითარება არ მომხდარა,“ დასძინა ანონიმმა წყარომ.

"როსნეფტის" შტაბ-ბინის სამშენებლო მოედანი. 2022 წ.

„როსნეფტის“ პრესმდივანმა მიხაილ ლეონტიევმა „მედუზასა“ და Current Time-ს არ უპასუხა, რატომ შეაჩერეს პროექტი და როგორია მისი შემდგომი პერსპექტივები.

თავად ფაასენი „რგ-დეველოპმენტში“ 2018 წლამდე მუშაობდა, თვეში 900 ათას რუბლს იღებდა, როგორც ჩანს საგადასახადო ინფორმაციიდან, რომელიც ინტერნეტში მოხვდა. ამასთან, როგორც „მედუზისა“ და Current Time-ის თანამოსაუბრე ამბობს, სამსახურის დატოვებამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ის საერთოდ არ გამოჩენილა კომპანიაში.

ადამიანი სოცქსელების გარეშე

მოსკოვში მცხოვრები ბევრი თანამემამულისგან განსხვავებით, ფაასენი რუსეთში უკიდურესად ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ორი ნიდერლანდელი ბიზნესმენის თქმით, ის არასოდეს ჩნდებოდა ნიდერლანდელთა დიასპორის შეკრებებზე და წვეულებებზე და თითქმის არავისთან ჰქონდა კავშირი.

სამაგიეროდ ფაასენი ურთიერთობდა მარია ვორონცოვას მეგობრებთან. მაგალითად, „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრთან, ბიზნესმენ კირილ შამალოვთან. შამალოვს, რომელიც პუტინის უმცროსი ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას ყოფილი ქმარია, მიმოწერა ჰქონდა ფაასენთან. ამას მოწმობს მისი ელექტრონული ფოსტის არქივი, რომელზეც 2020 წელს წვდომა მოიპოვეს „ვაჟნიე ისტორიისა“ და „მედუზის“ ჟურნალისტებმა. მიმოწერიდან ჩანს, რომ შამალოვი ფაასენს ატყობინებს, როდის ჩავა ნიდერლანდში, ასევე მიმოწერა შეიცავს მიწვევას ბიზნესმენისა და კატერინა ტიხონოვას ქორწილზე, რომელიც 2015 წელს გადაიხადეს.

კატერინა ტიხონოვა, ვლადიმირ პუტინი და მარია ვორონცოვა (მარცხნიდან მარჯვნივ)

ახლა ფაასენი, რომელიც ოდესღაც ინტერნეტში ფიგურირებდა როგორც „პიტერ ორნო“, გაურბის სოცქსელებში ნებისმიერ საჯაროობას. ფეისბუკში თავისი გვერდი დიდი ხნის წინათ წაშალა, Telegram-ში იძებნება მხოლოდ კრიპტოვალუტის ბირჟების შესახებ ჩატებში, მაგრამ არაფერს წერს. „ვკანტაკტეში“ დარეგისტრირებულია როგორც Peter De Grote („პეტრე დიდი“), მაგრამ მის გვერდზე მოთავსებულია ერთადერთი ფოტო რომელიღაც სათხილამურო კურორტიდან.

თუმცა ფაასენს შეუძლია დაიტრაბახოს. მაგალითად, 2018 წლის აგვისტოში ის მონაწილეობდა ალპებში, ცელერის ტბაზე გამართულ ტრიათლონში. ფაასენი ტურნირის 224 მონაწილეს შორის 199-ე იყო თავის ასაკობრივ ჯგუფში.

ის თავისი ვაჟის სპორტულ განვითარებაზეც ზრუნავს. მამა ფაასენი და პუტინის შვილიშვილი, უმცროსი ფაასენი, რომელიც ახლა ცხრა წლისაა, ელექტროკარტინგზე დადიან, რაზეც ინტერნეტში გამოქვეყნებული ოქმები მეტყველებს. ისინი შეჯიბრებებში თითქმის ყოველთვის არიან პირველ სამეულში.

ბიჭი გვარად ფაასენი ნახსენებია კატერინა ტიხონოვასა და კირილ შამალოვის ქორწილზე დაპატიჟებულ სტუმართა შორის, რასაც შამალოვის საფოსტო არქივი მეტყველებს. ამავე სიაში არიან იორიტ იოსტ ფაასენი და მარია ვორონცოვა.

* * *

ის, რომ ფაასენი რუსეთში მეტ დროს ატარებს, ვიდრე ნიდერლანდში, შესაძლოა დაკავშირებული იყოს საგარეო პოლიტიკასთან, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ატარებს.

„მედუზისა“ და Current Time-ის წყაროს თანახმად, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ახლო წრეს იცნობს, 2014 წლამდე ფაასენი და ვორონცოვა წელიწადში რამდენიმე თვეს ატარებდნენ ნიდერლანდში. მაგრამ, წყაროს თქმით, მას შემდეგ, რაც დონბასში ჩამოაგდეს მალაიზიის „ბოინგი“ (დაიღუპა მასში მყოფი 298-ვე ადამიანი, მათგან 193 ნიდერლანდის მოქალაქე იყო), პუტინმა თითქოს მოითხოვა, რომ მის ქალიშვილსა და შვილიშვილს რუსეთში ეცხოვრათ. და თუ მამას ხშირად სურს ვაჟის ნახვა, უფრო ხშირად ჩამოვიდეს მოსკოვშიო.

„ფაასენი არ იყო მზად ასეთი ცხოვრებისთვის, მაგრამ მას არჩევანი არ ჰქონდა,“ ამბობს ვორონცოვას ოჯახის ნაცნობი. თავად იორიტი იმ წელს, როცა „ბოინგი“ ჩამოაგდეს, „როსნეფტის“ შტაბ-ბინის პროექტზე მუშაობდა.

რვა წლის შემდეგ - მას მერე, რაც დაიწყო უკრაინაში რუსეთის შეჭრა - ფაასენმაც გადაწყვიტა, დარჩეს მოსკოვში, იტყობინება „მედუზისა“ და Current Time-ის წყარო. თუმცა მარია ვორონცოვასთან უკვე გაყრილია.

მემკვიდრე

უმცროსი დისგან, კატარინა ტიხონოვასგან განსხვავებით, რომელმაც ფეშენებელურ კურორტზე იქორწინა, მარია ვორონცოვა არ ცდილობს პირადი ცხოვრების აფიშირებას. მაგრამ თავის ამჟამინდელ რჩეულთან ერთად ზოგჯერ ესწრება ხოლმე წვეულებებს, ისეთსავე მდიდრულს, როგორიც მისი დის ქორწილი იყო.

იტალიის ქალაქ სალერნოს გარეუბანში 2019 წლის 16 ოქტომბერს მთელ ღამეს უკრავდა ჯაზური მუსიკის ჯგუფი. XVII საუკუნის ვილაში აღნიშნავდნენ მოსკოველი ექიმების, ოლესია საგაიდაკისა და მაქსიმ მიტროშკინის ქორწილს.

მას ესწრებოდა ვლადიმირ პუტინის უფროსი ქალიშვილი, მარია ვორონცოვაც, რომელიც ქორწილზე გადაღებულ ფირებზე თითქმის არ ჩნდება.

ოლესია საგაიდაკის ქორწილი სალერონოში. მეგობარი ქალები თაიგულს იჭერენ.

რამდენიმე კადრზე ჩანს, რომ იმ ღამეს ვორონცოვა ცეკვავდა ტანდაბალ წვეროსანთან, რომელსაც ყელზე ბაფთა ეკეთა. ეს იყო ევგენი ნაგორნი და ვორონცოვას ცხოვრებაში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ევგენი ნაგორნი და მარია ვორონცოვა ქორწილზე სალერნოში

ნაგორნის ბიოგრაფია დიდად არ გამოირჩევა. 2006 წელს, როცა ფაასენმა რუსეთში კარიერის კეთება დაიწყო, 18 წლის ნაგორნი მოსკოვის საფინანსო-იურიდიული უნივერსიტეტის საბაჟო ფაკულტეტზე სწავლობდა. 2010-2011 წლებში მუშაობდა „როსობორონექსპორტის“ ბროკერში, სააქციო საზოგადოება „ობორონ-ტერმინალში“. შემდეგ გახდა რუსეთში მინერალური სასუქების უდიდესი მწარმოებლის, „ევროხიმის“ მთავარი სპეციალისტი.

იმ პერიოდში ნაგორნი ოპოზიციური დღის წესრიგით იყო დაინტერესებული. მაგალითად, „ვკანტაქტეში“ თავის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ეკონომისტი მიხაილ დელიაგინი პოლიციის შესახებ კანონს აკრიტიკებდა. ვიდეოს ქვეშ აწერია. „ცუდი იყო? კიდევ უფრო უარესი იქნება! პოლიციელს ახლა თქვენი წამების უფლება აქვს“. საქმე ეხება კანონმდებლობას, რომლითაც სახელმწიფო დუმამ საგრძნობლად გაუფართოვა უფლებამოსილებები მილიციას, რომელსაც სახელი გადაარქვეს და პოლიცია უწოდეს. ნაგორნის გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ ვიდეოში ვლადიმირ პუტინი შედარებულია ხარბ და ვერაგ მილიარდერთან „სიმპსონებიდან“.

2016 წლიდან ნაგორნიმ სოცქსელები მიატოვა. ახლა ის მარია ვორონცოვასთან ერთად დაფრინავს მსოფლიო მასშტაბით. ამის შესახებ „მედუზამ“ და Current Time-მა შეიტყვეს წყაროსგან, რომელსაც წვდომა აქვს ავიაფრენების ბაზაზე. 2017 წლის აპრილში კი წყვილს ეყოლა შვილი. ის მშობლებთან ერთად მოგზაურობს და მამის გვარს ატარებს.

ევგენი ნაგორნი

მალე ვლადიმირ პუტინის ახალი სამოქალაქო სიძე გახდა გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ მენეჯერი. უახლოეს პერიოდამდე მის დირექტორთა საბჭოში შედიოდა პრეზიდენტის მეგობარი გენადი ტიმჩენკო. როგორც ინტერნეტში მოხვედრილი საგადასახადო ბაზის ინფორმაცია მეტყველებს, 2018 წლის მონაცემებით, მისი ხელფასი თვეში 760 ათას რუბლს შეადგენდა. სატენდერო დოკუმენტაციაში ჩანს, რომ ის კომპანიაში პასუხისმგებელია მოწყობილობების შესყიდვისთვის.

ამავე დროს ნაგორნი Telegram-ის ჩატში აქტიურად ეურთიერთება „ბიზნეს-სტრატეგებს“. მას აინტერესებს „ძაფებისა და საფეიქრო ნაწარმის“ საერთაშორისო ბაზრები, ასევე დეველოპმენტი, რითაც დაკავებულია მისი სამოქალაქო მეუღლის ყოფილი რჩეული, იორიტ ფაასენი.

საკლუბო სახლის, Barkli Gallery-ის პროექტი

უკვე „ნოვატეკში“ მუშაობისას, 2020 წელს ნაგორნიმ 258 კვადრატული მეტრის ფართობის ბინა იყიდა საკლუბო სახლ Barkli Gallery-ის მეოთხე სართულზე. ბინაში არის სამი საძინებელე ოთახი, ოთხი სააბაზანო, საკუჭნაო, ბიბლიოთეკა, ბუხარი, საკუთარი ტერასა, „ალპურის დონემდე ჰაერის გაწმენდისა“ და „წყაროს დონემდე წყლის გაფილტვრის“ სისტემები, ნათქვამია სარეკლამო ბუკლეტში. ნაგორნის ეკუთვნის ასევე ოთხი ადგილი ავტოფარეხში.

უძრავი ქონების სპეციალისტთა შეფასებით, Barkli Gallery-ში კვადრატული მეტრი ფართობის ფასი საშუალოდ მილიონი რუბლი ღირდა, ნაგორნის მეტრაჟის ბინის ფასი კი 281,2 მილიონი რუბლი (ნაგორნის თვიურ ხელფასზე რამდენიმე ასეულჯერ უფრო მეტი). ამჟამად მსგავსი ფართობის ბინა 850 მილიონ რუბლად იყიდება. „იანდექსიდან“ საჭმლის შეკვეთები სწორედ იური ნაგორნის ბინაში მიდიოდა „იურისთვის“ - იმავე იორიტ ფაასენისთვის. სადილს იმავე მისამართზე აგზავნინებდა დაცვის ფედერალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი: „იანდექსის“ კლიენტების სიაში, რომელმაც ინტერნეტში გაჟონა, ის მოხსენიებულია „მარიას თანაშემწედ“ ან „მაშას ადიუტანტად“. საჭმლის მიმტანი სერვისის კიდევ ერთ ასეთ სიაში ნახსენებია პრეზიდენტის ქალიშვილიც. ამჟამად ის „მარია ნაგორნაიას“ სახელს იყენებს. ამასთან, „მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტებისთვის არ არის ცნობილი, რა სიხშირით იმყოფებიან ამ ბინაში ნაგორნი, ვორონცოვა/ნაგორნაია და ფაასენი.

ფაასენმა არ უპასუხა „მედუზისა“ და Current Time-ის შეკითხვებს: მან წაიკითხა კორესპონდენტების შეტყობინებები Telegram-ში და მათი გამგზავნები დაბლოკა. პასუხი არ გაუციათ არც მარია ვორონცოვას, ევგენი ნაგორნისა და ოლესია საგაიდაკს.

* * *

ნიდერლანდში ფაასენის მიწის ნაკვეთზე უკრაინის დროშების აღმართვისა და „მარია პუტინისადმი“ მოწოდების თაობაზე ცნობა პირველად ტვიტერში გამოაქვეყნა რელიგიურმა აქტივისტმა ადრი სტრეფლანდმა, რომელიც აპოკალიფსის მოახლოებაშია დარწმუნებული.

მისი სიტყვებით, ნაკვეთზე დროშები აღმართეს აქტივისტებმა, რომლებმაც დიუვენდრეხტის მაცხოვრებლებისგან შეიტყვეს იმის შესახებ, რომ მათი მეზობელი პუტინთან არის დაკავშირებული. როგორც სტრეფლანდი ირწმუნება, ახლა ადგილობრივ მაცხოვრებლებს სურთ ფაასენის მიწაზე დადგან ძეგლი „უკრაინის პატივსაცემად“.

ფაასენის მიწის ნაკვეთი ამსტერდამის გარეუბანში

თავად ნაკვეთის მფლობელი ორი კვირის წინ მოსკოვში იმყოფებოდა, უთხრა „მედუზისა“ და Current Time-ის ჟურნალისტებს მოსკოვში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა.

„ფაასენი თუ ევროპაში დაბრუნდება, ნამდვილად ვერ იგრძნობს თავს კარგად. ის მოხვდა პუტინის ახლო წრეში, მასზე წერენ სტატიებს, მას და მის ნათესავებს ურეკავენ ჟურნალისტები, ასე რომ, ნიდერლანდში მისი დაბრუნება ჯერჯერობით შეუძლებელია,“ უთხრა მან „მედუზას“ და Current Time-ს.

იორიტი მოსკოვშია, სამშობლოში დაბრუნების ეშინია, განუცხადა „მედუზასა“ და Current Time-ს პუტინის ახლო მეგობრის ნაცნობმა. როგორც რუსული Forbes-ის სიის ერთ-ერთი წევრი ამბობს, ახლა ფაასენი „იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც შეიძლება ქუჩაში იცნონ. მის მიმართ შეიძლება შეკითხვები გაჩნდეს, თუკი ბანკში კრედიტის აღებას მოისურვებს. ის ახლო მომავალში ალბათ ვერ შეძლებს ევროპაში ბიზნესის წარმოებას“.