კრეისერ "მოსკვას" კიდევ ერთი მეზღვაურის დედა იუწყება შვილის გაუჩინარების შესახებ

შუაში მარკ ტარასოვი.

კრეისერ "მოსკვას" კიდევ ერთი მეზღვაურის, მარკ ტარასოვის დედა, ულიანა, სოციალურ ქსელ "ვკონტაქტეში" თავისი შვილის გაუჩინარების შესახებ იტყობინება მას შემდეგ, რაც რუსეთის ფლოტის ფლაგმანი გემი შავ ზღვაში ჩაიძირა. დედის ამ ცნობამ გამოცემა "სააგენტოს" ყურადღება მიიპყრო.

ტარასოვი გასული წლის ბოლოს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მეზღვაურის მეგობარმა გოგომ სააგენტოს დაუდასტურა, რომ ის ჯარს შეუერთდა. თავის Instagram-ის გვერდზე მას მეზღვაურის ფორმაში გადაღებული ფოტო აქვს გამოქვეყნებული.

ტარასოვი მეორე მეზღვაურია, რომლის გაუჩინარების შესახებ 17 აპრილს გახდა ცნობილი. მანამდე იალტის მკვიდრმა დიმიტრი შკრებეცმა გამოაცხადა მისი შვილის, 20 წლის ეგორ შკრებეცის გაუჩინარების შესახებ. გარდა ამისა, რადიო თავისუფლებამ ბორტზე დაღუპული მიჩმანის, ივან ვახრუშევის ვინაობა დაადგინა.

41 წლის ივან ვახრუშევის გარდაცვალება ჟურნალისტებს მეუღლემ დაუდასტურა. 15 აპრილს მან "ოდნოკლასნიკში" გამოაქვეყნა რუსეთის საზღვაო ძალების ფორმაში ჩაცმული მამაკაცის ფოტო, რომელსაც მიჩმანის სამხრეები ამშვენებს.

სოციალურ ქსელ "ვკონტაქტეში" ჟურნალისტებთან მიმოწერაში ვახრუშევამ თქვა, რომ მისი მეუღლე დაიღუპა კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შედეგად. მისივე თქმით, ამის შესახებ მან სარდლობიდან 14 აპრილს შეიტყო. მეუღლის ცხედარი იპოვეს, მაგრამ მისი გარდაცვალების გარემოებები არ დაფიქსირებულა.

ქალის თქმით, "მოსკვას" ეკიპაჟის კიდევ 27 წევრი დაკარგულად ითვლება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ეკიპაჟის რამდენიმე ასეული ადამიანი ევაკუირებული იყო სხვა გემებზე.

ანექსირებულ სევასტოპოლში რუსეთის საზღვაო ძალების მთავარსარდალი, ადმირალი ნიკოლაი ევმენოვი სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ეკიპაჟს შეხვდა. შეხვედრის ვიდეო გამოქვეყნდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს "ტელეგრამის" არხში.

ვიდეოზე ეკიპაჟის რაოდენობის შესახებ მონაცემები ასევე არ არის გამჟღავნებული. უკრაინული წყაროების მტკიცებით, კრეისერზე 510 მეზღვაური მსახურობდა და ვიდეოზე მხოლოდ ასამდე მეზღვაური მოჩანს.

13 აპრილს, ღამით, ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შავი ზღვის უკრაინელმა დამცველებმა რუსული გემი "მოსკვა" სერიოზულად დააზიანეს რაკეტა „ნეპტუნ"-ით. იმავე ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო კრეისერზე ხანძრის შედეგად მოხდა საბრძოლო მასალების დეტონაცია, გემი სერიოზულად დაზიანდა, ეკიპაჟი კი, სრულად ევაკუირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი მითითებული არ იყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 აპრილს ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა. მაგრამ რუსეთის სამხედრო უწყების ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძრითა და საბრძოლო მასალის დეტონაციით დაზიანებული ხომალდის კორპუსმა ვერ გაუძლო ბუქსირით დანიშნულების ადგილისკენ გადაყვანას.

მანამდე უკრაინის მხარემ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის ფლოტის ფლაგმან „მოსკვას“ უკრაინის „ნეპტუნის“ ტიპის ორი რაკეტა მოხვდა.

კრეისერ „მოსკვა“-ს ეკიპაჟში, სხვადასხვა მონაცემით, 510-დან 758-მდე სამხედრო ირიცხებოდა. გემი, რომელსაც თავდაპირველად „სლავა“ ერქვა და ექსპლუატაციაში 1983 წლიდან გაუშვეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანად ითვლებოდა. 186 მეტრის სიგრძის კრეისერის ძირითადი შეიარაღება იყო რაკეტა „ვულკანის“ 16 გამშვები დანადგარი.