ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ფეიკი უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ავსტრია დათანხმდა რუსული გაზის საფასურის რუბლით გადახდას.
კანცლერი ნეჰამერი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ავსტრიის ნავთობის და გაზის კომპანია OMV გაზის საფასურს ისევ ევროთი გადაიხდის, რადგან ავსტრია იცავს ევროკავშირში ერთობლივად შეთანხმებულ სანქციებს.
Bevor hier Fake News der russischen Propaganda weiter verbreitet werden. Die OMV bezahlt Gaslieferungen aus Russland selbstverständlich weiterhin in Euro. Österreich hält sich auf Punkt und Beistrich an die gemeinsam beschlossenen EU-Sanktionen.
— Karl Nehammer (@karlnehammer) April 27, 2022
კრემლის მიერ კონტროლირებულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, „რია-ნოვსტი“-მ და „ტასს“-მა დღეს, 27 აპრილს გაავრცელეს ცნობები, რომ ავსტრიის კანცლერი და კომპანია OMV დათანხმდნენ რუსული გაზის რუბლით შეძენას და პრეზიდენტმა პუტინმა კანცლერი დაარწმუნა, რომ ავსტრიისთვის გაზის მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება.
რუსულმა კომპანია „გაზპრომ“-მა ბუნებრივი გაზის მიწოდება დღეიდან შეუწყვიტა ევროკავშირის წევრ ბულგარეთს და პოლონეთს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს გაზის საფასური რუბლით გადაეხადათ. პოლონეთმა და ბულგარეთმა რუსეთის ეს გადაწყვეტილება წლევანდელი კონტრაქტის დარღვევად შეაფასეს.
ასევე ნახეთ რუსეთმა გაზის მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთს და პოლონეთსუკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მოითხოვა, რომ „არამეგობრულმა ქვეყნებმა“, ანუ მათ, ვინც მხარს უკრაინას უჭერს, რუსული გაზის საფასური არა დოლარით, ან ევროთი, არამედ რუბლით გადაიხადონ.
ევროკავშირში, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთს ფინანსური და ეკონომიკური სანქციები დაუწესა, განიხილება რუსული გაზისა და ნავთობისთვის ემბარგოს დაწესების საკითხიც, რასაც გაერთიანების წევრი არაერთი სახელმწიფო ეწინააღმდეგება.