მარიუპოლში რუსული ჯარების მიერ ალყაშემორტყმული მეტალურგიული ქარხნის, "აზოვსტალის" ტერიტორიიდან შაბათს საღამოს, 30 აპრილს, 20 ქალისა და ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს.
ამის შესახებ ვიდეომიმართვით იტყობინება "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი. მისი სიტყვებით, 11 საათიდან "აზოვსტალის" რაიონში "სიჩუმის რეჟიმი" მოქმედებს. ამან შესაძლებელი გახადა ხალხის ნაწილის გაყვანა კომბინატის ტერიტორიიდან.
პალამარმა იმედი გამოთქვა, რომ ევაკუირებულები შეთანხმებული მიმართულებით წავიდნენ - უკრაინის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეში.
30 აპრილს, უფრო ადრე, რუსული საინფორმაციო სააგენტოები, "რია ნოვოსტი" და "ტასს"-ი იტყობინებოდნენ, რომ "აზოვსტალიდან" 25 მშვიდობიანი ადამიანი გავიდა, მათ შორის ექვსი ბავშვი. ტელეგრამის არხებმა განაცხადეს, რომ მარიუპოლთან დაიწყო მოლაპარაკებები ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, გაეროს და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლების მონაწილეობით.
კიევი ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.
ამ კვირაში, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მოლაპარაკებების შემდეგ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ პუტინი დასთანხმდა გაეროსა და "წითელი ჯვრის" მონაწილეობას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის ორგანიზებაში.
"აზოვსტალის" გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, იტალიური მედია იუწყებოდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ, რომის პაპმა, ფრანცისკემ, დიპლომატიური არხებით სამჯერ მიმართა მოსკოვს ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის თხოვნით მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად მარიუპოლიდან და ამ მიზნით ვატიკანის გემით საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებაც კი შესთავაზა. როგორც ჟურნალისტები წერენ, რუსეთმა, სავარაუდოდ, პაპი ფრანცისკეს წარმომადგენლებს სამივეჯერ უთხრა, რომ ის არ იძლეოდა ქარხნიდან ხალხის უსაფრთხოდ გაყვანის გარანტიას.
მარიუპოლს რუსული არმია აკონტროლებს. უკრაინული ბატალიონის, "აზოვის", კონტროლის ქვეშ რჩება მხოლოდ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორია. სამხედროების გარდა, იქ იმყოფება რამდენიმე ასეული დაჭრილი და ასევე - მშვიდობიანი მოსახლეობა ბავშვებით. რამდენი ადამიანი აფარებს თავს ქარხნის ტერიტორიას, უცნობია.
უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ქარხანაში მყოფ ყველა ადამიანს მიეცეს ევაკუაციის უფლება კიევის კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე. რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სამხედროები უნდა დანებდნენ, მშვიდობიან მოსახლეობას კი რუსული ჯარების ან სეპარატისტების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე წასვლას სთავაზობდა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, პუტინთან საუბრისას, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა, მოახსენა მას მარიუპოლის გათავისუფლების შესახებ და აცნობა, რომ "აზოვსტალის" ასაღებად რამდენიმე დღეა საჭირო. პრეზიდენტმა, საპასუხოდ, ქარხნის სამრეწველო ზონაზე თავდასხმას არამიზანშეწონილი უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა. მარიუპოლის ხელისუფლების თანახმად, რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეტევის შედეგად, ქალაქის 20 000-ზე მეტი მცხოვრები დაიღუპა.
რუსეთის შეიარაღებული შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს დაიწყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით. კიევი მოსკოვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ განადგურებაში ადანაშაულებს. რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე ახორციელებს იერიშს. გაეროს უახლესი მონაცემებით, ომის დაწყებიდან დაიღუპა სამი ათასამდე უკრაინელი, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი. სამი ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა. ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა და დაშავების ძირითადი მიზეზია: საარტილერიო დაბომბვები, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები, ცეცხლის დაშენა ზალპური სარაკეტო გამშვები სისტემებით.