უნგრეთის მთავრობაში "ფეიკი" უწოდეს უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. ბუდაპეშტი, 2022 წლის აპრილი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ზოლტან კოვაჩმა "ფეიკი" უწოდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებას, რომ რუსეთმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ.

კოვაჩმა ტვიტერზე დაწერა, რომ 3 აპრილს, უნგრელებმა გადაწყვიტეს, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის და მიუხედავად იმისა, რომ ესმით, რომ უკრაინა ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება, "ფეიკების" გავრცელება და ტყუილის შეთხზვა, ამ პოზიციას არ შეცვლის.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა 2 მაისს განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ, უნგრეთს კი, უკრაინის ტერიტორიის ნაწილთან მიმართებით, თავისი გეგმა ჰქონდა.

ასევე ნახეთ

დანილოვი: პუტინმა უნგრეთი წინასწარ გააფრთხილა უკრაინაზე თავდასხმის შესახებ

რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ უნგრეთის მთავრობა არაერთხელ დაადანაშაულა კრემლთან თანამშრომლობაში. უნგრეთი შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს, თუმცა, არ ემხრობა რუსული გაზის და ნავთობის იმპორტის აკრძალვას.

ასევე ნახეთ

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი გამოიძახეს "შეურაცხმყოფელი" განცხადებების გამო