ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინაღმდეგ მორიგი სანქციების საკითხზე უახლოეს დღეებშიც იმსჯელებენ

ევროკავშირის ქვეყნები 8 მაისს ელჩების შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ. უნგრეთი განაგრძობს რუსული ნავთობის იმპორტისა და ტრანსპორტირების შეზღუდვების დაბლოკვას, იტყობინება Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

სანქციების მეექვსე პაკეტი, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს რუსული ნავთობის შეძენისა და ტრანსპორტირების აკრძალვას. 2024 წლამდე იმპორტის გამონაკლისი შეთავაზებულია უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთისთვის, რომელთა ეკონომიკა ძლიერ არის დამოკიდებული რუსულ საწვავზე.

უნგრეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს შერბილება მათთვის საკმარისი არ არის და მოითხოვენ, აუნაზღაურონ ბუდაპეშტს სხვა ქვეყნების მარაგებზე რეორიენტაციის ხარჯები.

გარდა ამისა, კვიპროსი და საბერძნეთი, რომლებიც აკონტროლებენ ტანკერების მნიშვნელოვან ფლოტებს, ითხოვენ ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვის გადადებას, სანამ მსგავსი შეზღუდვა „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ არ დაწესდება. „დიდ შვიდეულის“ ქვეყნების ჯგუფის სამიტი ონლაინფორმატში 8 მაისის საღამოს გაიმართა.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი, რიჩარდ იოზვიაკი, იტყობინება, რომ ევროკავშირის ელჩები ერთმანეთს კვლავ უნდა შეხვდნენ 9 მაისს და შესაძლოა, 10 მაისს.

სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებას, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და სადაზღვევო მომსახურების და ასევე სამი სახელმწიფო ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვას გეგმავს. ახალი სანქციების პროექტით იგეგმება „სბერბანკისა“ და კიდევ ორი მსხვილი ბანკის გათიშვა SWIFT-ის ბანკთაშორის საკომუნიკაციო სისტემიდან. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროკავშირის მაცხოვრებლები არ არიან, ევროკავშირისგან უძრავი ქონების ყიდვა აიკრძალება.

უნგრეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ დაბლოკავს წინადადებებს რუსული საწვავის მიწოდების შეზღუდვების შესახებ. სანქციების პაკეტი ერთსულოვანი კენჭისყრით უნდა იქნეს მიღებული.