ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება ფინეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას და აღნიშნავს, რომ ნატო სრულად დაუჭერს მხარს ფინეთის ამ სუვერენულ გადაწყვეტილებას.
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე და პრემიერ-მინისტრი სანა მარინი 12 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ფინეთმა ნატოს გაწევრიანებისთვის დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს.
„თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის შემოტანას, ამას თბილად შეხვდებიან ნატოში, რომელშიც გაწევრიანების პროცესი იქნება სწრაფი და მწყობრი. ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, მოწიფული დემოკრატიის მქონე ევროკავშირის წევრი და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა. მე ვეთანხმები პრეზიდენტ ნიინისტესა და პრემიერ-მინისტრ მარინის იმაში, რომ ფინეთის გაწევრიანება ნატოში გააძლიერებს როგორც ნატოს, ისე ფინეთის უსაფრთხოებას. ფინეთის გაწევრიანება მოახდენდა იმის დემონსტრირებას, რომ ნატოს კარები ღიაა და ფინეთი თავად წყვეტს საკუთარ მომავალს“, - განაცხადა 12 მაისს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ფინეთმა ნატოში შესვლის გადაწყვეტილება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მიიღო. ალიანსში შესვლას გეგმავს შვედეთიც. თავის მხრივ, ნატო აპირებს ამ ქვეყნებს დაჩქარებული წესით მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ ალიანსის 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტები.
ასევე ნახეთ
კრემლი რუსეთისთვის საფრთხედ აფასებს ნატოში ფინეთის შესვლასფინეთს, რომლის საერთო საზღვარი რუსეთთან ათას კილომეტრზე მეტია, ამჟამად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი აქვს. ფინეთი და შვედეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან.
რუსეთი საფრთხედ აღიქვამს ნატოში ფინეთის შესვლას. „ნატოს გაფართოება და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება მსოფლიოს და ევრაზიის კონტინენტს არ გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს“, - უთხრა დღეს, 12 მაისს, მოსკოვში ჟურნალისტებს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა რუსეთისთვის საფრთხეს ნატოში ფინეთის მიღება, პესკოვმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.