Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი რუსეთისთვის საფრთხედ აფასებს ნატოში ფინეთის შესვლას


უკრაინის მხარდამჭერი აქცია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. 2022 წლის 26 თებერვალი
უკრაინის მხარდამჭერი აქცია ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში. 2022 წლის 26 თებერვალი

რუსეთი საფრთხედ აღიქვამს ნატოში ფინეთის შესვლას. „ნატოს გაფართოება და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება მსოფლიოს და ევრაზიის კონტინენტს არ გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს“, - უთხრა დღეს, 12 მაისს მოსკოვში ჟურნალისტებს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა რუსეთისთვის საფრთხეს ნატოში ფინეთის მიღება, პესკოვმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.

პუტინის პრესმდივანმა ისიც თქვა, რომ რუსეთისა და ნატოს პირდაპირი შეტაკების თავიდან აცილება სურს ყველას - რუსეთსაც, ნატოსაც და „რაც ყველაზე მთავარია, ვაშინგტონშიც“, სადაც ასეთი განცხადებები იყო უმაღლეს დონეზეც, პრეზიდენტ ბაიდენის მხრიდან.

დღეს, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება იმის შესახებ, რომ ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა წარადგინოს ნატოს წევრობის განაცხადი. ფინეთს, რომლის საერთო საზღვარი რუსეთთან ათას კილომეტრზე მეტია, ამჟამად ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი აქვს.

ფინეთმა ნატოში შესვლა გადაწყვიტა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. ნატოში ოფიციალური განაცხადის წარსადგენად აუცილებელია ფინეთის პარლამენტის თანხმობა. წინასწარი ინფორმაციით, ეს პროცედურა უახლოეს ხანში დასრულდება.

ნატოში შესვლას გეგმავს შვედეთიც. თავის მხრივ, ნატო აპირებს ამ ქვეყნებს დაჩქარებული წესით მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ ალიანსის 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG