ყოფილ სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძეს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ  პატიმრობა მიუსაჯა

მამუკა ჩხიკვაძე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს ოკუპირებულ ცხინვალში 5 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. როგორც სუსის განცხადებაშია ნათქვამი, დე ფაქტო სასამართლოს ამ უკანონო განაჩენს წინ უძღოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მამუკა ჩხიკვაძის უკანონოდ დაკავება და მის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდებების წაყენება.

„მამუკა ჩხიკვაძისთვის უკანონო პატიმრობის მისჯამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის არაჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელ ძალას.

მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან რეგულარულად აქტიურდება „ცხელი ხაზი“ და მისი უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე.

მამუკა ჩხიკვაძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმსა და ბერკეტს.

საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების, მათ შორის უკანონო დაკავებების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციისას დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს და მწვავედ განიხილება ყველა საერთაშორისო ფორმატზე",
- ვკითხულობთ განცხადებაში.

მოგვიანებით, სუსმა დააზუსტა, რომ „ცხელი ხაზით" მიღებული ინფორმაციით, ჩხიკვაძე „გასამართლდა" ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობის მუხლებით. თუმცა „ცხელი ხაზით" სუსს ასევე აცნობეს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ხვალ, 13 მაისს, შეატყობინებენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ გასული წლის 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს.

14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

ამჟამად ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე. მათ შორის, მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა 2022 წლის მარტში დაკავებული ლევან მაჩაბელიც.

დღეს, 12 აპრილს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მდებარე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების 106-ე შეხვედრა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართულმა მხარემ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ისევ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.