ანტისაომარი ხელოვნება: გრაფიტის მხატვრები უკრაინის მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში - ფოტო

Hijack-ის სახელით ცნობილი ქუჩის მხატვრის „ომის ბავშვი“ ლოს-ანჯელესში. „უფროსების მიერ დაწყებული ომის გამო ბავშვები იტანჯებიან. ევროპის უკანასკნელმა ომმა გამოიწვია დევნილთა კრიზისი, რომლის დროს პუტინის ბომბებმა 10 მილიონამდე უკრაინელს აიძულა ქვეყნიდან გაქცევა“, - ამბობს Hijack-ი.

საღებავის არსენალით აღჭურვილი გრაფიტის მხატვრები მაპროვოცირებელი ომის საწინააღმდეგო ქუჩის ნახატებითა და ფრესკებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აპროტესტებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში. ზოგიერთი მხატვარი კი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელების დახმარებას ცდილობს ინოვაციური მეთოდით, QR-კოდებით, რომელიც მსურველებს გრაფიტის სკანირებით შემოწირულებების გაკეთების შესაძლებლობას აძლევს. იმ დროს, როდესაც ზოგიერთები გრაფიტის ვიზუალურ დეკადანსად აღიქვამენ, ბევრი მისი შემოქმედი მიიჩნევს, რომ ეს არის ხელოვნების დემოკრატიული ფორმა, რომელიც ხმას აძლევს უხმოთ და შეუძლია გაზარდოს სოციალური, პოლიტიკური და ეკოლოგიური პრობლემების თაობაზე საზოგადოების გათვითცნობიერება, თუ ყველაფერი კარგად იქნება შესრულებული.

უკრაინისა და რუსეთის დროშების ფერებში შემოსილი ეს ორი ქალი, რომლებიც რუსულ სიტყვა мир-ს (მშვიდობა) შეუკრავს, ერთმანეთს თვალცრემლიანი ეხვევიან, რომში, იტალიაში, მხატვარმა „ლაიკამ“ დახატა, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს.

Valence Projects-ის წარმომადგენელი მხატვრები ჯულიანო ტრინდადე და კორი მეტი ერთობლივი კედლის ნახატის - „სიყვარულით უკრაინას“ - წინ დგანან ლოს-ანჯელესში, 8 მარტს. „მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ხელოვნებას შეუძლია რაღაცის შეცვლა“, - უთხრა მეტიმ რადიო თავისუფლებას. ამ კონკრეტულ კედლის ნახატზე არის QR-კოდი, დაკავშირებული უკრაინის ეროვნულ ბანკთან, რომელმაც უკრაინის ჯარის ფინანსური დახმარების ფონდი შექმნა. „კარგი ხელოვნება თქვენ გაიძულებთ, იფიქროთ, დიდი ხელოვნება კი მოქმედებას გაიძულებთ“, - ამბობს მეტი.

ესპანეთი, ბარსელონა, 4 მაისი, სკოლის მოწაფეები მხატვარ TVBOY-ის კედლის ნახატის გვერდით მისეირნობენ. სურათზე გამოხატული მშვიდობის სიმბოლო თავდაპირველად 1958 წელს, ბრიტანეთის ბირთვული განიარაღების მოძრაობისთვის შეიქმნა.

რუსეთის ქალაქ ბოროვსკში 14 აპრილს შესრულებულ ამ ნახატზე, გამოსახული არიან უკრაინელი და რუსი ქალები, რომლებსაც მაღლა აპყრობილ ხელებში უჭრავთ სიტყვა „ნოსტალგია“. კედლის ნახატის ავტორია 84 წლის ვლადიმირ ოვჩინიკოვი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა ნახატებს მოსკოვის სამხრეთით დაშორებული ამ ქალაქის შენობების კედლებზე.

ბულგარეთის დედაქალაქი სოფია, სტანისლავ ბელოვსკის მიერ კედელზე დახატული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც ხელთ საკუთარი გვამი უჭირავს.

LBS-ის ჯგუფის მიერ უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაში შექმნილი ეს კედლის ნახატი, თითქოს ბავშვურ სიუჟეტს რომ გვაგონებს, იმავე დროს ომის სერიოზულობასაც გამოსახავს.

ადამიანები გვერდზე უვლიან უცნობი მხატვრის მიერ შესრულებულ კედლის ნახატს, რომელზეც პუტინი თავს აგლეჯს მტრედს. 22 მარტი, საფრანგეთი, ლიონი, მშვიდობის მოედანი.

ქუჩის მხატვარ Bandit-ის მიერ სან-ფრანცისკოში 21 მარტს შესრულებული კედლის ნახატი „გამომაწყვე ომისთვის“. მხატვარმა, რომელიც ჩვეულებისამებრ ძირეული ამერიკელების პრობლემებზეა ფოკუსირებული, დაწვრილებით განმარტა, რომ მისი ნაწარმოები არის გვერდითი ეფექტი მხატვარ ემანუელ ლოიტცეს ნახატისა, რომელზეც ჯორჯ ვაშინგტონი კონტინენტურ არმიასთან ერთად მდინარე დელავერის გადალახვის დროს 1776 წელს არის გამოსახული.

ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში მცხოვრები ყაზახი მხატვრის, დმიტრი პროსკინის, მეტსახელად „ქიმიკოსის“ მიერ შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც უკრაინული დროშის ქვეშ რუსეთის თავდასხმას ემალება. „უკრაინელები მადლობის წერილებს მიგზავნიან, ასე რომ, ჩემი მთავარი მიზანი, რომ უკრაინელებისთვის ჩვენი მხარდაჭერა გვეჩვენებინა - მიღწეულია“, - უთხრა მხატვარმა რადიო თავისუფლებას.

კედელზე შესრულებული ნახატი „პუტინი ლორდ ვოლდემორის როლში“, პოლონეთის ქალაქ პოზნანში ქუჩის მხატვარმა კავუარტომ თებერვალში დახატა. ლორდი ვოლდემორი - ეს არის ბოროტმოქმედი მწერალ ჯოან როულინგის წიგნიდან „ჰარი პოტერი“.

მხატვარ გარი გრების SOS-ი ახლახან შეიქმნა რომში. „ყველამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ მისი ხმა გაიგონონ და იარაღი არასოდეს იყოს გამოყენებული პრობლემების გადასაწყვეტად“, - უთხრა მხატვარმა რადიო თავისუფლებას და დასძინა: „არ ვიცი, შეუძლია თუ არა მხოლოდ ჩემს ხელოვნებას, რაიმე შეცვალოს, მაგრამ ერთად ალბათ შევძლებთ“.

რუმინელი ქალი გვერდზე უვლის ბუქარესტში რუსეთის საელჩოს კედელზე 29 აპრილს ჩამოკიდებულ ვლადიმირ პუტინის ნახატს. სპეციალურ მხატვრულ აქციაზე, სახელწოდებით „ქუჩის ხელოვნების გამოფენა“, წარმოდგენილი იყო უკრაინელი და რუმინელი მხატვრების ნამუშევრები.

ქუჩის მხატვარი ტოდ გუდმანი, ცნობილი როგორც 1 Good Hombre, მის მიერ 21 მარტს, სანტა-მონიკაში შესრულებული ტრაფარეტის წინ. მასზე გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ორი ავტომატით ხელში, რომელთაგან ერთს აქვს წარწერა „პუტინი“. გუდმანმა დაარღვია ანონიმურობა მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მისი დაჯარიმების რისკი არალიცენზირებული ნამუშევრისთვის, რაც ომისგან დევნილი უკრაინელების დასახმარებლად ჩაიფიქრა. როგორც გუდმანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი ნამუშევრები ეს არის მშვიდობიანი არაძალადობრივი ბრძოლა პუტინის მიერ უკრაინაში განხორციელებული უკონტროლო აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგ.