თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, 45 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილია კიდევ სამი პირი, ორი კაცი და ერთი ქალი. დაჭრილთა შორის არის გარდაცვლილის ძმა.
დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის, ვასილ გოთაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანის დროს დაჭრილების მდგომარეობა მძიმე იყო და მათ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.
„შოკური მდგომარეობა მოხსნილია. დადებითი დინამიკა შეინიშნება“, - ამბობს ექიმი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება. როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.