ბაიდენი: უკრაინის კრიზისი არა ევროპული, არამედ გლობალური პრობლემაა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტოკიოში, იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. 2022 წლის 23 მაისი

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინის კრიზისი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, ევროპული პრობლემა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დღეს, 24 მაისს ტოკიოში, ე.წ. ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე ბაიდენმა თქვა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, გლობალური პრობლემაა. ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების „ოთხეული“ აშშ-ს, იაპონიას, ავსტრალიას და ინდოეთს აერთიანებს.

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა აძლიერებს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპების - ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიზნების მნიშვნელობას.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, აშშ ინდოეთს აქტიურად მოუწოდებდა, უარი ეთქვა რუსეთთან პარტნიორობაზე და აქცენტი გადაეტანა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე.

ასევე ნახეთ ინდოეთმა KA-31 შვეულმფრენების შეძენისთვის რუსეთთან გარიგება შეაჩერა

23 მაისს, ტოკიოში იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ძვირად უნდა დაუჯდეს „ბარბაროსობა უკრაინაში“ და ეს იქნება გაფრთხილება ჩინეთისთვისაც, თუ ის ტაივანის წინააღმდეგ აგრესიას გადაწყვეტს.