პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, რომელსაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება ედება ბრალად.
უწყება განმარტავს, რომ გამოძიება ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე დაიწყეს.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად, თაღლითურად დაეუფლა 1 288 000 ლარს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათი სახელფასო ანგარიშის ნაცვლად, საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირიცხებოდა.
პროკურატურა ასევე ამატებს, რომ ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა თავისი სანაცნობო წრიდან მოძიებულ მონაცემებსა და ანგარიშის ნომრებს. შედეგად, ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც "ტექნიკური უნივერსიტეტის" თანამშრომლები არ იყვნენ, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა.
დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.