ფოტო: დაბრუნება - საკუთარი სახლის ნაცვლად ნანგრევებში

ნილა ზელინსკა ტირის თავისი სახლის ნანგრევებთან, სადაც შვილიშვილის თოჯინა იპოვა.

გაეროს მიერ 29 მაისს გავრცელებული მონაცემებით, უკრაინიდან ლტოლვილთა რიცხვმა 6.8 მილიონს გადააჭარბა. კიდევ 8 მილიონი ადამიანი, ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად, დევნილად იქცა.

8 მილიონი ადამიანი ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ არ წასულა. მალე დაბრუნების იმედით, ისინი უკრაინის სხვა რეგიონებში გადავიდნენ. ამ ოჯახისთვის შინ დაბრუნება სასიხარულო არ აღმოჩნდა - საკუთარი სახლი მიწასთან გასწორებული დახვდა.

ნატალია დიდენკო, ედუარდ ზელენსკი და მისი მეუღლე ნილა ზელინსკა შინ ბრუნდებიან და გზად გადიან დაბომბილ და განადგურებულ სახლებს კიევის მახლობლად, სოფელ პოტაშნიაში, 2022 წლის 31 მაისი.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი ევროპის უახლეს ისტორიაში. იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა მილიონობით ადამიანი, რომელთა უმრავლესობას არ სურდა უკრაინის დატოვება.

ასე გამოიყურება ედუარდ ზელენსკისა და ნილა ზელინსკას დანგრეული სახლი დრონით გადაღებულ ფოტოებზე.

გაერო უკრაინაში არსებულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებს. „იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან, დაკარგეს ყველაფერი, რაც ჰქონდათ: სახლები და ქონება, საარსებო წყარო, კონტაქტები და, ხშირ შემთხვევაში, ახლობლები. ბევრს ემუქრება საკვების, წყლის, პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტი და არ აქვთ წვდომა ჯანდაცვასა და მედიკამენტებზე...”

ეს რექსია, რომლის წაყვანაც ვერ შეძლეს. დაბრუნებულ პატრონებს ის ეზოში დახვდათ. ედუარდ ზელენსკი ძაღლს ეფერება და უყურებს, რა დარჩა მისი სახლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

შინ დაბრუნების შემდეგ ნილა ზელინსკა (ცენტრში) მეზობლებს ხვდება.

ნილა ზელინსკა და ნატალია დიდენკო მეზობელს ეხუტებიან.

ედუარდ ზელენსკი თავისი სახლის ნანგრევებთან.

ნილა ზელინსკა (მარცხნივ) ტირის, როცა უახლოვდება თავისი სახლის ნანგრევებს, რომელიც განადგურდა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად უკრაინაში.

ნილა ზელინსკა მეზობლის სახლში. ფანჯრები დაფარულია, რასაც ყველას სთხოვენ, რათა დაიცვან თავი რუსული თვითმფრინავების თავდასხმებისგან. ნილას თავისი სახლი აღარ აქვს.

ედუარდ ზელენსკი არჩევს ნგრევასა და ხანძარს გადარჩენილ ნივთებს, რომლებიც შეიძლება კიდევ გამოდგეს. ჯერჯერობით არ იცის, მოახერხებს თუ არა სახლის აღდგენას.