“IDS ბორჯომი საქართველო“: კომპანიას ახალი კადრები არ აუყვანია

"ბორჯომის" ქარხნის გაფიცული თანამშრომლების პროტესტი

კომპანია “IDS ბორჯომი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაფიცული დასაქმებულების განცხადებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ქარხანაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოყვანილ და რუსეთის მოქალაქეებს ამუშავებენ. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ბორჯომის ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნები მუშაობენ მინიმალური დატვირთვით, მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის.

ასევე ნახეთ “ბორჯომის” ქარხნების გაფიცული თანამშრომლები აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ

„მოგეხსენებათ, საექსპორტო ბაზრების უმეტეს ნაწილთან დაკავშირებით (80%) ვითარება გაურკვეველია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კომპანიას ჯერჯერობით არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია.

რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, მოგეხსენებათ კომპანიის ანგარიშები არის გაყინული, რის გამოც შეზღუდული გვაქვს ფინანსური რესურსი, ამიტომ პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული“, - აცხადებენ კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

2 ივნისს გახდა ცნობილი, რომ თანამშრომელთა ნაწილს 29 აპრილამდე გამომუშავებული ხელფასის ნახევარი ჩაერიცხა. კერძოდ, თანხა მიიღო, როგორც საწარმოდან გათავისუფლებული 50 თანამშრომლის ნაწილმა, ასევე იმ თანამშრომელთა ნაწილმა, რომელიც გაფიცვას უერთდება. მათთვის უცნობი იყო, რა პრინციპით იხელმძღვანელა კომპანიამ.

ქარხნების მიმდებარედ კი გაფიცული თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მათ დღეს, 6 ივნისის დილიდან ქარხნების ყველა შესასვლელის პიკეტირება დაიწყეს, რათა სადისტრიბუციო ავტომობილები არ შეუშვან საწარმოების ტერიტორიაზე.

ადგილზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფკავშირის წარმომადგენელმა გიორგი დიასამიძემ უთხრა, რომ „პროტესტი, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, გაგრძელდება“, პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვება რამდენჯერმე მოსთხოვა, თუმცა გაფიცულები არ იშლებიან.

"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლების საპროტესტო ბანერი

ადამიანები ხელებაწეულები იდგნენ ქარხნის წინ და პოლიციამ მოსთხოვა მათ ტერიტორიის გათავისუფლება. დამსაქმებელი კომპანია აშინებს დასაქმებულთა ნაწილს და ავტობუსებით ცდილობდა ქარხანაში მათ შეყვანას, ეს დასაქმებულები ჩამოვიდნენ ავტობუსიდან და უარი განაცხადეს მუშაობაზე, სანამ პრობლემა არ მოგვარდებოდა. პოლიციამ მათ ჰკითხა, უნდოდათ თუ არა ქარხანაში შესვლა, მათ უთხრეს, რომ არ სურდათ და ამის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა. რამდენჯერმე მოგვთხოვეს ტერიტორიის დატოვება, თუმცა ჩვენ ისევ აქ ვართ და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება”, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

„ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლების პროტესტს ჯანდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრო "შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო".

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო "IDS ბორჯომი საქართველოში" შექმნილი ვითარების დასტაბილურების მიზნით, პროცესებში აქტიურად ჩაერთო. შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „ბორჯომის“ თანამშრომელთა გაფიცვა, კომპანიის ხელმძღვანელობას და მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით წარმოებული წარუმატებელი მედიაციის პროცესის შემდეგ დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ, 6 ივნისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანია "ბორჯომის" თანამფლობელი საქართველოს მთავრობა გახდება. თუმცა არ დაუზუსტებია, რა პირობების დაკმაყოფილება მოუწევს სახელმწიფოს.

"ეკონომიკის სამინისტრომ პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები. ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და "ბორჯომის" აქციონერები გავხდებით ჩვენ - მთავრობა. სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" თანამფლობელი, ამით ეს პრობლემაც მოგვარდება", - თქვა ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" თანამფლობელი

ის დასაქმებულთა პროტესტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული სირთულეები.

"მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი პრემიერმა.

გაფიცულები პროტესტის გაგრძელებას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპირებენ.

კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" კუთვნილ ორ ჩამომსხმელ ქარხანაში დასაქმებულებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

  • უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა;
  • ძველ კონტრაქტებზე დაბრუნება და ხელფასების 25%-ით მომატება. ასევე იძულებაში, ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება;
  • ვადიანი ხელშეკრულებებიდან უვადო ხელშეკრულებებზე გადასვლა;
  • კოლექტიური შეთანხმების გაფორმება.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა, უშედეგოდ დასრულებული მედიაციის პროცესის შემდეგ, 31 მაისს დაიწყო.

ბორჯომის" ორი ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვას 31 მაისს განცხადებით გამოეხმაურა N1 ქარხნის დირექტორი მერაბ ახმეტელი. მისი სიტყვებით, უცვლელი დარჩა დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთი, ნამუშევარი საათების ანაზღაურება ყველა თანამშრომლისთვის და შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა.

მინერალური წყლების კომპანია ბორჯომის მოსახლეობის დასაქმების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, "ბორჯომის" ქარხნებიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად 12 მილიონ ლარამდე თანხა შედიოდა. ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქარხნების გაჩერება არამარტო იქ დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.

„ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს Alfa Group-ი, რომლის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი, ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია. „ბორჯომის“ ორივე ჩამომსხმელმა ქარხანამ 29 აპრილიდან დროებით შეაჩერა მუშაობა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო.

ქარხნებიდან დაითხოვეს 49 თანამშრომელი. 1000-მდე დასაქმებული კი კომპანიის ხელმძღვანელობასთან მედიაციის პროცესში ჩაერთო. კომპანიამ, შექმნილი კრიზისის არგუმენტით, მათ ხელშეკრულებების შეცვლილი პირობები შესთავაზა, რაზე ხელმოწერასაც თანამშრომლების დიდი ნაწილი მხოლოდ იმ პირობით აპირებდა, თუ გარანტიებს მიიღებდნენ, რომ კომპანიის საქმიანობის აღდგენის შემდეგ, ძველ ხელშეკრულებებს დაუბრუნდებოდნენ.

19 მაისს „IDS​ ბორჯომის“ მაკონტროლებელმა კომპანიამ საქართველოს მთავრობას შესთავაზა წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემა.

ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ წინადადებას სწავლობენ, მოგვიანებით მის პირობებს იმავე მიზნით მიაწვდიან იუსტიციის სამინისტროსაც და მხოლოდ ამის შემდეგ გასაჯაროვდება ინფორმაცია.

21 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან აღნიშნა, რომ კომპანია "ბორჯომის" წილს საქართველოს საჩუქრად გადასცემენ და ოპერირებაში პრობლემა აღარ შეექმნებათ.

„პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა მმართველ კომპანიასთან, მფლობელებთანაც, საკითხი ყველასთან გავიარეთ. არის შემოთავაზება, რომ სახელმწიფოს ჩუქნიან წილს, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, წილი 100 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში პრობლემა არ ექნება და ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს. მინდა თანამშრომლებს მივმართო, რომ პრობლემა ამოწურული იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

„ბორჯომს“ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რამდენიმე მფლობელი ჰყავდა. 1995-2002 წლებში ეს იყო მამუკა ხაზარაძის "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია". "ბორჯომის" შემდგომი მფლობელი, 2002 -2012 წლებში, იყო ბიზნესმენების, ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის კომპანია „სელფორდი". ამჟამად კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 60% -იან წილს ფლობს მიხაილ ფრიდმანის "ალფა ჯგუფი", 40%-ს კი - პატარკაციშვილების ოჯახი.