ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნათია თურნავა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე 80 ხმით (9-ის წინააღმდეგ) აირჩია. თურნავას კანდიდატურა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა.

ნათია თურნავას კანდიდატურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა განიხილეს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, საბჭო 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს. საბჭოში აქამდე ორი პოზიცია ვაკანტური იყო.

ნათია თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. თურნავა თანამდებობას ინარჩუნებდა გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც.

9 თებერვალს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა, თურნავამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი, გარკვეულწილად შეიცვალოს სფერო და სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები.