სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი (ცენტრში), საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 9 ივნისს, მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ დისკუსიაში - "ქალები კონფლიქტებში." სალომე ზურაბიშვილმა რუსეთზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისმა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოცადა პირველი რუსული ოკუპაცია. მისი თქმით, რუსეთი დღეს არა მხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვისაა საფრთხე, არამედ მთელი ევროპისთვის.

"ჩემმა ოჯახმა პირველი რუსული, საბჭოთა ოკუპაცია საკუთარ თავზე გამოსცადა, რომელიც გრძელდება. როდესაც საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსი ჯარისკაცები დგანან, ვერასდროს იტყვი ვერასდროს. ეს ძალიან მკაფიო საფრთხეა - ყირიმის მსგავსად ანექსიაზე დანიშნული რეფერენდუმი და შემდეგ მისი გაუქმება, რომელიც, შესაძლოა, ხვალაც დაბრუნდეს.

ასე რომ, საფრთხე არსებობს, მაგრამ ახლა, აქ, ამ შენობაში მინდა ვთქვა, რომ ეს საფრთხეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის ყველა ქვეყნისათვის. ის, რაც არ გაკეთებულა ყირიმსა და საქართველოში რუსული აგრესიის დროს, ახლა უნდა გაკეთდეს და ნაწილობრივ გაკეთდა კიდეც - ევროკავშირმა და ევროპელმა ლიდერებმა აღიარეს რუსეთის რეალური სახე და რუსეთის რეალური მიზნები. მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯია გადასადგმელი - რუსეთს პასუხი უნდა გაეცეს და ეს პასუხი მხოლოდ ერთია - ევროკავშირი და ევროკავშირში ინტეგრაცია“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ნადია მურადი. სალომე ზურაბიშვილმა ოლენა ზელენსკას სოლიდარობა გამოუცხადა ყველა ქართველი ქალის სახელით და თქვა, რომ ომის პირველი მსხვერპლები ყოველთვის ქალები არიან, თუმცა დღეს უკრაინის ომში მთელი უკრაინელი ერი მონაწილეობს და ეს არ არის ომი, რომელსაც მხოლოდ კაცები ხელმძღვანელობენ.

ასევე ნახეთ

საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინის პირველ ლედის ყველა ქართველი ქალის სახელით