უკრაინის ვიცე-პრემიერი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას 3 ძირითადი მოწინააღმდეგე ჰყავს

უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ძირითადად, გაერთიანების სამი ქვეყანა ეწინააღმდეგება. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ. ამ სახელმწიფოებს შორის დანიას და ნიდერლანდს ასახელებს სააგენტო "ბლუმბერგი".

როგორც „დოიჩე ველეს“ უკრაინული სამსახური წერს, 9 ივნისს, ბრიუსელში მყოფმა სტეფანიშინამ თქვა, რომ ევროკავშირის შვიდი სახელმწიფო უკრაინისთვის სხვა ფორმატების მომხრეა და მათი წინადადებებია, ექსტრა კანდიდატობა ან პირობითი კანდიდატობა, სამ ქვეყანას კი, ჯერჯერობით არ სურს უკრაინისთვის „მწვანე შუქის ანთება“. ვიცე-პრემიერმა ეს სახელმწიფოები არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ მათ შორის არ არიან აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ოლგა სტეფანიშინა, რომელიც ბრიუსელში მართავს შეხვედრებს სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნების დასარწმუნებლად, აცხადებს, რომ უკრაინამ შეასრულა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 65-70% და შექმნა ანტიკორუფციული ორგანოების სისტემა. ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის გარდა, სხვა ნებისმიერი ვარიანტის შეთავაზება თავად ევროკავშირს დაასუსტებს. სტეფანიშინა დარწმუნებულია, რომ 23-24 ივნისს, როცა ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს უკრაინისთვის უარის თქმას.

ასევე ნახეთ "იმუშავეთ იმავე სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე" - ევროპარლამენტის პოლიტჯგუფების განცხადება უკრაინა-მოლდოვის კანდიდატობას მხარს უჭერს

სააგენტო „ბლუმბერგი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან ნიდერლანდი და დანია. სააგენტო გაეცნო ერთ-ერთ დიპლომატიურ წერილს, რომელშიც დანია აცხადებს, რომ უკრაინა არასაკმარისად აკმაყოფილებს ინსტიტუტების სტაბილურობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და უმცირესობათა დაცვის კრიტერიუმებს. "ბლუმბერგის" თანახმად, გერმანიის წინადადებაა, რომ უკრაინას სტატუსი მისცენ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით.

სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, მომავალი კვირის ბოლოს ევროკომისია გასცემს უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალურ რეკომენდაციას, თუმცა, იქნება პირობები და კორუფციასთან ბრძოლის და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მოთხოვნა.

9 ივნისს, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და ევროკავშირს მოუწოდეს, უკრაინას და მოლდოვას მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და იმუშაონ იმავე სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად.

რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ სამიტზე, რომელიც 23-24 ივნისს გაიმართება.