გამოსაშვები საღამო ნანგრევებში - ფოტოგალერეა ჩერნიგოვიდან

ჩერნიგოველი მოსწავლეები პოზირებენ სკოლის დამთავრების აღსანიშნავი ფოტოების გადასაღებად უკრაინელი ფოტოგრაფის, სტანისლავ სენიკისთვის 5 ივნისს.

ფოტოსესიას „გამოსაშვები ალბომი ნანგრევებში“ ეწოდება. სტანისლავ სენიკმა რადიო თავისუფლებას უთხრა: „10 წელიწადში ამ მოსწავლეებს საკუთარი შვილები ეყოლებათ და შეეძლებათ მათ აჩვენონ, თუ რა ჩაიდინეს რუსებმა. შესაძლოა, ბავშვებმაც იგრძნონ ის ტკივილი, რომელიც მათმა მშობლებმა განიცადეს“.

სტანისლავი ქორწილებსა და პორტრეტებს იღებდა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი ფოკუსი შეიცვალა. „მინდოდა, ისეთ პროექტებზე მემუშავა, რომლებიც ჩემს ქვეყანას დაეხმარებოდა“. სტანისლავი იმედოვნებს, რომ ფოტოებს აუქციონზე გაყიდის და ამ ფულით უკრაინის არმიას დაეხმარება. მისი პროექტები ასევე შეახსენებს მსოფლიოს, თუ რას განიცდის მისი ქვეყანა.
 

სტანისლავმა სოციალური მედიის მეშვეობით ხმა მიაწვდინა ჩერნიგოვის დამამთავრებელი კლასების 40 მოსწავლეს, რომლებიც დათანხმდნენ ფოტოსესიაში მონაწილეობას. გადაღება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ემოციური სესია გამოვიდა, რადგან მოსწავლეებს ერთმანეთი ომის დაწყების შემდეგ არ ენახათ.

სტანისლავ სენიკი ამბობს, რომ მოსწავლეები ხალისით იღებდნენ მონაწილეობას გადაღებებში. „ბავშვები აღელვებულები არ ჩანდნენ, ისინი არ გატეხილან. პირიქით, ომმა ისინი გაამაგრა და ახლა უფრო ძლიერნი არიან“.
 

„მინდა, რომ ეს ისტორია, მათი ისტორია ავსახო“, - ამბობს ფოტოგრაფი. ჩერნიგოვი რუსეთის ჯარების დაბომბვის შედეგად პრაქტიკულად განადგურდა - მიწასთანაა გასწორებული ათასობით შენობა, მათ შორის - სკოლები.

„ეს ფოტოები მათ იარების მოშუშებაში დაეხმარებათ“. სტანისლავი ამბობს, რომ განსაკუთრებული გავლენა მასზე იქონია ერთ-ერთი მოსწავლის დედამ, რომელმაც ფოტოს ნახვის შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა. „ვერც აღვწერ, თუ რა ვიგრძენი, როდესაც მან მადლობა გადამიხადა“.
 

„მივხვდი, რომ ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც ადამიანებს ძალიან დაეხმარებოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფოტოგრაფიამ უნიკალური გავლენა შეიძლება იქონიოს ადამიანების ემოციებზე“, - გვითხრა სტანისლავ სენიკმა.

ფოტოებმა თავად სტანისლავზეც დიდი გავლენა მოახდინა. „ვიცი, რომ ამ მოსწავლეებმა ამხელა პირადი და ფიზიკური დანაკარგი განიცადეს - ისინი გმირები არიან“.

სტანისლავ სენიკი ამჯერად სპონსორებს ეძებს ნამუშევრების საერთაშორისოდ გამოსაფენად.