ანა მალიარი: უკრაინამ იმ შეიარაღების მხოლოდ 10% მიიღო, რაც დასავლეთს სთხოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი

უკრაინამ იმ შეიარაღების მხოლოდ 10% მიიღო, რაც დასავლეთისგან ითხოვა რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ საბრძოლველად, განაცხადა 14 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.

ეს კომენტარი მან გააკეთა სატელეფონო ბრიფინგზე და თქვა, რომ დასავლეთმა უნდა დააჩქაროს იარაღის მიწოდება.

მალიარის თქმით, „დასავლელი პარტნიორების დახმარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ომის მოგებას“.

დასავლეთის ქვეყნები კიევს დაჰპირდნენ, რომ გაუგზავნიან თანამედროვე შეიარაღებას, მათ შორის თანამედროვე რაკეტებს, მაგრამ მათ განლაგებას დრო სჭირდება.

მალიარმა თქვა, რომ საჭიროა „მკაფიო ვადები“ იარაღის მიწოდებისთვის, „ვინაიდან შეფერხების ყოველი დღე ნიშნავს უკრაინელი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირების სიცოცხლეს.“

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ სთხოვა დასავლეთს მძიმე შეიარაღების გაგზავნა და გააკრიტიკა ზოგიერთი ევროპელი ლიდერის „თავშეკავებული ქცევა“.

დანიელ ჟურნალისტებთან ონლაინ ბრიფინგზე მან თქვა, რომ მადლიერია იმის, რასაც იღებს, მაგრამ შეიარაღება უფრო სწრაფად უნდა ჩამოვიდეს.

„რუსეთს რამდენიმე ასეულჯერ უფრო მეტი აღჭურვილობა და შეიარაღება აქვს“ უკრაინაზე, რომელსაც არ მოეპოვება საკმარისი რაოდენობის „შორ მანძილზე მოქმედი იარაღი“ და არც „ჯავშნიანი მანქანები და ამის გამო ადამიანებს ვკარგავთ“, თქვა ზელენსკიმ.