ორი ყოფილი ამერიკელი სამხედრო ხარკოვთან გაუჩინარდა. სავარაუდოდ, ისინი რუსებმა ტყვედ აიყვანეს

ილუსტრირებული ფოტო. ამერიკელი ინსტრუქტორი უკრაინაში მიმდინარე წვრთნის დროს

აშშ-ის არმიის ორი ვეტერანი, ალაბამის მცხოვრებლები, რომლებიც უკრაინაში მოხალისეებად ჩავიდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ხარკოვის მახლობლად უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ. მათზე არაფერია ცნობილი. ამის შესახებ, Associated Press-ის თანახმად, ალაბამის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს კონგრესში.

საუბარია 39 წლის ალექსანდრე დრიუკსა და 27 წლის ენდი ტაი ნგოკ ჰიუინზე. The Telegraph-ის ინფორმაციით, ამერიკელები რუსმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს და ეს გასულ კვირას ხარკოვის რაიონის სოფელ იზბიცკოეში გამართული ბრძოლების დროს მოხდა. გაზეთი წერს, რომ დრიუკი და ჰიუინი არიან პირველი ამერიკელები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა ტყვედ ჩაიგდეს. CNN-მა გამოაქვეყნა მათი პასპორტები, უკრაინაში შესვლის დამადასტურებელი შტამპებით.

ოფიციალური არხებით, ამერიკელების დატყვევება არ დადასტურდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოცემას განუცხადეს, რომ მათთვის ცნობილია ეს ინფორმაცია, აკონტროლებენ სიტუაციას და კავშირში არიან უკრაინის ხელისუფლებასთან. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა იცის მოხსენებების შესახებ, მაგრამ ჯერ ვერ ადასტურებს მათ ტყვეობას. "თუ ეს სიმართლეა, მაშინ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისინი ოჯახებში უსაფრთხოდ დავაბრუნოთ", - აღნიშნა კირბიმ.

9 ივნისს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) "უმაღლესმა სასამართლომ" სიკვდილით დასჯა მიუსაჯა სამ უცხოელს, ორ ბრიტანელ მოქალაქესა და ერთ მაროკოელს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში იღებდნენ მონაწილეობას უკრაინის დაცვისთვის მიმდინარე ბრძოლებში.

"დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო კოლეგიამ განიხილა სისხლის სამართლის საქმე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების, შონ პინერისა და ეიდენ ალსინისა და მაროკოს სამეფოს მოქალაქის, ბრაგიმ საადუნის მიმართ, დაქირავებული მებრძოლობისთვის და ისეთი ქმედებების ჩადენისთვის, რომლებიც ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და დსრ-ის კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ იყო მიმართული", - მოჰყავს "ინტერფაქსს" სააპელაციო კოლეგიის თავმჯდომარის, ალექსანდრ ნიკულინის, სიტყვები.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მებრძოლ ყველა უცხოელს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, აქვთ "კომბატანტების" სამართლებრივი სტატუსი და ტყვეობაში სარგებლობენ სამხედრო ტყვეების უფლებებით. ეს ნიშნავს, რომ მათ მიმართ ძალადობა, დაშინება და არაადამიანური მოპყრობა აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით.