მიხეილ სააკაშვილის საქმეზე "ვივამედში" გასვლითი სხდომა გადაიდო

ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გასვლითი სხდომა, რომელიც კლინიკა "ვივამედში" უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო. ინფორმაცია ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მიაწოდა.

სხდომას ვერ დაესწრნენ ჟურნალისტები.

"დღეს სხდომაზე გამოიკითხნენ ექიმები. მათ სასამართლოს მიაწოდეს [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია... მკურნალმა ექიმმა დაადასტურა, რომ გაცემულ დოკუმენტში ტრანსპორტირების პრობლემა დასახელებული არ იყო და ის გულისხმობდა ჩვენების მიცემასა და პროცესში ადეკვატური მონაწილეობას", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებთან.

ადვოკატმა დღევანდელ, 16 ივნისის სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ეწინააღმდეგებოდა გასვლითი სხდომის კლინიკაში ჩატარებას, რადგან, მისი თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის პროცესში ჩართვა შეუძლებელი იქნებოდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ გაიზიარა ადვოკატის ეს პოზიცია და თბილისის საქალაქო სასამართლოში დაწყებული სხდომის კლინიკაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე ნახეთ

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა კლინიკაში ჩატარდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროში შიმშილობის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მკურნალობის კურსს გადის კლინიკა "ვივამედში. ოჯახი და გუნდი ექსპრეზიდენტის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ წაყვანის ნებართვას ითხოვენ, მთავრობა კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის სრულფასოვანი მკურნალობის გაწევა საქართველოშიც შესაძლებელია.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა პატიმრობაში. ის ქვეყანაში სექტემბრის ბოლო რიცხვებში, თვითმმართველობის არჩევნების გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. მას ორ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა.

2018 წელს მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში და 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ასევე აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებითა და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივად დაშლის გამო. ბოლო, მესამე საქმე, მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ საზღვრის უკანონოდ კვეთის მუხლით აღიძრა.

მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.