ჰარცელი: ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში, გუშინ იყო გამონაკლისი

კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე, მედიის კითხვის პასუხად - დაესწრება თუ არა 20 ივნისს თბილისში დაგეგმილ აქციას - "შინ ევროპისკენ", განაცხადა, რომ მისი როლი არ არის აქციებში მონაწილეობა. მისი სიტყვებით, გამონაკლისი 16 ივნისს ევროპის მოედანზე გამართული აქცია იყო, რომელსაც დაესწრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირადი მიწვევის გამო.

მივესალმები პროევროპული არჩევანის შესახებ სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. ეს არ არის არც ჩემი როლი და არც ჩემი ჩვევა, რომ დავესწრო სხვადასხვა სახის გამოსვლებს. გუშინ გავაკეთე გამონაკლისი იქიდან გამომდინარე, რომ პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მას დამატებით ჰკითხეს, 20 ივნისის აქციაზე არმისვლის გადაწყვეტილების მიზეზი უკავშირდება თუ არა ზოგი ოპოზიციური პარტიის განცხადებას, რომ ამ აქციაზე, შესაძლოა, მოითხოვონ საქართველოს მთავრობის გადადგომა.

მინდა კიდევ უფრო პირდაპირი ვიყო და გითხრათ, რომ რაც აქ ჩამოვედი, არ ვესწრები აქციებს, იქიდან გამომდინარე, რომ ვარ დიპლომატი და მაქვს განსაკუთრებული მანდატი. ასევე პრინციპული მიზეზით, აქციები და მათ შორის ეს, რომელსაც ახლა ვხედავთ, ის შეეხება საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებებს, ამბიციებს და ეს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გამყოფი ხაზია, როგორც უკვე ვთქვი. ორივე აქციას გულითადად მივესალმები, ასევე ბევრ რამეს, რაც წინა კვირაში ვნახეთ - ღონისძიებებს, უამრავ წერილს, რომელსაც ბრიუსელში გადაწყვეტილებების მიმღებებთან გადასაცემად მიგზავნიდნენ, ასევე მომიტანეს ბევრი ხელმოწერით ევროკავშირის დროშა“, - თქვა კარლ ჰარცელმა.

16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედანზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ევროკავშირის წევრობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ასევე ნახეთ

რიყეზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული აქცია დასრულდა

20 ივნისს კი სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით თბილისში, რუსთაველის გამზირზე იგეგმება აქცია სახელწოდებით - "შინ ევროპისკენ". პრეზიდენტმა ამ აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდა.

ასევე ნახეთ

ვინ საით? - ორი აქცია ევროპისთვის

ასევე ნახეთ

20 ივნისს ორგანიზატორები სტრატეგიულ პარტნიორებს აქციაზე იწვევენ