ტოყაევი: ყაზახეთი არ ცნობს "კვაზისახელმწიფოებრივ" წარმონაქმნებს: ლუგანსკის და დონეცკის „სახალხო რესპუბლიკებს“

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

ამ სხდომაში მონაწილეობას იღებდა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი.

ტოყაევმა უპასუხა დისკუსიის მოდერატორის, RT-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის შეკითხვას, თუ როგორ უყურებს ყაზახეთი ე.წ. სპეცოპერაციას უკრაინაში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა დაიწყო იმით, რომ ყაზახეთში უკრაინის ომზე განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს, რადგან ქვეყანაში განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებაა. სეპარატისტულ რესპუბლიკებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ გაეროს წესდების ორი ძირითადი პრინციპი - ერთა თვითგამორკვევის უფლება და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა - ერთმანეთს დაუპირისპირდა.

„გამოთვალეს, რომ თუ ერთა თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე 193 სახელმწიფოს ნაცვლად 500-600-ზე მეტი სახელმწიფო წარმოიქმნება. ეს იქნება ქაოსი. ამის გამო ჩვენ არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთს არ ვაღიარებთ. ეს პრინციპი გავრცელდება კვაზისახელმწიფოებრივ ტერიტორიებზეც, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ლუგანსკი და დონეცკი“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

მისი სიტყვები პოლემიკას ჰგავდა რუსეთის პრეზიდენტთან, რომელმაც ცოტა ადრე თქვა, რომ ლუგანსკის და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებს უკრაინის მთავრობისთვის „ნებართვა“ არ უნდა ეთხოვათ. პუტინმა კოსოვოს მაგალითი მოიყვანა.

საქმე ისაა, რომ რუსეთში მოქმედებს სისხლის სამართლის კანონის მუხლი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებების განხორციელებისკენ საჯარო მოწოდების შესახებ. მისი დარღვევა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, აღნიშნავს Sibir.Realii.

იმპორტის ჩანაცვლების შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ტოყაევმა განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ეს დიდწილად შეუძლებელია და თქვა, რომ მისი ქვეყანა საერთაშორისო თანამშრომლობის მომხრე და თვითიზოლაციის წინააღმდეგია.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებს ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ არაერთმა რუსმა დეპუტატმა, ჟურნალისტმა და კულტურის მოღვაწემ ყაზახეთის შესახებ სხვადასხვა განცხადება გააკეთეს, რაც, მისი თქმით, დესტრუქციული ძალების „წისქვილზე წყალს ასხამს“. მისი თქმით, მან ეს საკითხი პუტინთან შეხვედრაზე წამოაყენა. სიმონიანმა თქვა, რომ იგი ეთანხმება ტოყაევს და აღნიშნა, რომ კარგად იცნობს ერთ-ერთ მათგანს, ვისზეც ყაზახეთის პრეზიდენტი საუბრობდა.

აშკარაა, რომ ეს ეხება მის მეუღლეს ტიგრან კეოსაიანს, რომელმაც მანამდე ყაზახეთის ხელისუფლება „უმადურობასა“ და „ღალატში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ 9 მაისს აღლუმი არ გამართა და მიანიშნა უკრაინის მაგალითზე.

ამ გამონათქვამის შემდეგ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კეოსაიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

პუტინმა, თავის მხრივ, ყაზახეთს მოძმე ქვეყანა უწოდა და თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება ისე რომ მოქცეულიყო, როგორც ყაზახეთის მთავრობა ნურ-სულთანში, არ ჩატარდებოდა „სპეციალური ოპერაცია“ და შესაძლოა, არ მომხდარიყო ყირიმის ანექსია.