უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია ცდილობს ლისიჩანსკის სამხრეთიდან დაბლოკვას

დანგრეული შენობები ლისიჩანსკში. 2022 წლის 17 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება რამდენიმე მიმართულებით, განსაკუთრებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის და ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის რაიონებში.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგე უკრაინის არმიის პოზიციებს უტევს ნაღმმტყორცნებისა და რეაქტიული არტილერიის გამოყენებით და ზოგიერთ ადგილას ავიაციასაც იყენებს. გენშტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევა შეაჩერეს დასახლებულ პუნქტებთან, ბერესტოვოსა და ვერშინასთან.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობითვე, რუსეთის სამხედრო ძალები არტილერიის მხარდაჭერით ცდილობენ სამხრეთიდან დაბლოკონ ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანსკი. გენშტაბის ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთი რაიონი დაბომბა რუსეთის მოიერიშე ავიაციამაც. ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს დასახლებული პუნქტის, ვერხნეკამენკის მახლობლად. ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაიც ტელეგრამ-არხზე წერს, რომ რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ ლისიჩანსკის სამხრეთიდან დაბლოკვას და ანადგურებენ ყველაფერს, რასაც მათი არტილერია სწვდება, თუმცა, უკრაინის არმიის ქვედანაყოფები ქალაქის დაცვას განაგრძობენ.

ლისიჩანსკი ესაზღვრება ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს, ქალაქ სევეროდონეცკს. გასულ კვირაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სევეროდონეცკი უკრაინელი სამხედროებისგან "მთლიანად გათავისუფლებულია".