ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიისტომ განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებას.
ნიისტოს თქმით, გარღვევა მოხდა, როცა 28 ივნისს სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელშიც მხარეები აცხადებენ, რომ მზად არიან, „სრული მხარდაჭერა აღმოუჩინონ [ძალისხმევას] ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ მუქარის წინააღმდეგ“.
ნიისტო, შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი მადრიდში შეხვდნენ ერთმანეთს ნატოს სამიტის პირველ დღეს.
ფინეთმა და შვედეთმა გასულ თვეში შეიტანეს განაცხადი ჩრდილოატლანტიკური კავშირის წევრობაზე, მაგრამ ნატოში სიდიდით მეორე არმიის მქონე თურქეთი ეწინააღმდეგებოდა მათ მიღებას. თურქეთი ითხოვდა გარანტიებს ქურთულ დაჯგუფებებთან დაკავშირებით, რომლებსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.