საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში, NATO-ს ლიდერთა სამიტის ფარგლებში, რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა. ერთ-ერთი იყო შეხვედრა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან, მაგდალენა ანდერსონთან.
ღარიბაშვილმა „ტვიტერში" დაწერა, რომ საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს.
„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი შეხვდა აშშ-ის სენატორების დელეგაციას, რომელსაც სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატორი ტომ ტილისი ხელმძღვანელობდნენ. ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა სენატორებთან
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ს კონგრესის სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ჯინ შაჰინისა და ტომ ტილისის გარდა, იმყოფებოდნენ სენატორები დიკ დარბინი, კრის კუნსი, როი ბლანტი, დიბ ფიშერი და ჯონი ერნსტი.
28 ივნისს მადრიდში დაიწყო NATO-ს ლიდერთა სამიტი, რომელიც, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტია უკანასკნელ წლებში.
სამიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებში თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას.