პოლონეთსა და ბელარუსს შორის დამცავი ღობის მშენებლობა დასრულდა-ვარშავის სასაზღვრო უწყება

ღობის ფრაგმენტი პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელარუსის საზღვარზე ღობის მშენებლობა დასრულებულია. მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო მიგრაციის კრიზისის ფონზე.

ბოლო სამუშაოები დაახლოებით 187 კილომეტრის სიგრძის ღობის მშენებლობაზე 30 ივნისს დამთავრდება, აცხადებენ მესაზღვრეები.

პოლონელმა მესაზღვრეებმა ღობის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნეს.


ღობის სიგრძე, რომელიც ლიუბლინსკისა და პოდლიასკის სავოევოდოების ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 186,25 კმ-ს შეადგენს. მის აშენებას 49 ათასი ტონა ფოლადი დასჭირდა. 5,5 მეტრის სიმაღლის ღობე ასევე გამაგრებულია მავთულხლართებით.

ბელარუსის საზღვარზე მსგავს ღობეს ლიეტუვაც აშენებს. 500-კილომეტრიანი კედლის მშენებლობისთვის, რომელიც 2022 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, 152 მილიონი ევროა გამოყოფილი. ღობეზე ასევე იგეგმება მავთულხლართიანი ბარიერებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემის დამონტაჟება.

პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია 2021 წლის ზაფხულში მიგრანტთა კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ. ოქტომბერში საზღვრის გადალახვას 70-მდე მიგრანტი ცდილობდა. პასუხად პოლონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლებებმა საზღვრის გასწვრივ საგანგებო მდგომარეობა დააწესეს და ბელარუსიის საზღვარზე ღობის აშენების გადაწყვეტილება მიიღეს.

ლატვიის, ლიეტუვისა და პოლონეთის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ კრიზისის გაღვივებაში ჩართული იყო ბელარუსის ხელისუფლება, რომელსაც მინსკში ლტოლვილები სახელმწიფო ტურისტული კომპანიის დახმარებით გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ახლო აღმოსავლეთიდან ჩაჰყავდა და იქიდან საზღვარზე გადაჰყავდა. ბელარუსმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.