ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკში ჩავიდა, სირიასა და თურქეთს შორის დაძაბულობის ფონზე

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დამასკში ჩავიდა "ახალი კრიზისის აღკვეთისთვის", სირიასა და თურქეთს შორის დაძაბულობის ფონზე, რომელიც მოჰყვა ანკარის მუქარას, რომ ახალ შეტევას დაიწყებს ჩრდილოეთ სირიაში ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ.

ამირ-აბდოლაჰიანმა 2 ივლისს თქვა, რომ მისი ვიზიტის მიზანია "რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების დამყარება სირიასა და თურქეთს შორის".

"რეგიონში მოვლენები ხდება, [და ირანი უნდა] შეეცადოს აღკვეთოს ახალი კრიზისი", - თქვა მან.

სირიის სამოქალაქო ომმა იმსხვერპლა ათასობით ადამიანი, მილიონობით პირი იძულებული გახდა, სახლ-კარი დაეტოვებინა. ირანი და რუსეთი მხარს უჭერდნენ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობას, თურქეთი და აშშ კი მეამბოხე ჯგუფებს ეხმარებოდნენ.

ანკარამ ჩრდილოეთ სირიაში რამდენიმე სამხედრო ოპერაცია ჩაატარა ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებსაც ის ბრალს სდებს თურქეთის შიგნით მოქმედ ქურთ სეპარატისტებთან კავშირების ქონაში.