დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკის შედარებით სწრაფად დაპყრობამ გააფართოვა მისი კონტროლი ლუგანსკის ოლქის პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე და ეს შესაძლებლობას აძლევს გამოაცხადოს, რომ „დონბასის გათავისუფლების“ მიზნის მისაღწევად არსებით პროგრესს მიაღწია.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ომის წინა ეტაპებისგან განსხვავებით, რუსეთმა, როგორც ჩანს, მიაღწია მოქმედებების ეფექტიან კოორდინაციას შეიარაღებული ძალების ორ დაჯგუფებას შორის. ესენია დაჯგუფება “ცენტრი“, რომელსაც გენერალი ლაპინი ხელმძღვანელობს და სამხრეთის დაჯგუფება, რომლის სარდლად ახლახან დაინიშნა გენერალი სუროვიკინი.
ასევე ნახეთ პუტინმა გმირის წოდებები მიანიჭა ლუგანსკის "გამათავისუფლებელ" გენერლებსბრიტანული დაზვერვის თანახმად, დონბასის ამ ნაწილისთვის ბრძოლა გამოირჩეოდა ნელი ტემპით და რუსეთის არმიის მიერ არტილერიის მასობრივად გამოყენებით, რის შედეგადაც ქალაქები და სოფლები მიწასთან გაასწორეს. გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსების პროგნოზით, საბრძოლო მოქმედებები ამ სახით წარიმართება დონეცკის ოლქშიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ამჟამად ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის მიმართულებით.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს 3 ივლისს უპატაკა, რომ "სრული კონტროლი დაამყარეს" ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკსა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებზე და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა გათავისუფლებულია“. იმავე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ "მძიმე ბრძოლების შემდეგ", უკრაინელმა სამხედროებმა ლისიჩანსკში პოზიციები დატოვეს. გენშტაბის განცხადებით, არტილერიის, ავიაციის, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების და ცოცხალი ძალის მხრივ, მოწინააღმდეგის დიდი უპირატესობის პირობებში, ლისიჩანსკის დაცვის გაგრძელება საბედისწერო შედეგებს მოიტანდა, ამიტომ, უკრაინის დამცველთა სიცოცხლის გადასარჩენად გადაწყდა ქალაქიდან უკან დახევა.
ასევე ნახეთ ზელენსკი ადასტურებს ლისიჩანსკის დაკარგვას, თუმცა აცხადებს, რომ დონბასს დაიბრუნებენლისიჩანსკი რჩებოდა ლუგანსკის ოლქის ბოლო დიდ ქალაქად, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლისიჩანსკიდან უკან დახევა იმით ახსნა, რომ უკრაინა საკუთარ ხალხს უფრთხილდება. ზელენსკის განცხადებით, თუ არმიის სარდლობას სამხედროები გაჰყავს ფრონტის ზოგიერთი წერტილიდან, სადაც მტერს დიდი უპირატესობა აქვს, ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბრუნდებიან ტაქტიკის და უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდების წყალობით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არაფერს დათმობს, ამის კარგი მაგალითი კუნძული ზმეინია და მოვა დღე, როცა იმავეს იტყვიან დონბასზე.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".