პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემი აზრით, დეპოლარიზაცია, ზოგადად, ძალიან ბუნდოვანი თემაა და პოლარიზაცია არ არის ქართული მოვლენა, არ ხდება მხოლოდ საქართველოში, აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"გეტყვით ასევე, რომ ჩემთვის ბუნდოვანია, თუ რა არის ის ნიშნული პოლარიზაციის, რომელიც მისაღებია ევროკავშირისთვის და ალბათ, ეს არის ის თემა, რომელზეც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი და უნდა გვქონდეს საუბარი. ასევე აქვე ვიტყვი, რომ ის პოლიტიკური გარემო, რომელიც საქართველოში არის ახლა, - ასევე ჩემი პირადი აზრია, - ჯანსაღია თუ არა, მე გეტყვით, რომ ჩემთვის ეს ჯანსაღი არ არის. ჯანსაღი პოლიტიკური გარემო იქნებოდა, რომ ჩვენ გვქონოდა ნებისმიერ იმ საკითხზე, რომლის ინსტრუმენტალიზაციასაც დღეს ახდენენ და ხდება აბსოლუტურად გაუგებარი სპეკულაციები ამ საკითხების გარშემო, ჩვენ მსჯელობა გვქონდეს პარლამენტში. ჩვენ ვართ არჩეული პოლიტიკოსები, გვაქვს ადგილი პარლამენტში, გვაქვს სივრცე იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მსჯელობის გარდა", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი, რომელთან ინტერვიუ სრული სახით მალე გამოქვეყნდება რადიო თავისუფლების საიტზე.
ჩეხეთში, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“, თუ მმართველი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კოლექტიური დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდება?
- ოპოზიციის მსგავსად, ჰყავს თუ არა საქართველოს მმართველ პარტიასაც თანამიმდევრული და პრინციპული მხარდამჭერები ევროპარლამენტში, საიდანაც საქართველოს ხელისუფლების მისამართით ძირითადად კრიტიკული შეფასება ისმის?
- და დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დადებითად გადაწყვეტისათვის, არის თუ არა მზად საქართველოს ხელისუფლება, რომ ციხიდან გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ხოლო საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის ნება დართოს საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს?