ევროპა „რუსული ზამთრისთვის“ ემზადება

11 ივლისს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ “პროფილაკტიური” მიზნით დროებით ჩაკეტა ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი - „ჩრდილოეთი ნაკადი“

11 ივლისს რუსეთმა ისტორიულ მინიმუმამდე შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ ჩაკეტა ევროპისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი - „ჩრდილოეთი ნაკადი“, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერით ბუნებრივ აირს აწვდის გერმანიას. ჯერჯერობით საუბარია 10-დღიან პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და გაზის მიწოდების დროებით შეწყვეტაზე, თუმცა ევროპაში შიშობენ, რომ გაზსადენის გათიშვა პუტინის ომის შემადგენელი ნაწილია და კონტინენტი ყველაზე უარესი სცენარისთვის უნდა მოემზადოს. რუსეთის ბუნებრივ აირზე მაღალი დამოკიდებულების გამო ყველაზე რთულ ვითარებაში გერმანიაა.

„თუ არ მივიღებთ გადაუდებელ ზომებს ელექტროენერგიისა და გაზის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რაც გერმანიას ამ ზამთარში ემუქრება, ქვეყნის ეკონომიკა აღმოჩნდება "ნამდვილი ინსულტის" საფრთხის წინაშე, საიდანაც ის შეიძლება ვერასოდეს გამოვიდეს“, - ასეთი ვარაუდი გამოთქვა 10 ივლისს ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქრისტიანული სოციალური კავშირის“ თავმჯდომარემ მარკუს ზიოდერმა (Markus Söder), რომელიც მართებულად მიიჩნევს აგრესიის მსხვერპლი უკრაინისათვის დახმარებას, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ „არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან, რომ გერმანია "დაცურდეს დაღმართზე" და მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდეს“.

მარკუს ზიოდერი

გერმანია უკვე იღებს ენერგიის დაზოგვისა და ეკონომიის ზომებს, მთლიანად ევროპა კი აპირებს შეიმუშაოს ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

„სიტუაცია ძალიან სერიოზულია და კრიზისი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. შესაძლებელია, რომ რუსეთმა გააგრძელოს გაზის მიწოდების შემცირება“, - განაცხადა ევროკომისარმა კადრი სიმსონმა (Kadri Simson) „ჩრდილოეთის ნაკადის“ პროფილაქტიკურ გათიშვამდე ცოტა ხნით ადრე.

რეპეტიცია ზამთრის კრიზისისთვის

ჯერ კიდევ 3 წლის წინ „გაზპრომი“ ევროპას დღე-ღამეში 500 მლნ კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. 2022 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 250 მლნ კუბ. მეტრამდე შემცირდა, ივლისის დასაწყისში კი, სულ რაღაც, 140 მლნ კუბ. მეტრი იყო.

როდესაც რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადთან“ შედარებით ნაკლებად მძლავრი „თურქული ნაკადის“ მილსადენზე პროფილაქტიკური სამუშაოები წამოიწყო, ექსპორტი დღე-ღამეში დაახლოებით 100 მლნ. კუბურ მეტრამდე შეამცირა. ახლა, უახლოეს 10 დღეში, ევროპას მხოლოდ 75 მლნ კუბ. მეტრ ბუნებრივ აირს ჰპირდებიან, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს გაზის მიწისქვეშა საცავების შევსებას და, შესაბამისად, მძიმე ზამთრისთვის სამზადისს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ როგორც ხარვეზული მომარაგებისთვის, ასევე რუსეთის მხრიდან გაზის სრული გათიშვისთვისაც კი“, - წინასწარმეტყველურად განაცხადა გასულ კვირაში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, რომლის თქმითაც, საერთო საგანგებო გეგმის გარეშე ევროკავშირის 27 ქვეყანა ვერ შეძლებს დაიცვას თავისი 450 მილიონი მოქალაქე და მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა მასშტაბური კრიზისისგან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

საგანგებო გეგმა, რომელიც ევროკომისიამ მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს კავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, დაფუძნებული იქნება ორ ძირითად პრინციპზე:

  • სოლიდარობა უკვე არსებული რეზერვებისა და მიმდინარე მოცულობების განაწილებაში, რათა ყველა თანაბარი იყოს კრიზისის წინაშე, შედარებით მდიდარი ქვეყნები დაეხმარონ ღარიბებს.
  • მოთხოვნის სოლიდარული შემცირება და შეთანხმება, თუ რაზე კეთდება ეკონომია და რა ითიშება პირველ რიგში, როცა ყველასთვის სამყოფი გაზი არ იქნება.

რა არის რუსული გაზის ალტერნატივა?

2021 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მონოპოლისტი „გაზპრომი“ ევროპისკენ მიმავალი გაზსადენის ონკანს ნელ-ნელა კეტავს. შარშან ზამთარში, უკრაინაზე თავდასხმამდე, მიწოდების შემცირებამ ევროპაში დეფიციტი და ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია ჯერ გაზზე, შემდეგ კი თითქმის ყველაფერზე.

გაზპრომის ინფრასტრუქტურა

უკრაინაში შეჭრისთანავე, კრემლმა გაზი გამოიყენა ევროკავშირის წინააღმდეგ ენერგეტიკული ომის მთავარ იარაღად, რადგან ევროპას ჯერ არ შეუძლია სრულად თქვას უარი რუსულ გაზზე (ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ბუნებრივი აირის შესყიდვები ქვანახშირის „ბინძური“ და გერმანიაში არაპოპულარული ატომური ენერგიების ჩანაცვლების მიზნით). ამიტომაც ევროკავშირის მიერ 2022 წლის მაისში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების VI პაკეტში არაფერია ნათქვამი რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვაზე. სანქციები შეეხო ნავთობს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, სანქციების აღნიშნული პაკეტის ფარგლებში, იზღუდება რუსული იმპორტის 2/3, ხოლო წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება ნედლი ნავთობის იმპორტის სრული მოცულობის 90%-ის აკრძალვა.

„ნავთობის იმპორტის აკრძალვით მნიშვნელოვნად შეიზღუდება რუსეთის "ომის მანქანის" დაფინანსება, რადგან ენერგორესურსების ექსპორტი კრემლის უმთავრესი შემოსავლის წყაროა“, - განაცხდა მაშინ შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი

ფინეთში დაფუძნებული ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) გამოანგარიშებით, უკრაინაში მიმდინარე ომის პირველ სამ თვეში რუსეთმა გაზისა და ნავთობის გაყიდვით 93 მილიარდი ევრო მიიღო, უმსხვილეს მყიდველთა შორის კი ჩინეთი და გერმანია იყვნენ.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას რუსეთიდან შეაქვს ქვეყნისთვის საჭირო გაზის 55%, ნახშირის 50% და ნავთობის 35%. გერმანელი ეკონომისტების ვარაუდით, რუსული ენერგომატარებლების დამოკიდებულებისგან სრულ გათავისუფლებას, სულ ცოტა, 2 წელი დასჭირდება.

„გერმანია ემზადება შესაძლო ენერგეტიკული კრიზისისთვის, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, - ჩვენ მივიღეთ ბევრი გადაწყვეტილება, რომლებიც დაგვეხმარება დეფიციტთან გამკლავებაში”.

შოლცის თქმით, გერმანია ცდილობს შეავსოს გაზის საცავები და, ბუნებრივი აირის დაზოგვის მიზნით, გამოიყენოს ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებიც.

„ჩვენ ვაშენებთ მილსადენებს და თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალებს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

რუსული გაზსადენის ერთადერთი რეალური ალტერნატივა მართლაც თხევადი ბუნებრივი აირია, რომლის ტრანსპორტირება ტანკერებით ხდება. მთავარი მომწოდებლები აშშ და კატარი არიან, მაგრამ მიწოდება შეზღუდულია. Bloomberg Intelligence-ის შეფასებით, 2026 წლისთვის ევროპა შეძლებს გააორმაგოს თხევადი გაზის იმპორტი, რაც მისი საჭიროების მხოლოდ 40%-ს დაფარავს.

ოლაფ შოლცი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ემანელ მაკრონი

„რუსული გაზის თხევადი გაზით ჩანაცვლების პოტენციალი პრაქტიკულად ამოწურულია, - თანხმდებიან Bruegel-ის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსები, - მხოლოდ გაზის მოხმარების შემცირება მისცემს საშუალებას ევროკავშირს, გაუმკლავდეს რუსეთიდან მიწოდების შემდგომ შემცირებას“.

Bruegel-ის ანალიტიკოსების აზრით, თუ მომდევნო 10 თვეში მოხმარება 15%-ით შემცირდება 2019-2021 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ევროპა „გაზპრომის“ გარეშეც გავა ფონს.

„ზოგიერთ ქვეყანას (დასავლეთსა და სამხრეთში) საერთოდ არ მოუწევს დაზოგვა, მაშინ როცა ზოგი (აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთში) იძულებული იქნება როგორმე შეამციროს გაზის მოხმარება 50%-ით. სწორედ ეს დისბალანსი მოითხოვს პრობლემისადმი საერთო-ევროპულ მიდგომას“, - წერენ Bruegel-ის ექსპერტები.

მოსკოვის არავის სჯერა

რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შემცირებას ტექნიკური მიზეზებით (გეგმური, პროფილაქტიკური სამუშაოებით) ხსნის. მანამდე პრობლემა იყო კანადიდან Siemens-ის ტურბინების მიღება. „გაზპრომი“ აცხადებდა, რომ სანქციები აფერხებდა გაზის კომპრესორულ სადგურებზე ტურბინების დაგეგმილ რემონტს, რაც, თავის მხრივ, იწვევდა აირის მიწოდების შემცირებას. გარდა ამისა, სავალუტო სანქციების გამო კრემლი, როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, იძულებული გახდა ევროპელებისგან გაზის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდა მოეთხოვა. ყველას, ვინც უარი თქვა, გაზის მიწოდება შეუწყვიტეს, მათ შორის - პოლონეთს, ფინეთსა და ბულგარეთს. გასული კვირის ბოლოს კი გაისმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მუქარა, რომ ვითარება მხოლოდ გაუარესდება, კატასტოროფამდეც კი მივაო.

ვლადიმირ პუტინი

„სანქციების პოლიტიკის შემდგომმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო მძიმე, გაზვიადების გარეშე, კატასტროფული შედეგები გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე“, - თქვა პუტინმა, თუმცა ამგვარი მუქარის მიუხედავად კრემლი უარყოფს შექმნილ გაზის კრიზისთან კავშირს და მას ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის რეფორმისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შედეგს უწოდებს, თუმცა ევროპაში არავის არ სჯერა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მიმდინარე პროფილაქტიკურ სამუშაოებს უკავშირდება, რადგან რუსეთს ევროპისთვის გაზის მიწოდება სხვა ალტერნატიული გაზსადენებითაც შეუძლია. ეს გაზსადენებია:

  • იამალი-ევროპა - უზრუნველყოფს გაზის საექსპორტო მიწოდებას დასავლეთ ციმბირის საბადოებიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბელარუსის გავლით. გაზსადენის რუსული ნაწილი 402 კმ-ია. საპროექტო სიმძლავრე არის 32,9 მილიარდი მ³ წელიწადში.
  • ურენგოი-პომარი-უჟგოროდი - უზრუნველყოფს გაზის საექსპორტო მიწოდებას დასავლეთ ციმბირის საბადოებიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში უკრაინის გავლით. რუსული მონაკვეთის სიგრძე 3291 კმ-ია. მილის დიამეტრი - 1420 მმ. საპროექტო სიმძლავრე - 32 მლრდ მ³ წელიწადში.
  • იამბურგი-დასავლეთის საზღვარი („პროგრესი“) - ახორციელებს ბუნებრივი აირის საექსპორტო მიწოდებას ევროპაში უკრაინის გავლით. სიგრძე 4366 კმ (უკრაინის მონაკვეთის ჩათვლით). საპროექტო სიმძლავრე - 26 მლრდ მ³ წელიწადში.
  • ორენბურგი-დასავლეთის საზღვარი („სოიუზი“) - ახორციელებს გაზის საექსპორტო მიწოდებას ევროპაში უკრაინის გავლით. სიგრძე 2677 კმ (ყაზახეთისა და უკრაინის მონაკვეთების ჩათვლით). საპროექტო სიმძლავრე - 26 მლრდ მ³ წელიწადში.
  • ვიბორგი-იმატრა - გაზსადენი, რომელიც შექმნილია რუსული გაზის მიწოდებისთვის ფინეთში. სიმძლავრე 6 მლრდ კუბური მეტრი წელიწადში.
  • კობრინი-ბრესტი-ვარშავა - მაგისტრალური გაზსადენის „სიანიე სევერას“ განშტოება. სიგრძე - 262,5 კმ, სიმძლავრე - 5 მლრდ კუბ. მეტრი გაზი წელიწადში.
  • თურქული ნაკადი - მარშრუტი „ანაპა-ლიულებურგაზი“. სიგრძე - 1090 კმ, სიმძლავრე - 31.5 მლრდ მ³ წელიწადში.

თვითონ „ჩრდილოეთის ნაკადი“, რომელიც ახლა ჩაკეტილია, ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის და იამალ-ევროპის გაზსადენის სისტემის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენს. 2011 წლიდან 2021 წლამდე „ჩრდილოეთის ნაკადი“ იყო ყველაზე გრძელი წყალქვეშა გაზსადენი მსოფლიოში: სიგრძე 1224 კმ; გამტარიანობა 58,8 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში,

გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოლაპარაკებები "ჩრდილოეთის ნაკადის" მშენებლობაზე. 2003 წლის 9 ოქტომბერი, ეკატერინბურგი

სპეციალისტების განმარტებით, „გაზპრომს“ შეუძლია გაზარდოს მიწოდება თუნდაც უკრაინის გავლით, მაგრამ ამას არ აკეთებს. ზუსტად ასე მოიქცა რუსეთი, როცა ერთი თვის წინ „პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის“ გააჩერა ევროპისკენ მიმავალი სამი გაზსადენიდან ერთი - თურქული ნაკადი. მაშინაც რუსეთმა არ გაზარდა მიწოდება არც „ჩრდილოეთის ნაკადით“ და არც - უკრაინის გავლით.

გერმანიის პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატი რობინ მეზაროშიც შენიშნავს, რომ „გეგმური სამუშაოები“ მხოლოდ საბაბია.

„პუტინი "ჩრდილოეთის ნაკადით" იმის ნახევარ ბუნებრივ აირს უშვებს, რასაც ადრე აწვდიდა ევროპას, ამ დროს "იამალის" მილსადენი საერთოდ უმოქმედოდ არის ევროპისთვის, "ტრანსგაზის" გაზსადენიც (უკრაინის გავლით) ასევე არ მუშაობს სრული დატვირთვით. ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არა გაზსადენების, არამედ გაზის პრობლემასთან“, - ამბობს გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე გამოეხმაურა მემარჯვენე პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ინიციატივას, რუსული გაზის შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედების თაობაზე.

„ეს იგივეა, ბანკომატების რაოდენობის გაზრდით ცდილობდე სიღარიბის დაძლევას“, - განაცხადა რობინ მეზაროშმა გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას.

გერმანია თადარიგს იჭერს

ევროპა, ცხადია, უკვე ემზადება მძიმე ზამთრისთვის, რაც აუცილებლად დადგება სრული ენერგეტიკული ბლოკადის პირობებში. მთავარი სამზადისი მიწისქვეშა მარაგების შევსებაა, მაგრამ ასეთი შემცირებული მიწოდებით ევროპა ვერაფრით შეძლებს მიწისქვეშა საცავების შევსებას ოქტომბერ-ნოემბრამდე ანუ გათბობის სეზონის დადგომამდე.

ჯერჯერობით გაზის საცავები 61%-ითაა შევსებული, თუ დარჩენილ სამ თვეში საცავები არ შეივსება 80%-მდე, გაზის ფასი იმდენად გაიზრდება, რომ ბაზრის ბუნებრივ კოლაფსს გამოიწვევს. სხვა სიტყვებით, ხალხი შეწყვეტს სითბოს შეძენას, ქარხნები გაჩერდებიან, მთავრობები იძულებული იქნებიან გადავიდნენ მარაოსებრ გათიშვებზე და დენისა და გათბობის მიწოდების კვოტირებაზე.

გერმანიამ უკვე გამოაცხადა ენერგეტიკული საფრთხის თუ განგაშის მეორე დონე. მესამე და ბოლო დონე ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობაა, როდესაც ელექტროქსელის სახელმწიფო ოპერატორი იღებს უფლებამოსილებას, შეზღუდოს ან საერთოდ გამორთოს მომხმარებლები.

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ეკონომიის მიზნით, ბერლინისა და მიუნხენის ღია საზოგადოებრივი აუზები წყალს 2 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურამდე ათბობენ, კიოლნში 23:00 საათის შემდეგ 70%-მდე შეამცირეს ქუჩის განათება, ხოლო Vonovia-მ - გერმანიაში საცხოვრებელი ნაგებობების უმსხვილესმა მესაკუთრემ, მობინადრეები გააფრთხილა, რომ ღამით ბინები მაქსიმუმ +17 გრადუსამდე გათბებოდა.

თუ რუსეთი მთლიანად შეუწყვეტს გაზის მიწოდებას, გერმანიაში ეკონომიკური აქტივობის კლებამ შეიძლება 13%-ს მიაღწიოს, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ Prognos-ის ეკონომისტები, რომლებიც ბავარიის მრეწველთა ასოციაციამ (vbw) დაიქირავა. მათი შეფასებით. შუამავლებისა და მომწოდებლების გათვალისწინებით, მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში, ზარალი თითქმის 200 მილიარდი ევრო იქნება. დაზარალდება არა მხოლოდ ფლაგმანი საავტომობილო ინდუსტრია, არამედ მინის, კერამიკისა და კვების მრეწველობა, ასევე ფოლადის და ტექსტილის მრეწველობა. 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიძლება დაკარგოს სამსახური.

„დავუშვით საშინელი შეცდომა, როდესაც გერმანია ასე ძლიერად დამოკიდებული გავხადეთ ერთი ქვეყნიდან ენერგორესურსების იმპორტზე. და ეს ქვეყანა რუსეთია, - განაცხადა Bloomberg-თან ინტერვიუში გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა, რომელიც წარმოადგენს მწვანეთა პარტიას ოლაფ შოლცის კოალიციურ მთავრობაში, - ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვზრდიდით ჩვენს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, ახლა კი ვცდილობთ, თავი დავაღწიოთ მას სულ რაღაც რამდენიმე თვეში“.

რობერტ ჰაბეკი

ბავარიის პრემიერ-მინისტრმა და ქრისტიან-სოციალური კავშირის თავმჯდომარემ, მარკუს ზიოდერმა ტელევიზია ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, გერმანიამ უნდა გაუხანგრძლივოს ექსპლუატაციის ვადა ქვეყანაში მოქმედ ბოლო სამ ატომურ ელექტროსადგურს, რასაც მმართველი კოალიციის წევრი „მწვანეები“ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ზიოდერის თქმით, „გერმანიის მილიონობით მცხოვრები შესაძლოა სიღარიბის წინაშე აღმოჩნდეს, ათასობით და შესაძლოა მილიონობით ადამიანი კი, ბინების გასათბობი გაზის დეფიციტის გამო, რაღაც დარბაზებში განთავსდეს“.

საფრანგეთი ზამთარს მომზადებული ხვდება

რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტისათვის ემზადებიან საფრანგეთშიც.

„საფრანგეთის მთავრობა ემზადება რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი სცენარი ყველაზე სავარაუდოა, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსთა, სამრეწველო და ციფრული სუვერენიტეტის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა კვირას, 10 ივლისს, - ვფიქრობ, რომ რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა საკმაოდ რეალურია და ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის. სრულიად უპასუხისმგებლო იქნება ამ სცენარის იგნორირება“.

ფრანგი მინისტრის თქმით, მთავრობა მუშაობს იმ კომპანიების სიის განსაზღვრაზე, რომლებმაც, მიწოდების შეფერხების შემთხვევაში, პრიორიტეტულად უნდა მიიღონ სახელმწიფო დახმარება.

ბრუნო ლე მერი

„თავდაცვის "პირველი ხაზი" გადის შინამეურნეობებისა და კომპანიების ენერგომოხმარების შემცირებაზე, შემდეგი ეტაპი ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაა, მაგალითად, თხევადი ბუნებრივი აირის საზღვარგარეთიდან მიღებისთვის საჭირო მცურავი ტერმინალების მშენებლობა“, - განაცხადა მინისტრმა.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, რუსული გაზი საფრანგეთის მთლიანი მომხმარების 17%-ს შეადგენს, რის გამოც იგი სხვა ევროპულ ქვეყნებზე ბევრად დამოუკიდებელია ენერგეტიკის თვალსაზრისით. საფრანგეთი კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა, რომ არა მრავალი ატომური რეაქტორის ტექმომსახურებისთვის დახურვა. ეს გარემოება არ აძლევს საშუალებას საფრანგეთის ბირთვულ ენერგეტიკას, სწრაფად შეავსოს ამოვარდნილი მოცულობები.

სად წაიღებს რუსეთი „ევროპისთვის განკუთვნილ“ გაზს?

ვიდრე „გაზპრომი“ „გეგმურ სამუშაოებს“ დაიწყებდა, გერმანიის ელექტროენერგიის, გაზის, ტელეკომუნიკაციების, ფოსტისა და რკინიგზის ფედერალური ქსელის სააგენტო Bundesnetzagentur-მა (BNetzA) ასევე განაცხადა, რომ ვარაუდობს რუსეთიდან გაზის მიწოდების სრულ შეწყვეტას და ქვეყნის მოსახლეობას ენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა. BNetzA-ს ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა არ გამორიცხა, რომ პროფილაქტიკური სამუშაოებისათვის „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდების დაგეგმილი შეწყვეტა შეიძლება გადაიზარდოს „პოლიტიკური მიზეზებით უწყვეტ ტექმომსახურებაში“.

რუსი ეკონომისტის მიხაილ კრუტიხინის დაკვირვებით, ევროპის ბევრი ქვეყანა დამოუკიდებლად ცდილობს გათავისუფლედეს რუსულ გაზსა და „გაზპრომზე“ დამოკიდებულებისგან, შესაბამისად, ამ სფეროში შესაძლოა შეთანხმებული სანქციების დაწესების აუცილებლობაც კი არ დადგეს. კრუტიხინის თქმით, ევროპა პირველად არ გამხდარა „გაზპრომის“ შანტაჟის მსხვერპლი და მოწმე.

მიხაილ კრუტიხინი

„გაზით შანტაჟი დაიწყო 2005 წლის ზამთარში, ბელარუსზე გამავალი გაზსადენის ჩაკეტვით. მერე იყო 2006 წელი, მერე 2009 წელი - დემონსტრაციული გათიშვები უკრაინის ტერიტორიის გავლით, როცა რუსეთის პრეზიდენტი ტელევიზორით იძლეოდა ონკანის ჩაკეტვის ბრძანებებს. შემდეგ იყო 2012 წლის 6 თვე, 2014 წლის ბოლო და 2015 წლის დასაწყისი, როცა რუსეთის ხელისუფლების განკარგულებით 50%-ით შემცირდა ევროპისთვის გაზის მიწოდება. შარშან ზამთრისთვის რუსეთმა, კრიზისის გასამწვავებლად, შეგნებულად არ შეავსო ევროპის ტერიტორიაზე თავის საკუთრებაში არსებული გაზსაცავები“, - ამბობს მიხაილ კრუტიხინი, რომლის თქმითაც, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთს თავისი ბუნებრივი აირის გასაღების სხვა ალტერნატიული ბაზრების დიდი არჩევანი არ აქვს:

„სად წაიღებს გაზს, რომელსაც ევროპა არ იყიდის? ჩინეთი ვერ წაიღებს, რადგან შარშან მხოლოდ 10 მლრდ კუბ. მეტრი აითვისა. ღმერთმა ქნას, 2015 წლისთვის 38 მლრდ კუბ. მეტრი გაატაროს გაზსადენმა „სილა სიბირიმ“, მაგრამ ეს ახლოსაც არაა 155 მლრდ კუბ. მეტრთან, რაც ადრე იყო“.

გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა შეიძლება კიდევ უფრო დააჩქარა „მწვანე ენერგიაზე“ გადასვლის პროცესი.

ეკონომისტ სერგეი ვაკულენკოს თქმით, თუ ადრე ნავთობის მოხმარების შესამჩნევ კლებას 2035 წლისთვის, ხოლო გაზის მოხმარებისას 2045 წლისთვის ვარაუდობდნენ, ახლა დროის ეს მონაკვეთები შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირდეს.

სერგეი ვაკულენკო

„ეს იქნება რუსეთისთვის დამატებითი დიდი პრობლემა ომის შემდგომ მსოფლიო წესრიგში, როდესაც რუსეთს დასჭირდება ფული როგორც ომით, ემბარგოთი და სხვა ყველაფრისგან გამოფიტული ეკონომიკის აღსადგენად, ასევე რეპარაციების გადასახდელად“, - ამბობს სერგეი ვაკულენკო.