7 წელი ომის ხსენებისთვის

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მუნიციპალური საბჭოს დეპუტატს ალექსეი გორინოვს, რომელსაც რუსეთის პროკურატურამ ბრალი დასდო რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში. მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლზე დაყრდნობით.

ეს მუხლი, რომლის სრული სახელია „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ სანდო შეტყობინებების საფარქვეშ შეგნებულად ყალბი ინფორმაციის საჯარო გავრცელება“, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 4 მარტს მიიღეს. ალექსეი გორინოვმა მუნიციპალური საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის არმიის მოქმედებას უკრაინაში „ომი“ უწოდა, ნაცვლად თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალურად განსაზღვრული „სპეციალური სამხედრო ოპერაციისა“. ალექსეი გორინოვის საქმე პირველი შემთხვევაა, როცა 207.3 მუხლით ბრალდებულ მოქალაქეს პატიმრობა მიესაჯა.

სასჯელი უფრო მკაცრი, 15 წლამდე პატიმრობაც, შეიძლებოდა ყოფილიყო, მით უფრო, რომ პროკურატურა 60 წლის დეპუტატს დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენას ედავებოდა. გამოძიების მტკიცებით, „ალექსეი გორინოვმა დანაშაული ჩაიდინა წინასწარი განზრახვით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და მტრობით“.

ალექსეი გორინოვი განსასჯელის სკამზე ტრანსპარანტით ხელში: "თქვენ ისევ გინდათ ეს ომი?!" 8 ივლისი, 2022 წელი

2022 წლის 15 მარტს, დეპუტატთა საოლქო საბჭოს ღია სხდომაზე, გორინოვმა გააკეთა განცხადება, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, „შეიცავდა ყალბ მონაცემებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შესახებ“.

ალექსეი გორინოვის სიტყვა: „ვფიქრობ, ეს გეგმა არ უნდა იქნეს მიღებული. რა სახის დასვენებასა და გართობაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა ყველანი გადავედით თვისებრივად განსხვავებულ ცხოვრების წესზე, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, როცა ჩვენი ქვეყანა ახორციელებს აგრესიას? რა საბავშვო ნახატების კონკურსზე შეიძლება ვისაუბროთ ან გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საცეკვაო პროგრამების ორგანიზებაზე, როდესაც ყოველდღიურად იღუპებიან (უკრაინაში უკვე 100-მდე ბავშვი დაიღუპა) ან ობლდებიან ბავშვები, როდესაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა შვილიშვილები და შვილთაშვილები ახლა უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების ჯოჯოხეთში არიან ჩაცვენილი. მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა მხოლოდ ომის შეჩერებისა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანისკენ უნდა იყოს მიმართული. გეგმის პუნქტები ამ საკითხებს რომ დათმობოდა, სიამოვნებით დავუჭერდი მხარს. ამ სახით, მე პირადად კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებ... ვფიქრობ, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მთავარი საკითხი - შეჩერდეს ომი, გამოვიდნენ ჯარები მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან და შეჩერდეს აგრესიული მოქმედებები“.

გორინოვს მხარი დაუჭირა ერთადერთმა კოლეგამ, დეპუტატმა ელენა კოტენოჩკინამ, რომლის წინააღმდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის იმავე მუხლით, თუმცა კოტენოჩკინამ რუსეთიდან გაქცევით უშველა თავს.

ალექსეი გორინოვმა „დანაშაული“ 15 მარტს ჩაიდინა. სამართალდამცავები მისი საქმიანობით მხოლოდ აპრილის პირველ რიცხვებში დაინტერესდნენ, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც რუსეთის დამსახურებულმა არტისტმა მარია შუკშინამ (ცნობილი რეჟისორისა და მწერლის ვასილი შუკშინის უფროსმა ქალიშვილმა) დეპუტატი არაპატრიოტიზმის ნიმუშად დაასახელა და სოციალურ ქსელში დაწერა:

აი, ასეთი დეპუტატები გვყავს! თანაც არა სადმე, არამედ პირდაპირ კრემლის ცხვირწინ“.

მარია შუკშინა

26 აპრილს სამართალდამცავებმა საოლქო საბჭოს შენობაში დეპუტატის სამუშაო ოთახის კარი შეამტვრიეს და ყველა სახის კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს. 26 აპრილსვე ჩატარდა ჩხრეკა გორინოვის სახლში, საიდანაც დეპუტატი საგამოძიებო იზოლატორში წაიყვანეს.

გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მსვლელობისას ალექსეი გორინოვი პატიმრობაში რჩებოდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა პატიმარი გირაოთი გაეთავისუფლებინათ, მიუხედავად იმისა, რომ განსასჯელი ტუბერკულოზით არის ავად. განაჩენის გამოცხადების წინ, უკანასკნელ სიტყვაში, ალექსეი გორინოვმა კვლავ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომზე ილაპარაკა:

„დარწმუნებული ვარ, რომ ომი არის დეჰუმანიზაციის ყველაზე სწრაფი საშუალება, როცა იშლება ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს ყოველთვის სიკვდილია, არ ვიღებ და უარვყოფ მას. ეს მასწავლა ჩვენმა წარსულმა. მიმაჩნია, რომ რუსეთმა ომების ლიმიტი ამოწურა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში, თუმცა, ახლა ჩვენი აწმყო ბუჩა, ირპენი და გოსტომელია. ეს სახელები გეუბნებათ რამეს? თქვენ გედებათ ბრალი! დაინტერესდით, მოგვიანებით რომ არ თქვათ, არ ვიცოდითო. რუსეთი ხუთი თვის განმავლობაში აწარმოებს საომარ მოქმედებებს მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და მას მორცხვად უწოდებს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას". გამარჯვებას და დიდებას გვპირდებიან. მაშინ რატომ გრძნობს ჩვენი ამდენი თანამოქალაქე სირცხვილსა და დანაშაულს? რატომ დატოვა ბევრმა ადამიანმა რუსეთი და რატომ მიდიან დღემდე? რატომ გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას ამდენი მტერი? იქნებ ჩვენშია მიზეზი? იქნებ რამე გვჭირს? მოდი, ვიფიქროთ! საშუალება მაინც მოგვეცით ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება. აზრები გავცვალოთ, ეს ხომ ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა....“

ალექსეი გორინოვმა სასამართლოში წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვა მართლმსაჯულებაზე საუბრით დაასრულა:

„1991 წლის აგვისტოში, პუტჩის დღეებშიც დეპუტატი ვიყავი. სხვა დამცველებთან ერთად რუსეთის უმაღლესი საბჭოს შენობასთან, "თეთრ სახლთან" ვიდექი. მაშინ მომავალს ვიცავდით, უფლებას, გვეცხოვრა თავისუფლად - რაც ნიშნავს თავისუფლად საუბარს, აზრების გამოთქმას, ინფორმაციის მიღებას და გაზიარებას. მაშინ რომ ეთქვათ, ოცდაათი წლის შემდეგ სიტყვისა და გამოთქმული აზრის გამო სისხლის სამართლის მუხლით გაგასამართლებენო, არ დავიჯერებდი. მიზეზები იმ სამწუხარო შედეგისა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მიუახლოვდა, მოითხოვს ისტორიკოსების ყურადღებას და საფუძვლიან ანალიზს, მოითხოვს არა მხოლოდ გააზრებას, არამედ დასკვნების გამოტანას, რაც ადვილი არ იქნება. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ომი ომია. უნდა უზრუნველვყოთ დაზარალებულების რეაბილიტაცია და დამნაშავეების გასამართლება. უნდა აღვადგინოთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის კეთილი სახელი. მანამდე კი ვუსურვებ ჩვენს მთავრობას კეთილგონიერებას, სასამართლოს კი - სიბრძნეს; ყველას, ვინც რეპრესიების ახალ ტალღაში მოყვება, ვუსურვებ მედგრად ყოფნას, ისევე როგორც მთელ უკრაინელ ხალხს; საკუთარ თავს ვუსერვებ უკრაინაში რუსეთის ელჩობას, ხოლო ყველას, ვინც უშუალოდ ან შორიდან დამიჭირა მხარი - გულის არგატეხვას!“

რუსმა უფლებადამცველმა მარინა ლიტვინოვიჩმა ტელეკომპანია RTVI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალექსეი გორინოვისთვის გამოტანილ განაჩენს საჩვენებელი უწოდა.

„ეს განაჩენი მიზნად ისახავს, პირველ რიგში, დეპუტატებისა და საჯარო მოხელეების დაშინებას. ამიტომ არის განაჩენში ხაზგასმით ნათქვამი, რომ გორინოვი დეპუტატია. ხელისუფლების სულ უმნიშვნელო წარმომადგენელსაც კი ესმის უკვე, რომ "სპეცოპერაციის" წინააღმდეგ ერთი სიტყვაც კი არ უნდა დაცდეს, თუ არადა მიიღებს საჩვენებელ 7 წელს შრომა-გასწორების კოლონიაში“, - განაცხადა რუსმა უფლებადამცველმა.

მარინა ლიტვინოვიჩი

ალექსეი გორინოვი პირველია, ვისაც პატიმრობა მიუსაჯეს სისხლის სამართლის კოდექსში ნაჩქარევად შეტანილი 207.3 მუხლის დარღვევისათვის. აქამდე პასუხისგებაში მიცემულ ორ ადამიანს სასამართლომ ჯარიმა და პირობითი პატიმრობა აკმარა.

  • 2022 წლის 30 მაისს ამიერბაიკალის სასამართლომ 1 მილიონი რუბლით დააჯარიმა პეტრე მელნიკოვი, რომელმაც, ბრალდების თანხმად, სოციალურ ქსელში, როგორც საჯარო ჯგუფის „მე ვცხოვრობ ნანგრევებში“ ადმინისტრატორმა, არაერთი ფალსიფიცირებული ტექსტი გამოაქვეყნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე.
  • 2022 წლის 1 ივნისს იალტის სასამართლომ 5 წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს ანდრეი სამოდუროვს, რომელიც, განაჩენის მიხედვით, 2022 წლის 14 მარტს დადიოდა ბინიდან ბინაზე და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებდა, რადგან „შეერთებული შტატების რაკეტები და თვითმფრინავები უკვე მიფრინავენ ყირიმისკენ უკრაინაში დაწყებული ომის გამო“.

წინ, საბჭოთა რუსეთისკენ?

სულ რუსეთის საგამოძიებო სტრუქტურებს 207.3 მუხლის დარღვევის ნიშნით 68 საქმე აქვთ აღძრული.

ალექსეი გორინოვისთვის გამოტანილმა განაჩენმა საგამოძიებო იზოლატორში მიუსწრო ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და გორინოვის კოლეგას მუნიციპალურ საბჭოში, ილია იაშინს, რომელმაც არ დამალა, რომ სასამართლოს ვერდიქტმა გააოგნა და, ცოტა არ იყოს, შეაშინა კიდეც:

ილია იაშინი მოსკოვის სასამართლოში

„რასაკვირველია, ვინც გორინოვის საქმე ჩაიფიქრა, იმას სწორედ ასეთი ეფექტის იმედი ჰქონდა. ეს არის დაშინების აქტი. აშინებენ დამოუკიდებელ დეპუტატებს არჩევნების წინ: "დარწმუნებული ხართ, რომ უნდა წამოაყენოთ თქვენი კანდიდატურა? ხედავთ, რა შეიძლება დაგემართოთ?" აშინებენ მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში საუბრობენ: "იქნებ თქვენც გინდათ უკან მიჰყვეთ შვიდი წლით?" მაშინებენ, რა თქმა უნდა, პირადად მეც. გორინოვი ჩემი ახლო მეგობარია, მრავალი წელია ერთ გუნდში ვმუშაობთ. მისთვის გამოტანილი ველური განაჩენი, უდავოდ შავი ნიშანია, რომელიც ჩემ წინ მაგიდაზე დადეს“.

მოსკოვის რაიონული სასამართლოს განაჩენი დაგმო უკრაინაში ომის მხარდამჭერმა და ტერმინ „სპეცოპერაციის“ დამკვიდრების მომხრე მემარცხენე პოლიტიკოსმა, სერგეი უდალცოვმა.

„ალექსეი გორინოვს დიდი ხანია ვიცნობ, ის მართლაც პრინციპული და გულისხმიერი ადამიანია. არ ვიზიარებ მის პოზიციას დონბასში სპეცოპერაციის შესახებ, მაგრამ აზრის გამოთქმისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა პირდაპირი გზაა დიქტატურისაკენ. ალექს, მაგრად დადექი!“, - დაწერა სერგეი უდალცოვმა, მოძრაობა „წითელი ახალგაზრდობის ავანგარდის“ ლიდერმა სოციალურ ქსელში.

ისტორიკოსმა ანდრეი ზუბოვმა გაიხსენა „ვერმოკლული ალექსეი ნავალნისა“ და ასევე „ვერმოკლული ვლადიმირ კარა-მურზას“ გასამართლებები. სამივე მათგანი სრულიად ყალბი, ფეიკ-ბრალდებებით გაასამართლეს.

ანდრეი ზუბოვი

„სისულელეა აღშფოთება - ხუთი წელი, სამი წელი, შვიდი წელი. თუნდაც სამი ათასი წელი იყოს. რუსეთში სასამართლო აღარ არსებობს. არის ხელისუფლების აღვირახსნილი თვითნებობა და არიან მანტიამოსხმული უბადრუკი კაცუნები, რომლებიც სხვების დაწერილ განაჩენებს კითხულობენ, - ამბობს ისტორიკოსი, - ერთადერთი გონივრული კითხვა ეხება არა უდანაშაულო მსჯავრდებულთა სასჯელის მოცულობას - დიდია თუ ისე რა, არამედ იმას, თუ როდის და როგორ დაინგრევა ამაზრზენი სისტემა, რომელიც წარმოშობს ყალბ სასამართლოს, ცრუ და ხარბ ხელისუფლებას, ომსა და სიკვდილს. ესაა მნიშვნელოვანი. სანამ ხელისუფლება არ დაინგრევა, ნებისმიერი შეიძლება იოლად იქცეს მის მსხვერპლად. როგორც 1918 წელს, როგორც 1929 წელს, როგორც 1937 წელს და ნებისმიერ წელს 1917 წლიდან მოყოლებული დღემდე“.

„ომის“ ხსენებისთვის ასეთი მკაცრი სასჯელის დაწესება ბევრს აფიქრებინებს რუსეთში, რომ კრემლის მოქმედებას უკრაინაში არ ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც ე.წ. სოციალური გამოკითხვები აჩვენებს. ყოფილი საბჭოთა დისიდენტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, ალექსანდრ პოდრაბინეკი მიიჩნევს, რომ 8 ივლისს კრემლის თავზე ტერორის მორიგი დროშა აფრიალდა:

„ასეთი სასჯელები დამახასიათებელი იყო სტალინის დროისთვის, როდესაც უწყინარი შენიშვნისთვის, ანეკდოტის მოყოლისთვის ან კრებაზე "არასწორი" გამოსვლისთვის უსჯიდნენ გრძელვადიან პატიმრობას და სიკვდილით დასჯასაც კი. რა თქმა უნდა, სტალინის დროს სახელმწიფო ტერორს მასობრივი ხასიათი ჰქონდა, მილიონობით ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი. დღეს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი გორინოვია, მაგრამ ნებისმიერი ანგარიში ხომ ერთით იწყება. დღევანდელი განაჩენი იმის მაჩვენებელია, რომ პოლიტიკურმა რეპრესიებმა რუსეთში სტალინური ხარისხი შეიძინა. ვერც კი მოვასწრებთ შემჩნევას, როგორ სწრაფად დაეწევა დღევანდელი რეპრესიები ბოლშევიკურ ტერორს რაოდენობითაც”.

ალექსანდრ პოდრაბინეკი

რუსეთში რეპრესიების მოსალოდნელ ზრდაზე არაერთი ფაქტორი მეტყველებს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რუსეთის მოსახლეობის 72% უჭერს მხარს და ოფიციალურისგან განსხვავებული ნებისმერი ინფორმაციის გავრცელება შეიცავს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის რისკებს, ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოქალაქეებისგან მაინც მეტ კონსოლიდაციას მოითხოვს.

„ქვეყანა ჩვეულებრივი, მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობს. ზაფხული, საკურორტო სეზონი, კულტურული ცხოვრება, გამოფენები. ბიჭები კი იქ ტყვიების ქვეშ ხნავენ, გესმით, ხო? სიცოცხლეს რისკავენ და თავიანთ მეგობრებს კარგავენ სამშობლოსათვის ბრძოლაში! ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი, საჭიროა საერთო-ეროვნული დღის წესრიგი შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა იგრძნონ ეს მხარდაჭერა“, - განაცხადა პუტინმა 7 ივლისს კრემლში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიღებისას.

პუტინის შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრებთან კრემლში. 2022 წლის 7 ივლისი

რუსეთში მოქმედი ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ ერთ-ერთი ლიდერის ლევ შლოსბერგის თქმით, მეტი „კონსოლიდაცია“ და უფრო მკაცრი კანონები საბჭოთა რუსეთში იყო.

„ალექსეი გორინოვისთვის მისჯილი 7 წელი - რსფსრ-ის 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის - "ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა" - პირდაპირი რეპლიკაა. იმისთვის, რომ უფსკრულიდან ამოვიდეთ, უნდა გავიაზროთ, სად ჩავიჩეხეთ“, - ამბობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.