ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან

მარცხნიდან: ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი დიმიტარ კოვაჩევსკი და ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად. ბრიუსელი, 19 ივლისი.

ბრიუსელმა დაიწყო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ევროკომისია და მოლაპარაკებებში მონაწილე ორი ქვეყნის გუნდები დაიწყებენ პირველ ეტაპს პროცესისა, რომლის ფარგლებშიც ალბანეთი და ჩრდილოეთი მაკედონია ევროკავშირის უფლებებსა და ვალდებულებებს გაეცნობიან.

ალბანეთს 2014 წელს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩრდილოეთ მაკედონიას - 2005 წელს.

ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა, ნატოსა და ევროკავშირში შესვლის გზაზე წინააღმდეგობა შეხვდა საბერძნეთისა და ბულგარეთისგან. საბერძნეთმა, რომელსაც ისტორიული ოლქი, მაკედონია აქვს, ნატოში ქვეყნის მიღებას მხარი მას შემდეგ დაუჭირა, რაც 2019 წელს, მათ შორის შეთანხმება გაფორმდა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა დათანხმდა ახალ სახელწოდებას, ჩრდილოეთ მაკედონიას. ევროკავშირში მის გაწევრებას აფერხებდა ბულგარეთთან უთანხმოება, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრები ბულგარელების ეთნიკურ უმცირესობად აღიარების საკითხში.

გასული კვირის ბოლოს სოფიამ და სკოპიემ საფრანგეთის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში ბულგარული უმცირესობის უფლებების დაცვას ითვალისწნებს საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, ასევე სკოპიეს ვალდებულებას, კეთილმეზობლური ურთიერთობები იქონიოს ბულგარეთთან.