პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი და ომი

ავტ. სერგეი ტაშევსკი

„გამონაკლისის გარეშე, ყველა ომი, რომელიც რუსებმა აწარმოეს, იყო თავდაცვითი. რუსეთი ყოველთვის "კონტინენტური ბლოკადის" მსხვერპლია. რუსეთი ცუდს არაფერს აკეთებს. ბოროტებაა მხოლოდ ის, რასაც რუსეთს უკეთებენ. ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს“, - ეს არაა ციტატები რუსეთის პროპაგანდისტული მედიის, „რაშა თუდეის“ ან „პერვი კანალის“ მეთოდური სახელმძღვანელოებიდან. რუსეთის პოლიტიკური უცოდველობის იდეა ჩამოყალიბდა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე და ის ეკუთვნის ფილოსოფოს ივან ილინს, რომელიც 1922 წლის 29 სექტემბერს პირველი ე.წ. ფილოსოფიური ორთქმავლით გააძევეს საბჭოთა კავშირიდან. სიცოცხლის ბოლომდე (მთელი 32 წელი იცხოვრა ემიგრაციაში) ილინს სძულდა ბოლშევიზმი და ჰიტლერული მოდელის ნაცისტურ იდეებში ხედავდა რუსი ხალხისა და სახელმწიფოს გადარჩენის გზას. 100 წლის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთის მმართველი ელიტა თითქმის მთლიანად შედგება ივან ილინის ერთგული მოწაფეებისგან.

პირველი „ფილოსოფიური ორთქმავლის“ ბილეთები საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ერგოთ. ივან ილინი, რომელსაც ლენინმა, დახვრეტის ნაცვლად („არ შეიძლება! ჰეგელის შესახებ საუკეთესო წიგნის ავტორია“), პირადად გამოუწერა „ჩაჯდომის ტალონი“, სწორედაც რომ „მემარჯვენე“ ფილოსოფიური აზრის სამაგალითო წარმომადგენელი იყო - მონარქისტი, რომელმაც არ მიიღო ბოლშევიკური გადატრიალება.

ერთ-ერთი "ფილოსოფიური ორთქმავალი", რომელმაც პეტროგრადი დატოვა 1922 წლის შემოდგომაზე.

ბერდიაევისგან განსხვავებით, ევროპა ცივად შეხვდა ილინს, გარდაცვალების (1954 წ.) შემდეგ კი საერთოდ სცადა მისი დავიწყება, მიაკუთვნა რა მეორეხარისხოვან რუს მემარჯვენე მოაზროვნეთა რიგებს. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ილინი ნახევრად გერმანელი იყო (დედა - კაროლინე ლუიზე შვეიკერტ ფონ შტადიონ) და შესანიშნავად წერდა და ლაპარაკობდა გერმანულად. მსოფლიო ფილოსოფიის ისტორიაში ილინი დარჩებოდა კიდეც ჰეგელის ფილოსოფიის ერთ-ერთ მკვლევრად, რომ არა მისი სიკვდილისშემდგომი ბედის მოულოდნელი შემობრუნება XXI საუკუნეში. ახლა დასავლეთში ილინს უძღვნიან წიგნებს. 2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა გამოაქვეყნა წიგნი „გზა არათავისუფლებისაკენ“, რომელშიც გამოიკვლია ფილოსოფოსის გავლენა ვლადიმირ პუტინის მსოფლმხედველობაზე:

„რუსული კულტურა, წერდა ილინი, ავტომატურად წარმოქმნის "ძმურ ერთობას" ყველგან, სადაც კი რუსების ძალაუფლება ვრცელდება. ილინი სიტყვა "უკრაინელებს" ბრჭყალებში სვამდა, რადგან უარყოფდა მათ დამოუკიდებელ, რუსული ორგანიზმის მიღმა არსებობას. განცალკევებით უკრაინაზე მსჯელობას ის მიიჩნევდა რუსეთის მოსისხლე მტრობად. ილინს თავისთავად ბუნებრივ რამედ მიაჩნდა ის, რომ უკრაინა რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდებოდა პოსტსაბჭოთა პერიოდშიც“. ტ. სნაიდერი, "გზა არათავისუფლებისაკენ"

პოსტსაბჭოთა რუსეთში ილინის ნაწარმოებები, რომელთა კითხვა რეკომენდებულია ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, არაერთხელ გამოიცა მაღალი ტირაჟით. ფილოსოფოსის ციტატები ხშირად გაისმის მაღალი ტრიბუნებიდან, მათ ასევე შეხვდებით პუბლიცისტური სტატიების ეპიგრაფებსა და რუსეთის ერთიანი ეროვნული გამოცდების ბილეთებში.

ამ ფაქტების განზოგადებით, სნაიდერი ილინის ტექსტებში პოულობს პუტინის აგრესიული მსოფლმხედველობის ძირითად წყაროს.

თუმცა ყველა არ ეთანხმება ამერიკელი მეცნიერის ამ დასკვნას. ტომსკის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი ნიკოლაი კარპიცკი, რომელიც ახლა სლავიანსკში, რუსული რაკეტების აქტიური მოქმედების ზონაში ცხოვრობს, ვერ ხედავს იმის დამაჯერებელ მტიცებულებებს, რომ უკრაინელების ყოველდღიურ მკვლელობებში ილინია „დამნაშავე“.

„პუბლიცისტიკა - სულაც არ არის ფილოსოფია. ილინს აქვს მხოლოდ ერთი წმინდად ფილოსოფიური წიგნი, რომელიც ეძღვნება ჰეგელს, ძალიან კარგი ნამუშევარი, რომლითაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა მეცნიერების ისტორიაში. რაც შეეხება მის სოციალურ პუბლიცისტიკას. ის გაჟღენთილია იმ დროის ამსახველი და შესაბამისი იდეებით. მაშინ ნაციონალიზმს ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკუთარი თავი სათანადოდ დისკრედიტირებული, ამიტომ ერთი შეხედვით ნორმალურ ადამიანებში პოპულარული იყო ფაშისტური იდეები. მხოლოდ ჰიტლერის "დამსახურებით" (რომელმაც პრაქტიკაში აჩვენა, რა არის ფაშიზმი) გახდა ეს იდეები მიუღებელი. ილინის ფაშიზმით გატაცებაში არაფერი იყო ორიგინალური. დღეს ეს იდეები უიმედოდ მოძველებულია, თუმცა ილინით გატაცება მოდური გახდა თანამედროვე რუს ნაციონალისტებში.

ივან ილინი

ინტელიგენციის წრეებში ილინი აღიქმება მისი არქაული ნაციონალისტური იდეების გაუთვალისწინებლად, ხშირ შემთხვევაში კი, მისი კულტივირებაც ხდება. პუტინის შეხედულებები ჩამოყალიბებულია სპეცსამსახურების სამყაროს სურათის ლოგიკით და ისინი არ გამომდინარეობენ არცერთი ფილოსოფიური სისტემიდან, მაგრამ მოდის მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ შეხედულებებს მოუძებნონ სოლიდური დასაბუთება, ამიტომ შეარჩიეს ავტორიტეტად ილინი. მახსოვს, თავის დროზე გადაწყვიტეს, საბჭოთა კოსმონავტიკა რომელიმე რუსი ფილოსოფოსის სახელთან „დაეკავშირებინათ“ და იპოვეს კიდეც ასეთი - ნიკოლაი ფედოროვი! ჩემი აზრით, ილინს ისეთივე დამოკიდებულება აქვს რუსეთის დღევანდელი რეჟიმის ქმედებებთან, როგორიც ნიკოლაი ფედოროვს ჰქონდა კოსმოსურ ფრენებთან. რუსული ფაშიზმის ნამდვილ ფუძემდებლად დავასახელებდი დანილევსკის, უფრო ზუსტად, მის წიგნს „რუსეთი და ევროპა“. ეს არის ჰიტლერის „Mein Kampf“-ის რუსული ეკვივალენტი“, - ამბობს ნიკოლაი კარპიცკი.

დანამდვილებით ვერასდროს გავიგებთ, რამდენად „შთააგონა“ პუტინს ილინის წიგნების კითხვამ უკრაინაში შეჭრა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ციტატები ფილოსოფოსის სტატიებიდან გაცილებით აქტუალურად ჟღერს მისი გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ:

„აზერბაიჯანელ თათრებსა და სომხებს შორის ჩამოვარდნილი ეროვნული შუღლი მოითხოვდა მკაცრ ტერიტორიულ დაყოფას, მაგრამ ეს დაყოფა სრულიად შეუძლებელი გამოდგა: აღმოაჩინეს დიდი ტერიტორიული კვანძები შერეული მოსახლეობით და მხოლოდ საბჭოთა ჯარების არსებობამ შეუშალა ხელი ურთიერთხოცვას. როდესაც ბოლშევიკების დაცემის შემდეგ მსოფლიო პროპაგანდა სრულიად რუსულ ქაოსში შეაგდებს ლოზუნგს: „ყოფილი რუსეთის ხალხებო, დაიშალეთ!“ - მაშინ გაიხსნება ორი შესაძლებლობა: ან რუსეთის შიგნით შეიქმნება რუსული ეროვნული დიქტატურა, რომელიც აიღებს "ხელისუფლების სადავეებს" თავის ძლიერ ხელში, ჩააქრობს ამ დამღუპველ ლოზუნგს და წაიყვანს რუსეთს ერთიანობისკენ, ჩაახშობს ყველა სახის სეპარატისტულ მოძრაობას ქვეყანაში; ან ასეთი დიქტატურა არ ჩამოყალიბდება და ქვეყანაში დაიწყება წარმოუდგენელი ქაოსი: დანაწილება, შურისძიება, დარბევა, ტრანსპორტის ნგრევა, უმუშევრობა, შიმშილი, სიცივე და ანარქია“. ი. ილინი "რას უქადის მსოფლიოს რუსეთის დაშლა?"

რუსი გერმანლი

იმისთვის, რომ ურყევი მონარქისტი და პატრიოტ-ფილოსოფოსი გამხდარიყო, ილინს ყველა წინაპირობა ჰქონდა: დაიბადა მოსკოვში, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ნათლულის, გუბერნსკი სეკრეტარისა და ნაფიცი რწმუნებულის, ალექსანდრ ილინის ოჯახში. გარდა ამისა, დედამ, რუსმა გერმანელმა კაროლინა ლუიზამ „უზრუნველყო“ უცხოური წარმომავლობის მეორე ნაწილით, რაც ხშირად ხელს უწყობდა მასში პატრიოტიზმის მძაფრ განცდას, თუმცა თავის მსოფლმხედველობამდე ილინი მაინც დამოუკიდებლად მივიდა.

სტუდენტობის წლებში ილინი, მისი თანამედროვეების მოგონებების მიხედვით, იყო „რუსი გერმანელი“: ყველაზე მეტად აინტერესებდა გერმანული კლასიკური ფილოსოფია - კანტის, შელინგის, ჰეგელის შრომები, რომლებსაც თავისუფლად კითხულობდა ორიგინალში. მოგვიანებით სწორედ ჰეგელის ფილოსოფია დაედო საფუძვლად მის სამაგისტრო ნაშრომს, რომელმაც ლენინის ყურადღება მიიქცია და სიცოცხლე შეუნარჩუნა ავტორს, თუმცა მანამდე ჯერ კიდევ შორი იყო.

ვლადიმირ ლენინი, 1921 წ.

სტუდენტების უმეტესობის მსგავსად, 1905 წელს ილინი ვნებიანად თანაუგრძნობდა რევოლუციურ იდეებს და ისევე, როგორც უმეტესობა, 1906 წელს ისიც სრულად განიხიბლა „ამ სისულელისგან“ და დაუბრუნდა აკადემიურ საქმიანობას. ამბობენ, რომ გამოირჩეოდა ფანტასტიკური შრომისუნარიანობით, რაც სამაგალითო იყო სხვა სტუდენტებისთვისაც. „სიამოვნების მოლოდინში კბილებს ვაღრჭიალებ საწერ მაგიდასთან“, - წერდა ერთ-ერთ ადრეულ წერილში.

სწავლის დასრულების შემდეგ, ილინი, როგორც საუკეთესო სტუდენტი, უნივერსიტეტში დარჩა „პროფესორობისთვის მოსამზადებლად“, თან მასწავლებლად მუშაობდა ქალთა უმაღლეს კურსებზე, სადაც მომავალი მეუღლე, ნატალია ვოკაჩი გაიცნო. წყვილმა მალე იქორწინა... და პრინციპში ამით ამოიწურა კიდეც ილინის „პირადი ცხოვრება“ - მის ბიოგრაფიაში აღარ ყოფილა არც რომანები, არც ღრმა მიჯაჭვულობა და გატაცება, მემკვიდრეც კი არ დარჩა. მთელი დარჩენილი ცხოვრება პოლიტიკასა და ფილოსოფიას მიუძღვნა.

სიძულვილი

ილინის მსოფლმხედველობაში გადატრიალება, როგორც ჩანს, მოხდა 1914 წელს, მსოფლიო ომის დაწყებასთან ერთად. სავარაუდოდ, შინაგანი განხეთქილების მწვავე გრძნობა, რომელიც აუცილებლად უნდა გაჩენილიყო მასში „ორი სამშობლოს“ შეტაკების გამო (გერმანიაში, ომამდე, ილინმა რამდენიმე წელი გაატარა სამეცნიერო მივლინებაში, სადაც უსმენდა და კითხულობდა ლექციებს ჰაიდელბერგის, ფრაიბურგის, ბერლინისა და გეტინგენის უნივერსიტეტებში), საჭიროებდა არჩევანსა და სიცხადეს. ილინმა მტკიცედ აირჩია რუსეთი. მას სძულდა როგორც გერმანელების „ბურგერული“ ცხოვრების წესი, ასევე „ბურგერული“ ნახევარი საკუთარ თავში. ეს ყველაფერი ორმაგი ძალით უბიძგებდა მას რუსეთის იდეალიზაციისკენ, რუსი ხალხის „რჩეულობის“ იდეისკენ, რომელიც ჩამოაყალიბა კიდეც 1914 წელს დაწერილ პატრიოტულ სტატიაში ნიშანდობლივი სათაურით „ომის სულიერი აზრი“. ამ მომენტიდან სიკვდილამდე ილინი გვევლინება „სამართლიანი საქმის“ მუდმივ მებრძოლად და იდეოლოგად, ლიბერალური მსოფლიო წესრიგის ნებისმიერი ფორმის მტკიცე მოწინააღმდეგედ, რაც სავსებით შეეფერებოდა მის ხასიათს.

„ილინში განსაკუთრებული იყო იდეოლოგიური ოპონენტების სიძულვილის, ზიზღის, შეურაცხყოფის უნარი. სწორედ ამ, მხოლოდ ამ კუთხით იცნობდნენ მას იმ წლების მოსკოველები“, - იხსენებდა პოეტი და მთარგმნელი ევგენია გერციკი.

ურჩხულები ურჩხულების წინააღმდეგ

მემარჯვენე ფილოსოფიური აზრი რუსეთში - ეს არის ლაბირინთი დასახლებული ურჩხულებით, რომლებიც ყველგან ხედავენ მტრებს და, მეტიც, მუდმივად ეჯახებიან ერთმანეთს, მაგრამ ამ ლაბირინთს არ აქვს სახურავი, მის ზემოთ ლურჯი ცა და „ზეციური რუსეთის“ სახებაა, რომლისკენაც ურჩხულები დროდადრო ააღერებენ ხოლმე თავიანთ ნაღვლიანსა და სისხლიან სიფათებს. მსგავსი სურათი აღწერილია დანიილ ანდრეევის შიშისმომგვრელ „სამყაროს ვარდში“ და ეს მთლად მეტაფორაც არ არის. როდესაც აბსტრაქტული და მისტიკური იდეები სახელმწიფო მშენებლობის ნიადაგში ხვდება, როგორც წესი, სისხლი იღვრება ხოლმე, რასაც თვითონ ილინი ორჯერ შეესწრო: ერთხელ რუსეთში და ერთხელაც ნაცისტურ გერმანიაში, მაგრამ იდეების შეჯახება მას ყოველთვის უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე პირადი, ადამიანური ცხოვრება.

სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ ილინი საკუთარ თავზეც ავრცელებდა ამ ზიზღს პირადი, ადამიანური ხვედრის მიმართ. როდესაც ბოლშევიკური გადატრიალება მოხდა, მან უყოყმანოდ გამოუცხადა შეურიგებელი მტრობა ახალ რეჟიმს. რევოლუციიდან რაღაც სამი კვირის თავზე, გაზეთმა „რუსეთის უწყებებმა“ გამოაქვეყნა ილინის სტატია „გარდასულ გამარჯვებულებს“, რომელშიც ბოლშევიკების ნაჩქარევი დაღუპვა იწინასწარმეტყველა. 1918-1922 წლებში ილინი ექვსჯერ დააპატიმრეს. ათავისუფლებდნენ მხოლოდ ლენინის პირად ნაცნობთა შუამავლობით. ბოლოს ბელადს მობეზრდა ეს თამაშები და ბრძანა, ილინი სხვა შერისხულ ფილოსოფოსებთან ერთად, ორთქმავალ „ობერბურგომისტრ ჰაკენით“ გაეგზავნათ გერმანიაში, შორს მისი სიძულვილის ობიექტისგან.

ავი სიკეთე

მაგრამ მანძილს არ აქვს მეუფება ჭეშმარიტ გრძნობებზე. ბოლშევიკების სიძულვილი იქცა ილინის მთავარ მამოძრავებელ ძალად, რამაც საგრძნობად იმოქმედა მის ფილოსოფიაზე. ბერლინში რუსეთის სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორად გახდომის შემდეგ, მან მალე გამოაქვეყნა მრავალი ფილოსოფიური და პუბლიცისტური ნაშრომი, რომლებშიც რუსი ხალხის რჩეულობის იდეა მოულოდნელი სახით იქნა ინტერპრეტირებული ქრისტიანობის კონტექსტში. ილინის აზრით, მოყვასის სიყვარულის მცნება არ შეიძლება და არც უნდა გავრცელდეს ქრისტიანობის მტრებზე, რომელთა რიგებს მან პირველ რიგში ბოლშევიკები მიაკუთვნა. ბოლშევიკური იდეით მოტყუებული რუსი ხალხი უნდა დაუბრუნდეს თავის პირვანდელ, „სუფთა“ ბუნებას, რისთვისაც შესაძლებელი და საჭიროც კია სისხლის დაღვრა. 1925 წელს გამოცემულ წიგნში „ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ (ავტორი სათაურითაც კი კამათობს ტოლსტოის პაციფიზმთან), ეს საკითხი ილინმა განიხილა ფილოსოფიური თვალსაზრისით და დამაჯერებელ დასკვნამდე მივიდა, რომ „ბოროტების მტრობა არ არის ბოროტება“. ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ თავზარდაცემულმა ბერდიაევმა მაშინვე დაწერა კრიტიკული სტატია „ბოროტი სიკეთის კოშმარი“ , თუმცა ილინს ეს დიდად არ ანაღვლებდა, რადგან უკვე მყარად ადგა შეურიგებელი ბრძოლის ბილიკს, სადაც, ცხადია, მარტო არ იყო.

ათასობით თეთრგვარდიელი, რომელიც უცხოეთში აღმოჩნდა, იზიარებდა მის სიძულვილს ბოლშევიკების მიმართ. მალე ილინი გახდა თეთრი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, 1927 წელს კი დაიწყო ჟურნალ „რუსკი კოლოკოლის“ გამოცემა, რომლის მესამე ნომერში (1928 წ.) გამოაქვეყნა სტატია „რუსული ფაშიზმის შესახებ“. როგორც ამბობენ, სიტყვა ითქვა.

ფაშიზმი

ილინი უკიდურესად გულდაწყვეტილი იყო, რომ ფაშიზმის იდეები დაიბადა არა რუსეთში და არა იმიგრანტ თეთრგვარდიელებში, სადაც, მისი აზრით, ამ იდეების ჭეშმარიტი ადგილი იყო, არამედ იტალიაში, მუსოლინისთან. თუმცა, თავიდან ილინმა ენთუზიაზმით მიიღო ფაშიზმის გერმანული ვერსია, მით უმეტეს, რომ ეს იყო აშკარად გამოკვეთილი ანტიბოლშევიკური ძალა. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მან დაწერა სტატია „ნაციონალ-სოციალიზმი. ახალი სული“, რომელშიც საუბრობდა ახალი რეჟიმის მხარდაჭერის აუცილებლობაზე: „რაც ხდება გერმანიაში, არის უზარმაზარი პოლიტიკური და სოციალური გადატრიალება... გაფანტულია წინააღმდეგობის არგაწევის ლიბერალურ-დემოკრატიული ჰიპნოზი. სანამ მუსოლინი მიუძღვის იტალიას, ჰიტლერი კი გერმანიას - ვადა უგრძელდება ევროპულ კულტურასაც... “ ილინის პოზიცია სათანადოდ დააფასა ახალმა ხელისუფლებამ - რამდენიმე თვის შემდეგ ის დაინიშნა დირექტორად რუსეთის სამეცნიერო ინსტიტუტში, საიდანაც მალევე დაიწყო „არაკეთილსაიმედო“ რუსების გათავისუფლება.

ბენიტო მუსოლინი და ადოლფ ჰიტლერი. 1940 წ.

„თავიდან ვიშორებთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია მარქსიზმთან, სოციალ-დემოკრატიასა და კომუნიზმთან; თავიდან ვიშორებთ ინტერნაციონალისტებსა და ებრაელებს - ყველას, ვისთვისაც აშკარად მიუღებელია „ახალი სული“, - ღაღადებდა ილინი, თუმცა თვითონ გერმანელებსაც კი გადამეტებულად ეჩვენებოდათ ამგვარი კეთილსაიმედოობა და უკვე 1934 წელს თავად ილინიც გაუშვეს დირექტორის თანამდებობიდან. გესტაპომაც კი დაკითხა, რის შემდეგაც, ცოტა არ იყოს შეცბუნებული, გაათავისუფლეს. „ნაციონალ-სოციალიზმის მსახვრალი ხელი თავს დაატყდა მისსავე ერთგულ მხარდამჭერებს. ამას წინათ პოლიციის ავტომობილით დაკითხვაზე წაიყვანეს პროფესორი ი.ა. ილინი, ჰიტლერისადმი მიძღვნილი სახოტბო წერილის ავტორი”, - წერდა რუსი პუბლიცისტი იოსიფ გესენი, რომელიც მაშინ ბერლინში ცხოვრობდა.

ასე იყო თუ ისე, 1937 წლამდე კითხულობდა ლექციებს რაიხის დედაქალაქში (ძირითადად საუბრობდა ბოლშევიზმის საფრთხეებზე). მის საქმიანობას მაღალ შეფასებას აძლევდა გესტაპოს ხელმძღვანელი რუდოლფ დილსი, მაგრამ ილინმა, ისევე როგორც ბევრმა გერმანელმა ინტელექტუალმა, გადაწყვიტა დიდხანს არ დარჩენილიყო ბერლინში: ომის დაწყებამდე ფილოსოფოსმა ამჯობინა გადასულიყო უსაფრთხო შვეიცარიაში, სადაც არც ბოლშევიკური წითელი იყო და არც - ნაცისტური ყავისფერი.

ყველაფერი ორაზროვანია

1948 წელსაც კი, გარდაცვალებამდე ექვსი წლით ადრე, როდესაც ადამიანები, როგორც წესი, იწყებენ ხოლმე სულზე ფიქრსა და ზრუნვას, ილინის კალმიდან საოცარი სტრიქონები გამოდიოდა: „იტალიურმა ფაშიზმმა თავისებურად, რომაულად ამოთქვა ის, რაზეც იმთავითვე იდგა და შენდებოდა რუსობა: იდეა მონომახისა და სერგი რადონეჟელისა, იდეა რუსული მისიონერობისა და რუსული კოლონიზაციისა, იდეა მინინისა და პოჟარსკისა, იდეა სოციალური ფენების შენარჩუნებისა, იდეა პეტრე დიდისა და სუვოროვისა, იდეა რუსული არმიისა და თეთრი მოძრაობისა“.

„ფაშიზმი რთული, მრავალმხრივი ფენომენია და, ისტორიულად რომ ვთქვათ, ჯერაც არ ამოუწურავს თავისი თავი. მასში ერთდროულად არსებობს როგორც სიჯანსაღე, ასევე ავადმყოფობა, როგორც სიძველე, ასევე სიახლე, როგორც სახელმწიფოს დამცავი, ასევე დამღუპველი ელემენტები. ამიტომ მისი შეფასებისას საჭიროა სიმშვიდე და სამართლიანობა. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსი პატრიოტები კარგად გაიაზრებენ ფაშიზმისა და ნაციონალ-სოციალიზმის შეცდომებს და არ გაიმეორებენ მათ...“ - წერდა ილინი, როცა ოდნავ „შემცდარი“ გერმანია და იტალია ნანგრევებში იწვნენ.

თუმცა, ნანგრევებში იწვა თვითონ რუსეთიც და თითქმის მთელი დანარჩენი ევროპაც, ასე რომ, არავის აინტერესებდა ვიღაც რუსი ემიგრანტის, თუნდაც გერმანული ფილოსოფიის საუკეთესო სპეციალისტის, კერძო აზრი.

მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

საფლავშიც არ მოისვენა

ილინი საფლავიდან ამოთხარეს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) 2005 წელს, როდესაც მისი ნეშტი შვეიცარიის სასაფლაოდან დონის მონასტრის ნეკროპოლისში გადაასვენეს. მაშინდელ რუსეთში ერთიმეორის მიყოლებით ხდებოდა ცოცხლების თუ გარდაცვლილების სიკვდილისშემდგომი „დაბრუნებები“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სოლჟენიცინის დაბრუნება, რომელსაც უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ცნობილი ბროშურა „როგორ მოვაწყოთ რუსეთი“ - ნაწილობრივ დაწერილი ილინის იდეებთან პოლემიკაში. შესაბამისად, ისტორიის ბნელი საძვალეებიდან და ბიბლიოთეკების სათავსოებიდან გამოთავისუფლებულმა ამ იდეებმა დაიწყეს გაცოცხლება და ჰაერში ტრიალი. მართალია, ლენინი განაგრძობდა მავზოლეუმში მშვიდად წოლას, მაგრამ ისინი, ვინც მან რუსეთიდან „ფილოსოფიური ორთქლმავლით“ განდევნა, ერთმანეთის მიყოლებით ცდილობდნენ კომუნისტებისაგან გათავისუფლებული რუსეთის საუკუნის წინანდელი იდეების „დაუმთავრებელ თამაშში“ ჩართვას. ესენი იყვნენ კონსტანტინ ლეონტიევი, ვლადიმირ სოლოვიოვი, ნიკოლაი ბერდიაევი... და, ბოლოს, ივან ილინი, რომელზეც განსაკუთრებით ზრუნავდა რუსეთის საპატრიარქო, რადგან მასში ხედავდა „თავისიანს“, ქრისტიან სახელმწიფო მოღვაწეს, ძალაუფლების საკრალური მნიშვნელობის სასარგებლოდ მართლმადიდებლური ტრადიციების მქადაგებელს. ამიტომ, მისთვის და კიდევ ერთი „დაბრუნებული“ განდევნილისთვის, მწერალ ივან შმელიოვისთვის (რომელიც, სხვათა შორის, ოცნებობდა ჰიტლერის გამარჯვებაზე ბოლშევიკურ რუსეთთან ომში), გამოინახა ადგილები რუსეთის მთავარ ტაძარში.

ვლადიმერ პუტინი სასაფლაოზე, სადაც ივან ილინის ნეშტი გადაასვენეს. 2009 წ

თუმცა არაფერი მსგავსი არ მოხდებოდა, რომ არა პუტინი, რომელიც იდეოლოგ-კონსულტანტების თხოვნით თუ თავისით (ალბათ ასეც ხდება ხოლმე!) დაინტერესდა რუსული, სამამულო ფილოსოფიით. მაშინ ეს ნამდვილი სენსაცია იყო: რუსეთს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც კითხულობდა და არჩევდა ფილოსოფიურ წიგნებს! თავის „კარგ“ წლებში პუტინი თითქმის ყველა გამოსვლაში იყენებდა რუსი მოაზროვნეებისა და ისტორიკოსების ერთ-ორ ციტატას, მათ შორის ივან ილინისასაც, რომლითაც აშკარად იყო დაინტერესებული. ფილოსოფოსის ნაშრომებში ბევრი რამ შეიძლებოდა მოსწონებოდა პუტინს, მაგალითად, ასეთი პასაჟები:

„...ვისაც თავდაუზოგავად არ უყვარს თავისი ერის ბელადი და არ სწამს მისი, ის არ უგზავნის მას ერთგულების, ძალისა და შთაგონების სხივებს, ის არ „აკუმულირდება“ მასში და ამიტომაც ცხოვრებისეულად და შემოქმედებითად კარგავს მას; ამის გამოა, რომ მტრები ყოველთვის ცდილობენ დაასუსტონ და შეარყიონ ლიდერისა და ხელმწიფის პიროვნება ეჭვით, დაცინვით და ცილისწამებით“.

ყოველი შემთხვევისთვის, პრეზიდენტმა პუტინმა, ილინის ნეშტის დაბრუნების გარდა, ასევე გასცა განკარგულება, გამოესყიდათ აშშ-დან და რუსეთში ჩაეტანათ მთელი მისი არქივი, ასე ვთქვათ, აზრების „ქაღალდის ნეშტი“. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბევრმა პოლიტოლოგმა ივარაუდა, რომ სწორედ ილინის შრომები დაედებოდა საფუძვლად ახალ რუსულ იდეოლოგიას, რომელსაც პუტინი მრავალი წლის განმავლობაში ჩეკდა საკუთარ თავში ისე, როგორ კრუხი - ოქროს კვერცხს. და მიუხედავად იმისა, რომ „რუსული სამყაროს“ იდეა აშკარად სინთეზური იდეაა, ხოლო სიტყვა „ფაშიზმი“ რუსეთში კვლავაც დაღდასმულია, ვერავინ იტყვის, რომ პოლიტოლოგების ვარაუდი არ გამართლდა...

ვისი ცოცხი?

ხანდახან საქმე კომიკურობამდეც კი მიდიოდა. ილინის გავლენა პუტინზე იმდენად გაზვიადებული იყო, რომ პრეზიდენტის ყველა, თუნდაც უმნიშვნელო გადაწყვეტილება ფილოსოფიური შტუდირების შედეგად აღიქმებოდა. მაგალითად, 2006 წლის ივნისში, გენერალური პროკურორის ვლადიმირ უსტინოვის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, Gazeta.ru-ს ჟურნალისტებმა დაწერეს, რომ შესაძლოა პრეზიდენტის ეს „აუხსნელი“ გადაწყვეტილება პუტინის მიერ ილინის არქივისა და მასში დაცული „არაქრესტომათიული“ ნაშრომების წაკითხვის შედეგი იყო. განა ვის უყვარს რუსეთში პროკურორები, განსაკუთრებით კი გენერალური პროკურორები? „გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, იკითხეთ, კიდევ უფრო მეტი იკითხეთ!“ - აღფრთოვანებული მოუწოდებდა ჟურნალისტი პუტინს.

მაგრამ, სინამდვილეში, პრეზიდენტს ალბათ ძალიან ცოტა დრო აქვს. სავარაუდოდ, მან ყურადღებით წაიკითხა მხოლოდ ერთი წიგნი „ჩვენი ამოცანები“ და ილინის მოკლე ნაშრომი „რას უქადის მსოფლიოს რუსეთის დაშლა“ (რომელიც, პუტინის თქმით, რამდენჯერმე აქვს გადაკითხული). მართლაც, რა საჭიროა მეტი? ყველაფერი ნათქვამია მარტივად და პირდაპირ: როგორც მსოფლიოს „კულისებზე“, ასევე რუსეთის მხსნელ ფაშიზმზე, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, მუსოლინიმ გამოიყვანა ლათინური fasces-დან (წნელების შეკვრა, რომელიც ადვილად იმტვრევა სათითაოდ, მაგრამ მყარია ერთიანობისას). „ჩვენ ვიცით, რომ დასავლელ ხალხებს არ ესმით და ვერ იტანენ რუსულ თვითმყოფადობას... ისინი აპირებენ ერთიანი რუსული „ცოცხის“ დაყოფას „წნელებად“, სათითაოდ მათ დამტვრევას და მათი საშუალებით თავიანთი ცივილიზაციის მინავლული ცეცხლის გაღვივებას“, - წერდა ილინი 1948 წელს, ცივი ომის დაწყებისას.

მას შემდეგ სამყარო გასაოცრად შეიცვალა, მაგრამ პუტინი კვლავინდებურად სავსეა სიმტკიცით, არავის დაუთმოს ცოცხი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცოცხში ცხოვრება საკმაოდ მტვრიანია, რუსეთს სხვა დანიშნულებას, გარდა გეოპოლიტიკური უკანა ეზოებისა და ვადაგასული ფილოსოფიური აზრებით სავსე ურნების გამოგვისა, დღევანდელი ხელისუფლება არ სთავაზობს. წიგნების ასეთ წაკითხვას, ჯობდა, საერთოდ არ წაეკითხა.