მეტროში შშმ ბიჭზე მოძალადე პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

კადრი ვიდეოდან

თბილისის მეტროში არასრუწლოვან შშმ ბიჭზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძეს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მისთვის ბრალის დამტკიცებას 8 ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა მხარი, 4 კი წინააღმდეგი იყო.

ნაფიცმსაჯულების განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნუკრი ბაქრაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 5-წლიანი პატიმრობა ბრალად წაყენებული მუხლის ყველაზე მცირე სასჯელი იყო - მაქსიმალურ სასჯელად 10-წლიანი პატიმრობის გამოყენება შეეძლო მოსამართლეს. დაზარალებულის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

მასალა არქივიდან

პროკურორი: შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელები ბრალს არ აღიარებენ

პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა 2022 წლის 24 იანვარს გავრცელდა. ვიდეოკადრებში ჩანდა, როგორ სცემდა მეტროში პოლიციელი ბიჭს. მას უხსნიდნენ, რომ არასრულწლოვანს საუბარი არ შეეძლო.

"ეს ყრუ-მუნჯია?! რომ ავალაპარაკო ახლა?!" - ასე პასუხობდა პოლიციელი.

25 იანვარს გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამოძიების საფუძველზე დააკავეს პოლიციელი, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანის, შშმ მოზარდის ცემა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ასევე დაკავებულია პოლიციელი, რომელიც ფაქტს შეესწრო და ამის შესახებ არ აცნობა საგამოძიებო უწყებებს.

პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის (ძალადობის) ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 144 მესამე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა","ბ" და "ზ" ქვეპუნქტებით დააკავეს, მისი კოლეგა კახა ბაკაშვილი კი, რომელმაც დანაშაული არ შეატყობინა სამართალდამცავებს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.

14 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული პატრულ-ინსპექტორი კახა ბაკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს მოსამართლემ სასჯელის ზომად 6-თვიანი პირობითი მსჯავრი და 1-წლიანი გამოსაცდელი ვადა განუსაზღვრა.

ასევე ნახეთ

მეტროში არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე ბრალდებული ერთ-ერთი პოლიციელი გათავისუფლდა