გუდაურთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველების და ექიმების დაღუპვას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის ოჯახებს და მეგობრებს მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო. ამერიკის შეერთებული შტატების მთელი გუნდი პატივს მიაგებს მათ მიერ აღებული ვალდებულებისადმი ერთგულებას, დაიცვან საქართველოს უსაფრთხოება", - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
დღეს, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. განცხადების თანახმად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ექვსი იყო შსს-ს თანამშრომელი, ხოლო ორი - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების.
მინისტრის თქმით, პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი ცოცხალი გადარჩა და დაშავებულია. მასთან ერთად მფრინავი უცხოელი ტურისტი კი დაიღუპა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.