მედვედევის გვერდი საქართველოს შესახებ პოსტით, "გატეხილად" გამოაცხადეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ პოსტი, რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თანაშემწე ოლეგ ოსიპოვი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში ВКонтакте დმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს.

კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტოებმა, „ტასს“-მა და „ინტერფაქს“-მა გაავრცელეს ოსიპოვის ოფიციალური კომენტარი, რომ იმას, თუ ვინ გატეხა გვერდი და იქ პოსტი დაწერა, "გაარკვევენ სოციალური ქსელის ადმინისტრაცია და ვისაც ეს ევალება".

ასევე ნახეთ მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომ საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში ВКонтакте, წუხელ გამოქვეყნდა პოსტი, რომლის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფოა“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.

მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის პოსტის „სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობდა, რომ გვერდი გატეხეს.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პარტია "ედინაია როსია"-ს თავმჯდომარე დმიტრი მედვედევი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, განსაკუთრებულად პროვოკაციული და აგრესიული საჯარო განცხადებებით გამოირჩევა. მედვედევი სარგებლობს სოციალური ქსელებით ВКонтакте და Telegram.

ასევე ნახეთ რატომ აიწყვიტა მედვედევმა?

2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების დროს, დმიტრი მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, მან საქართველოს ორი ტერიტორია - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.