8 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დააკავა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები, რომლებიც, მისი მონაცემებით, გეგმავდნენ თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის, მკვლელობებს, იტყობინება უკრაინის სპეცსამსახური.
SBU-ს ცნობით, სამართალდამცავებმა გაანეიტრალეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი.
"თავდამსხმელები ემზადებოდნენ თავდაცვის მინისტრისა და ჩვენი სახელმწიფოს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ასევე ცნობილი უკრაინელი აქტივისტის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის. თითოეული მათგანის მკვლელობისთვის რუსი "კურატორები" შემსრულებლებს 100-დან 150 ათას დოლარამდე ფულად ჯილდოს შეჰპირდნენ", - აცხადებენ დეპარტამენტში.
დივერსიული ჯგუფის შემადგენლობაში, უკრაინის დაზვერვის თანახმად, შედიოდა ოკუპირებული ლუგანსკის მკვიდრი, რომელსაც შეკვეთილი მკვლელობისათვის შემსრულებლის მოძებნა ევალებოდა.
რუსეთს ამ ცნობაზე ჯერ რეაგირება არ მოუხდენია.