რატი ბრეგაძე: ირაკლი ღარიბაშვილი იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი

რატი ბრეგაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ არასწორია კითხვის დასმა იმის შესახებ, რატომ საუბრობდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის ომის წლისთავთან დაკავშირებულ ფეისბუქპოსტში აფხაზეთის 14-წლიან ოკუპაციაზე, როცა ამ თარიღიდან ბევრად დიდი დროა გასული. ის თვლის, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ისტორიაც კარგად იცის, ღირსეული პიროვნებაც არის და ამ ქვეყნის საუკეთესო თავდაცვის მინისტრიც იყო, შესაბამისად, საუბარი მისი განცხადებების მართებულობის შესახებ, არასწორად მიაჩნია.

"ირაკლი ღარიბაშვილი იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული თავდაცვის მინისტრი. დამერწმუნეთ, მან ძალიან კარგად იცის საქართველოს ისტორია და ძალიან ბევრი რამ გააკეთა თავდაცვის ძალებისთვის - ნებისმიერ სამხედროს შეგიძლიათ ამის შესახებ ჰკითხოთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული ადამიანი, ვისაც ვიცნობ. მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს მან რაიმე განცხადება შეგნებულად გააკეთა, არის ყოვლად დაუშვებელი. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მას ძალიან ბევრი აქვს ამ ქვეყნისთვის და თავდაცვის ძალებისთვის გაკეთებული", - ასე უპასუხა დღეს ჟურნალისტის კითხვას რატი ბრეგაძემ იმის შესახებ, ტექნიკური შეცდომა იყო პრემიერის პოსტი თუ არ იცის ირაკლი ღარიბაშვილმა, რამდენი წელია საქართველო ოკუპირებული?

ასევე ნახეთ

რატომ ამბობს პრემიერი, რომ აფხაზეთი 14 წელია ოკუპირებულია - ვიცე-პრემიერის პასუხი

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერდა, რომ "14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული". აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულია ათეული წლებია. ომი 1992 წლის აგვისტოში დაიწყო და რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მას შემდეგ ქვეყნის ეს ნაწილი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება და ჰყავს დე ფაქტო მმართველები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოღალატეებს უწოდებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა მუშაობის დროსაც საქართველოში ომი მოხდა. მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროები არიან დაკრძალული, თქვა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას სურს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა.

ასევე ნახეთ

ირაკლი ღარიბაშვილი: მოღალატეებმა ომი ვერ და არ ააცილეს ჩვენს ქვეყანას

დღესვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიას უთხრა, რომ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები 2008 წლის ომის შესახებ ადასტურებს იმას, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებაში სრულიად მართალი იყო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ როგორც ჰააგის, ისე სტრასბურგის სასამართლოებმა გადაწყვეტილებები აგვისტოს ომის საქმეებზე 2012 წლის შემდეგ, ანუ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს, რაც იუსტიციის მინისტრის აღქმით, მოქმედი მთავრობის დამსახურებაა.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო იყო თავიდან ბოლომდე მართალი როგორც ამ ომში, ისე ნებისმიერი სხვა სამხედრო აგრესიების დროს. სიმართლე არის საქართველოს მხარეს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება კვლავ ბრძოლა. ყველა ჩვენთაგანი მზად არის, ეს ბრძოლა მიიყვანოს ბოლომდე, რათა ჩვენი საწადელი იყოს მიყვანილი ბოლომდე, რაც ნიშნავს საქართველოს სრულ დეოკუპაციას და საქართველოს სუვერენიტეტის გავრცელებას ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე", - უთხრა დღეს მედიას რატი ბრეგაძემ.

ასევე ნახეთ

ერთი ომის ორი თარიღი

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.

ასევე ნახეთ

ადამ კინზინგერი საქართველოზე: 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა