ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის 80 კმ-ის მანძილზე მოქმედ უფრო მეტ რეაქტიულ სისტემას და რაკეტებს

ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარი მოქმედებაში

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის უფრო მეტ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარს, რომლებსაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლიათ, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.

მისივე თქმით, იარაღის მიწოდება უკრაინას რუსული მძიმე არტილერიისგან თავის დაცვაში დაეხმარება.

"ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა ძალიან მკაფიო გზავნილია: ბრიტანეთი და საერთაშორისო საზოგადოება ამ უკანონო ომის წინააღმდეგია და გვერდით დაუდგება უკრაინას თავდაცვითი სამხედრო იარაღით, რათა დაეხმაროს მას პუტინის რუსეთის შეჭრისგან თავის დაცვაში", - დასძინა ბრიტანელმა მინისტრმა.

ერთი დღით ადრე, BBC-ს კომენტარში, კოპენჰაგენში, უკრაინის დახმარების საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფნისას, ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ ლონდონი კიევს დამატებით კიდევ 3 ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარს და "მნიშვნელოვანი" რაოდენობის რაკეტებს გადასცემს.