ჩინეთი რუსეთში ჯარის ნაწილებს გაგზავნის ერთობლივ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის

ჩინეთმა განაცხადა, რომ რუსეთში ჯარის ნაწილებს გაგზავნის ერთობლივ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის. მათ გარდა სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ინდოეთი, ბელარუსი, მონღოლეთი და ტაჯიკეთი.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ერთობლივ სწავლებაში მონაწილეობა „არ არის დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონულ ვითარებასთან,“ რითაც იგულისხმა რუსეთის შეჭრა უკრაინაში.

სწავლება არის ნაწილი ორმხრივი ყოველწლიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებისა, ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის ხელმძღვანელობით და ჩინეთის მონაწილეობით მსგავსი სამხედრო სწავლება რამდენჯერმე ჩატარდა გასულ წლებში. „მიზანია პრაგმატული და მეგობრული თანამშრომლობის გაღრმავება მონაწილე ქვეყნების ჯარებს შორის, სტრატეგიული თანამშრომლობის დონის ამაღლება, უსაფრთხოებისათვის სხვადასხვა სახის მუქარაზე რეაგირების უნარის გაძლიერება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ჩინეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც თავი აარიდეს სანქციების შემოღებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

გასულ თვეში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის ჩინელ კოლეგას უთხრა, რომ არ იღებს ჩინეთის განცხადებას, რომ მას ნეიტრალური პოზიცია უკავია უკრაინის კონფლიქტში, და თქვა, რომ ვაშინგტონი „შეშფოთებულია რუსეთთან [ჩინეთის] კავშირით“.