ივნისში რუსების მიერ უცხოეთში გატანილი ვალუტის მოცულობა სარეკორდოა 2018 წლის შემდეგ

2022 წლის ივნისში რუსეთის მოქალაქეებმა უცხოეთის ბანკებში 4,7 მილიარდი დოლარი გადარიცხეს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2018 წლის შემდეგ, მას მერე, რაც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ამის თაობაზე მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ RBC იტყობინება.

გატანილი თანხა 10%-ს შეადგენს რუსების უცხოურ ანგარიშებზე არსებული თანხების სრული მოცულობისა. 1 ივლისის მონაცემებით, უცხოეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეები ინახავდნენ 44,7 მილიარდ დოლარს. 2022 წლის მაისთან შედარებით ქვეყნიდან გატანილი სახსრების მოცულობა გასამმაგდა.

წინა რეკორდი 2022 წლის თებერვალში დაფიქსირდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის თვეში რუსებმა უცხოეთში გაიტანეს 4,3 მილიარდი დოლარი. ყველა მაჩვენებელი მოტანილია საანგარიშო თვეში დოლარის საშუალო კურსის გათვალისწინებით.

Gazprombank Private Banking-ის მმართველი დირექტორი ეგორ სუსინი მიიჩნევს, რომ უცხოურ ანგარიშებზე გადარიცხვების ზრდას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი. ჯერ ერთი, დოლარებისა და ევროების შიდა ბაზარზე განთავსება წამგებიანი გახდა. მეორე მხრივ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შეარბილა უცხოეთში გადარიცხვებთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დააწესა.

რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ამის შემდეგ მკაცრი შეზღუდვები შემოიღო ქვეყნის შიგნით ვალუტის მიმოქცევასა და ქვეყნის გარეთ მის გატანაზე.

სულ, ცენტრალური ბანკის ცნობით, სავალუტო ანგარიშებზე რუსეთის მოქალაქეთა ქონება 19,4 მილიარდი დოლარით შემცირდა, რაც ვალუტის საერთო მოცულობის 20%-ზე მეტია. ამასთან, მოსახლეობაში ნაღდი ფულის სახით არსებული ვალუტის მოცულობა 11,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა, უცხოურ ანგარიშებზე კი - 14,1 მილიარდი დოლარით.